კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება

04 მაისი 2014

3 მაისს, ქალაქ ფრანკფურტში გამართულ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის კონგრესზე ქართული სპორტისთვის კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა მოხდა. საქართველო, 2016 წელს, მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.ნიშანდობლივია, რომ „სპორტის დედოფალში" კონტინენტის პირველობა ახალგაზრდათა შორის პირვლეად სწორედ 2016 წელს ჩატარდება და ჩვენი ქვეყანა ისტორიაში ამითაც შევა.

თავდაპირველად, ამ უფლების მოსაპოვებლად 7 ქვეყანა იბრძოდა, გაცხრილვის შედეგად კი 3 ლიდერი გამოიკვეთა - საქართველო, იტალია და სლოვაკეთი. თუმცა თებერვლის ინსპექტირების შემდეგ ბრძოლას ეს უკანასკნელიც ჩამოშორდა.

საბოლოოს, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა და საქართველომ კონკურენტი იტალია 12 ხმით ხუთის წინააღმდეგ დაამარცხა.

2016 წელს, საქართველოს დედაქალაქს 1300 მდე სპორტსმენი და 700 მდე ოფიციალი პირი ეწვევა.. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება ,რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.