მედიაფესტივალი: „ბაჩოს თასი" მეოთხედ ჩატარდა

01 ივლისი 2014

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით, 29 ივნისს, კვირას, სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელობის ტრადიციული მედიატურნირი მეოთხედ ჩატარდა.

ტელე და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, ასევე ბაჩო სვანიძის მეგობრების ნაკრები ფეხბურთსა და კალათბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. საფეხბურთო ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მინი-სტადიონმა უმასპინძლა, საკალათბურთო შეჯიბრებას კი ვაკის პარკში მდებარე მოედანმა. „ბაჩოს თასი 2014"-ის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და კომპანია „ნატახტარი".

საფეხბურთო ტურნირი, შარშანდელის დარად, ბაჩოს მეგობრების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მათ გაზეთ სარბიელის ნაკრები პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხეს. ძირითადი დრო ფრედ 5:5 დასრულდა. მესამე ადგილი პრესმედიელებმა დაიკავეს, რომლებმაც ტელემედიის გუნდი დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბაჩოს მეგობრების ნაკრების ლიდერი ზურაბ მიგრიაული აღიარეს, საუკეთესო ბომბარდირი კი პრესმედიის ნაკრების თავდამსხმელი პაპუნა ფირალიშვილი გახდა. ბაჩოს თასი 2014-ის საუკეთესო მეკარის პრიზი გოჩა თანდარაშვილს გადაეცა (პრესმედია), საუკეთესო მცველად ლაშა გოდუაძე დასახელდა (სარბიელი), საუკეთესო თავდამსხმელად კი ოთო მხეიძე (ბაჩოს მეგობრები).

გამარჯვებულებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური გამოცემა „სპორტი და ახალგაზრდობა", საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წიგნები „ბაჩო სვანიძე - ღიმილის ბიჭი" და „რამაზ შენგელია", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველთვიური ჟურნალი „ნომერი 1", „მსოფლიო სპორტის" ეგიდით გამოცემული ჟურნალები და წიგნი „მსოფლიო თასის ისტორია" გადაეცათ, ასევე სამახსოვრო მაისურები და აქსესუარები. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

საკალათბურთო ტურნირში (ქუჩის კალათბურთი 3X3-ზე) არაერთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ კი გამოვლინდა ორი გუნდი, რომელიც 12 ივლისს მთავარი პრიზისთვის ითამაშებს - ბაჩო სვანიძის სახელობის თასს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ნაკრები და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გუნდი გაითამაშებს. ასევე გამოვლინდა მესამე ადგილოსანი გუნდი - ოლსპორტის ნაკრები, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში "ბაჩოს მეგობრები" დაამარცხა.

"ბაჩოს თასის" ფინალური მატჩი 12 ივლისს საქართველოს 3/3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მსვლელობის დროს ჩატარდება. "ბაჩოს თასის" საკალათბურთო ტურნირის ფინალისტებმა კალათბურთის ფედერაციის მხრიდან მაისურები მიიღეს, რომლითაც ფინალურ მატჩს ითამაშებენ. გამარჯვებულ გუნდს კი ბაჩოს თასთან ერთად, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა.

2 ივლისს, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბაჩო სვანიძისადმი მიძღვნილი წიგნის „ღიმილის ბიჭი" - პრეზენტაცია შედგება. გამოცემა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოამზადა.