„ოლიმპიური დღე“ და მასობრივი გარბენი

22 ივნისი 2014

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, დღეს თბილისში, ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ მასობრივ გარბენში. „ოლიმპიურ დღეს" მთელი მსოფლიო აღნიშნავს და იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებას უკავშირდება.

თბილისის ფილარმონიიდან მშვიდობის ხიდამდე სხვებთან ერთად ირბინე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მისმა მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შოთა ხაბარელმა და ვახტანგ ბლაგიძემ, სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციათა ხელმძღვანელებმა, თბილისში სტუმრად მყოფმა უცხოელმა ტურისტებმა, რამოდენიმე საელჩოს წარმომადგენელმა და ა.შ.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იყო, ხოლო მის მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა და ქალაქის მუნიციპალიტეტმა, გენერალური სპონსორი კი კომპანია „samsung" გახლდათ, რომელმაც საუკეთესო ხუთეულს სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადასცა.

მძლეოსნური გარბენის ყველაზე პატარა მონაწილე 4 წლის შოთიკო ხაბარელი იყო, ასაკოვანი კი მირცვოლდ ვოლფგანი.

ფინიშთან პირველი თემურ ბოკეევი (8.15.50) მივიდა, მეორე ადგილი შარშანდელმა გამარჯვებულმა გიორგი შეკრელიძემ (8.52.03) დაიკავა, მესამეზე დავით აბესაძე (9.34.13) გავიდა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი რიყეზე შედგა და ისედაც კარგი დღე კიდევ უფრო გაალამაზეს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან არსებულმა ანსამბლმა „კავკასიონმა" და ჩერლიდინგის მხარდამჭერთა ფედერაციამ.

„ოლიმპიური დღე", დედაქალაქს გარდა, ფართოდ აღინიშნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.