ლეგენდა სპორტშიც და ცხოვრებაშიც !

07 ივლისი 2014

ლერი ხაბელოვს სპორტულ და არა მხოლოდ სპორტულ სამყაროში წარდგენა არ სჭირდება. 

ის ლეგენდაა !

წლები წლებს მიჰყვება, ლეგენდებს კი არასოდეს ივიწყებენ.

ლერი ხაბელოვის ტიტულები გულგრილს ვერავის დატოვებს, ისეთებსაც კი სპორტი რა ხილია რომ არ იციან. ძნელია არ აღფრთოვანდე სპორტსმენით, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, ევროპისა კი ოთხჯერ, 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ბარსელონაში (1992) კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე დამსახურებულად ავიდა.

5 ივლისს, ლერი ხაბელოვს 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ეს საიუბილეო თარიღი არანაკლებ ცნობილმა ვეტერანმა სპორტსმენებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მიულოცეს.

ნონა გარფინდაშვილმა, რომან რურუამ, რობერტ შავლაყაძემ, ნინო სალუქვაძემ, შოთა ხაბარელმა, ლუკა კურტანიძემ, გურამ საღარაძემ, საგანგებოდ ამ დღისთვის ვლადიკავკაზიდან ჩამოსულმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოსლან ანდიევმა იუბილარის მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ლერი ხაბელოვი, სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

ბუნებრივია, ეს ღირშესანიშნავი თარიღი არც მსოფლიო ოლიმპიურ ოჯახში გამორჩენიათ. სეოკ-ის ოფისში მილოცვის წერილები მოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახისგან, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების თავკაც პატრიკ ჰიკისგან, არაერთი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებისგან.
ის ლეგენდა იყო სპორტში, რომელიც ორი ათეული წლის წინ დასრულდა, მაგრამ გრძელდება ცხოვრებაში.
ლერი ხაბელოვი ყველაფერში ჩემპიონია !