ესტერ სტამი: დარწმუნებული ვარ სწორი გადაწყვეტილება მივიღე !

08 მაისი 2014

სულ მალე, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას საკმაოდ გამოცდილი და ტიტულიანი ჰოლანდიელი სპორტსმენი ესტერ სტამი დაიცავს. ეჭვგარეშეა, რომ ტიტების ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენ ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე დიდ დახმარებას გაუწევს. მას მოგებული აქვს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი (პარიზი, 2003), არის ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და არაერთი მსოფლიო თასის და გრან-პრის გათამაშების გამარჯვებული.

ესტერ სტამი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსაც სტუმრობდა. დაათვალიერა სეოკ-ის მუზეუმი და ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელს შეხვდა.

„თბილისი ლამაზი ქალაქია, ხალხიც ძალზედ სტუმართმოყვარე. დარწმუნებული ვარ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას დავთანხმდი. თქვენი ძიუდოს სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. მართალია, ქალთა გუნდი შედარებით მოიკოჭლებს, მაგრამ არიან ნიჭიერი ძიუდოისტები და ვეცდები ჩემი გამოცდილება გავუზიარო.
ჰოლანდიაში უდიდესი კონკურენციაა, განსაკუთრებით ჩემს წონით კატეგორიაში (70კგ), სადაც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი კიმ პოლინი ასპარეზობს. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის რატომაც გადავწყვიტე სხვა ქვეყნის დროში ქვეშ გამოვსულიყავი.

იმედი მაქვს, ტატამზე საქართველოს სახელით ასპარეზობის უფლებას მალე შევძლებ. მთავარი მიზანი კი რა თქმა უნდა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა" - აღნიშნა ესტერ სტამმა.