სინგაპურიდან ნანძინამდე - 12 ლიცენზია სპორტის 7 სახეობაში

23 ივნისი 2014

მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ჯერ სასკოლო ასაკშიც არ არის, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ საყმაწვილო სპორტულ შეჯიბრებებს შორის ყველაზე პრესტიჟული ფორუმია. ეს მისი სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახალგაზრდულ ოლიმპიადას სათავე 2010 წელს დაუდო, როცა სინგაპურში პირველი თამაშები გაიმართა.

წლევანდელი შეჯიბრების პროგრამაში სპორტის 30 სახეობა შედის და მოზარდებისთვის თავის გამოჩენის და დიდ სპორტში გზის გაკვალვისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.

მეორე თამაშებს 16-28 აგვისტოს ჩინეთის 8-მილიონიანი ქალაქი ნანძინი უმასპინძლებს. სოკ-ის მოთხოვნით და საერთაშორისო ფედერაციების დასტურით, უმეტეს სახეობებში მონაწილეთა რაოდენობა ძალზე შეიზღუდა, შესაბამისად, გაძნელდა ლიცენზიების მოპოვება (მაგალითად, ძიუდოში ერთ ქვეყანას მხოლოდ თითო სპორტსმენი ქალისა და ვაჟის წარდგენის უფლება აქვს). მიუხედავად ამისა, წინა თამაშებთან შედარებით (სინგაპურში მხოლოდ ხუთი მონაწილე გვყავდა _ ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ცურვა), ნანძინში 7 სახეობაში 12 სპორტსმენით წარვსდგებით.

სალიცენზიო ტურნირები ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 15 ივნისს დასრულდა. ქართველი ახალგაზრდები საგზურების მოპოვებას სპორტის 15 სახეობაში ცდილობდნენ.

ნანძინში საქართველოს სახელით იასპარეზებენ: მარიამ ჯანაშვილი (ძიუდო), თამაზ კირაკოზაშვილი (ძიუდო), მექი სიმონია (თავისუფალი ჭიდაობა), ივერიკო ჯულაყიძე (თავისუფალი ჭიდაობა), მარიამ ძაგნიძე (მძლეოსნობა), გოგა მაღლაკელიძე (მძლეოსნობა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა), გიორგი ონიანი (მძლეოსნობა), გიორგი ხარაბაძე (კრივი), აკაკი ვაშაკიძე (ცურვა), თეონა ჯანჯღავა (ბატუტზე ხტომა), ნიკა შენგელია (ფარიკაობა).

ნანძინში წინამორბედთან შედარებით საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდი გვეყოლება, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა სპორტული შედეგების გაუმჯობესება ( სინგაპურში მხოლოდ ერთ ბრინჯაოს მედალს დავჯერდით, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ირაკლი მოსიძემ მოიპოვა).

თავისთავად ნათელია, თუ რა იქნება პროგრამა მინიმუმი ნანძინში. ცხადია, მაქსიმუმის გაკეთებასაც უნდა ვეცადოთ.

25 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში შედება შეხვედრა „ნანძინი 2014"-ის ლიცენზიანტებთან, მწვრთნელებთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან.