ქუთაისის მერიამ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს უმასპინძლა

22 ივლისი 2014

17 წლის ქუთაისელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს ზვიად პატარიძეს არაერთხელ დაუმტკიცებია საკუთარი სიძლიერე უმაღლესი დონის შეჯიბრებებში. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის მიმდინარე სეზონშიც საუკეთესო ფორმაშია. მან ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ ევროპის პირველობა და ახლახანს, სლოვაკურ ქალაქ სნინაში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, შარშანდელი მიღწევა გაიმეორა და ორგზის ტრიუმფატორი გახდა.

სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მე-14 სკოლის აღსაზრდელმა (მწვრთნელი - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ელგუჯა მარუაშვილი) სნინაში 100 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ყველა მეტოქე, ფაქტობრივად, უპრობლემოდ დაამარცხა. ზვიადმა თანმიმდევრობით ბრაზილიელ, ყირგიზ და ბულგარელ მეტოქეებს აჯობა, ფინალურ ორთაბრძოლაში კი აზერბაიჯანელ სავიდ ფაიზიევს 7:0 მოუგო.

ზვიად პატარიძე დღესდღეობით ყველაზე იმედისმომცემ ფალავნად ითვლება იმ სპორტსმენთა შორის, რომლებსაც უახლოეს დროში ეროვნული ნაკრების სახელით მოუწევთ ასპარეზობა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მშობლიურ ქალაქში შესაფერისადაც დახვდნენ. ახალგაზრდა ფალავანს და მის დამრიგებელს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში. ზვიად პატარიძეს დიდი გამარჯვება მიულოცეს და ახალი წარმატებები უსურვეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, გამოჩენილმა ქართველმა ფალავნებმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, თეიმურაზ აფხაზავამ, ედიშერ მაჩაიძემ, სეოკ-ის იმერეთის(ქუთაისის) რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ...

სხვა საჩუქრებთან ერთად ზვიად პატარიძემ და ელგუჯა მარუაშვილმა მერიისგან ფულადი ჯილდოც მიიღეს.