ჟანი გარსია: საქართველოში მძლეოსნობის წინსვლა აშკარაა !

20 მაისი 2014

თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჟანი გარსია იმყოფება, რომელსაც მასპინძლობას ბუნებრივია, საქართველოში სპორტის ამ სახეობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი უწევს.

შეიძლება ითქვას, რომ ფრანგი ჩინოვნიკის სტუმრობა, მის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. მომავალ წელს, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ჟანი გარსიასაც ამ ორგანიზაციის თავკაცობა ამოუჭრია გულში.

„საქართველოში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ. თბილისში, რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფებოდი. მაშინ, ალექსი ახვლედიანი თქვენი ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელად ახალი არჩეული იყო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გავაფორმეთ.

დავათვალიერე ოლიმპიური მუზეუმი და ქართველ სპორტსმენთა მიღწევებით მოხიბლული დავრჩი. რაც შეეხება უშუალოდ მძლეოსნობას, ვხედავ, რომ დროთა განმავლობაში იგი საქართველოში სულ უფრო და უფრო ვითარდება" - განაცხადა ჟანი გარსიამ სეოკ-ში ლერი ხაბელოვთან შეხვედრისას.

სეოკ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძლეოსნობა, ტანვარჯიში და ცურვა არის სპორტის მთავარი ღერძი და ყველაზე მეტად ამ სახეობების განვითარებაა საჭირო. მისი თქმით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იყო საშიშროება „თბილისი 2015"-ის მზადების კუთხით სერიოზული რყევები დაწყებულიყო, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად ასე არ მოხდა და იმედი გამოთქვა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

შეხვედრის დასასრულს, ლერი ხაბელოვმა ჟანი გარსიას ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.