ანდრეი მეიერი: სპორტით საამაყო მართლაც ბევრი გაქვთ !

16 მაისი 2014

თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, ევროპის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი მეიერი და ვიცე-პრეზიდენტი იან ხრონეკი იმყოფებიან. სპორტის ეს სახეობა, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაშია და სტუმრებიც უმთავრესად „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო საკითხებით ინტერესდებიან.

ფრენბურთის ევროპელი მაღალჩინოსნები, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ეწვივნენ და სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვსა და ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელს შეხვდნენ.

„ფრენბურთი ლამაზი სახეობაა და მიმდევრებიც ბევრ ქვეყანაში ჰყავს. საქართველოსაც ჰყავს ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთში, ისე კი, მართალია, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი სპორტული შედეგებითა და ტრადიციებით შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. 34 ოლიმპიური ჩემპიონიც ამის ნათელი დადასტურებაა.

„თბილისი 2015" ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გარკვეული გამოცდილება კი გვაქვს, მაგრამ ასეთ მასშტაბურ ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. დიდი სურვილი გვაქვს ორგანიზაციული მხარის გარდა, სპორტული შედეგების კუთხითაც კარგად წარმოვჩინდეთ. დარწმუნებული ვართ, მაყურებელთა აქტივობაც გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს წინა ფესტივალებზე დაფიქსირდა" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

როგორც მოსალოდნელი იყო ანდრეი მეიერმაც ძირითადი ყურადღება „თბილისი 2015"-ის მზადებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ევროპის ფრენბურთის ფედერაციას EYOF-თან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის თანახმადაც, თბილისის ფესტივალზე, ევროპიდან მხოლოდ უძლიერესი გუნდები ჩამოვლენ.

„თქვენ დიდად არ უნდა განიცდიდეთ, რომ პატარა ქვეყანა ხართ, რადგან სპორტით საამაყო მართლაც ბევრი გაქვთ. ჩემს სამშობლოს (ლუქსემბურგი), მხოლოდ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და ისიც შორეულ 1952 წელს ჰელსინკში.

მერწმუნეთ, „თბილისი 2015"-ის მაღალ დონეზე ჩატარება მხოლოდ თქვენს ინტერესებში არ შედის, ეს ჩვენი სურვილიცაა. ამიტომ მზად ვართ შეძლებისდაგვარად მხარშიც ამოგიდგეთ. დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია, ევროპის ფედერაციიდან ტექნიკური პერსონალიც გამოვგზავნოთ დასახმარებლად" - დასძინა ანდრეი მეიერმა.