თავისუფალი მეკი !

07 მაისი 2014

 

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში, სადაც ჭაბუკებში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოს ყულაბა ნანჯინგის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთი ლიცენზიით შეივსო. კონტინენტის პირველობაზე, „ნანჯინგი 2014"-ის საგზური მხოლოდ ფინალისტებზე გაიცემა, თუმცა რაოდენობა კვოტირებულია და თავისუფალშიც და ბერძნულ-რომაულშიც ქვეყანაზე მხოლოდ ორ-ორი საგზური გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებულთა შორის სახელმწიფოს ორზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება,(მაგალითად აზერბაიჯანი, 4 საგზური) მაშინ მათგან სასურველ 2 ფალავანს სამწვრთნელო შტაბი აარჩევს.

სამწუხაროდ, სამოკოვოში გაშლილ საჭიდაო ხალიჩებზე ჩვენთვის მოვლენები ისე არ განვითარდა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელებს საქმე ასარჩევად ჰქონდეთ.

მეკი სიმონია (76კგ) აღმოჩნდა ის ერთადერთი ფალავანი, რომელმაც აგვისტოში, ჩინეთში გასამართ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩვენებურმა, საწყის ეტაპზე სლოვაკ, გერმანელ, უნგრელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს მიჯრით მოუგო და ფინალში გასვლით ნანჯინგის ლიცენზიაც გაინაღდა.

ნახევარი ხელის გაწვდენაზე იყო მეორე საგზურიც, თუმცა გივი მაჭარაშვილმა (100 კგ) იგი შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაკარგა. ფინალში გადასასვლელ მატჩში მაჭარაშვილი მოლდოველ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად ამარცხებდა, მაგრამ ყურადღება წამიერად მოადუნა და ფინალიც და ლიცენზიაც ხელიდან გამოეცალა.

10-11 მაისს, საქმეში ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან.