ლერი ხაბელოვი - 50

04 ივლისი 2014

ის დიდი ჩემპიონიც არის და ქართული სპორტის დიდი მოამაგეც. 

მან სპორტში ყველა სიმაღლე დალაშქრა და ყველა ტიტული მოიპოვა. 

მან სპორტში უფრო მეტი გააკეთა, ვინემ მის ყველაზე ერთგულ გულშემატკივარს შეეძლო წარმოედგინა. 

გამოჩენილი სპორტსმენები ჩვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ არა მარტო უმაღლეს ზღვარს მიღწეული ოსტატობით, იშვიათი ფიზიკური ძალით თუ მედლების სიმრავლით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ხასიათის სიმტკიცით, შეუდრეკელი ნებისყოფით, პატრიოტული სულისკვეთებით, სპორტული სიმამაცით.

ლერი ხაბელოვიც სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარა და დააფასა ჩვენმა ხალხმა. ფალავნებით განთქმულ ქვეყანაში სწორედ ამის გამო ერგო ხაბელოვს გამორჩეული ადგილი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისი გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აღიმართა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა და აჟღერდა ქართული ჰიმნი.

ლერი ხაბელოვმა გამოიარა დიდი და სახელოვანი სპორტული გზა. ამ გზაზე, გამარჯვებებთან ერთად, იყო სირთულეები, ტრავმები, უსამართლობა, თუმცა, ამის მიუხედავად, მრავალი წელი დაჰყო სპორტული დიდების მწვერვალზე.

დრომ თავისი ქნა _ უკან დარჩა აქტიური სპორტული ცხოვრება, მაგრამ დადგა აქტიური სპორტული საქმიანობის პერიოდი, ახლა უკვე როგორც სპორტული მუშაკისა და ქართული სპორტის ერთ-ერთი წინამძღოლისა.

ლერი ხაბელოვი ამ ამპლუაშიც წარმატებულია და სამაგალითო. ის არის მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი, მკაცრი, მაგრამ მიმტევებელი. ის არის სიტყვისა და საქმის კაცი _ ერთგული და უღალატო, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით. 
...იუბილეს გილოცავთ, ბატონო ლერი!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური 
კომიტეტის თანამშრომლები