ნანჯინგში 12 სპორტსმენით !

16 ივნისი 2014

საქართველო, ნანჯინგის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სტარტს 16 აგვისტოს აიღებს, 12 სპორტსმენით გამოვა.

სალიცენზიო მარათონის მიწურულს, ქართველ სპორტსმენთა მონაგარი მძლეოსნებმა შეავსეს, რომლებმაც 4 საგზური მოიპოვეს და ჩინეთში გასამართ ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზეც, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები, ყველაზე დიდი გუნდით სწორედ„ სპორტის დედოფალში" წარსდგება.

მძლეოსნობაში, „ნანჯინგი 2014"-ის სალიცენზიო ტურნირი ივნისის დასაწყისში ბაქოში გაიმართა და ჩვენმა ახალგაზრდა ათლეტებმაც სწორედ იქ იყოჩაღეს, თუმცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან ოფიციალურ წერილობით დასტურს ელოდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში, სადაც 44 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ თავი გამოიჩინეს და ნანჯინგში გასამგზავრებელი საგზურები მოიპოვეს სიგრძეზე მხტომელმა მარიამ ძაგნიძემ (მე-4 ადგილი), სამმაგ ხტომაში გოგა მაღლაკელიძემ (მე-7 ადგილი), ბირთვის კვრაში გიორგი მუჯარიძემ (მე-8 ადგილი) და უროს მტყორცნელმა გიორგი ონიანმა (მე-9 ადგილი).

ამრიგად, რიგით II ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საქართველო, სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბატუტზე ხტომა, ცურვა, მძლეოსნობა, კრივი, ფარიკაობა) 12 ათლეტით იასპარეზებს.