ავთანდილი და ვარლამი - ოქრო ! ამირანი და ადამი - ვერცხლი !

26 აპრილი 2014

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში. ქართველი კიმონოისტების გამოსვლა ერთადერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს - შესანიშნავი ! იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი გუნდი ინდივიდუალურ ასპარეზობაში არასრული შემადგენლობით იყო და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილე არ გვყავდა, მოპოვებული ოთხი მედალი, თანაც აქედან ორი უმაღლესი ხარისხის, ურიგო შედეგად ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს.

ირაკლი უზნაძის გუნდმა, ევროპის ჩემპიონატი, ამირან პაპინაშვილის (60კგ) ვერცხლის მედლით გახსნა. ქართველი სპორტსმენისთვის ოქროს მედალიც ალალი იქნებოდა, მაგრამ ფინალში რუს ბესლან მუდრანოვთან დასანანი მარცხი იწვნია.

მეორე საშეჯიბრო დღეს, მონპელიეს დარბაზში, ავთანდილ ჭრიკიშვილის (81კგ) საპატივცემულოდ საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. ჩვენი ქვეყნის 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ყველა მეტოქეს ბდღვირი ადინა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მერვედფინალში რუს სირაჟუდინ მაგომედოვთან შეხვედრა, რომელიც ულამაზესი გდებით გააკრა ტატამზე, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელთა ჯილა ლორინ პიეტრი დაამარცხა და შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ნიშანდობლივია, რომ ჭრიკიშვილმა საჩემპიონო გზაზე, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველ რომან მოსტოპულოსსაც მოუგო, რომელიც ცნობილი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟია.

ყველაზე უხვმოსავლიანი, ჩვენთვის, ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი საშეჯიბრო დღე გამოდგა და დარბაზში შეკრებილი მაყურებელი საქართველოს ჰიმნს ფეხზე კიდევ ერთხელ წამოუდგა.

ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) ისე იჭიდავა, როგორც ფავორიტს შეეფერებოდა და საბოლოო წარმატება ეჭქვეშ წუთითაც არ დაუყენებია. ლიპარტელიანმა უკრაინელი, ლიტველი და უნგრელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში რუს კირილ ვოპროსოვს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ვარლამ ლიპარტელიანისთვის ეს მეექვსე კონტინენტის პირველობა იყო და არცერთ შემთხვევაში უმედლოდ არ დარჩენილა (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ადამ ოქრუაშვილსაც (+100კგ), თუმცა მან ფინალში სახელგანთქმულ ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერს ვერაფერი მოუხერხა.