ვახტანგ ბლაგიძე - 60

23 ივლისი 2014

სპორტის ქართველ გულშემატკივარს ვახტანგ ბლაგიძის წარდგენა არ სჭირდება. ვეტერან ფალავანს, რომელმაც თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე ყველა ტიტული მოიგო დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ტრადიციას არ არღვევს და გამოჩენილ ქართველ ოლიმპიელებს საიუბილეო თარიღს საკუთარ ოფისში ულოცავს. ამჯერადაც მაჩაბლის 11 ნომერში შეკრებილმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, სპორტის სამყაროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ვაგტანგ ბლაგიძის განვლილი სპორტული თუ ცხოვრებისეული გზა და მისი მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურეს.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რა ბრწყინვალე სტილში მოიპოვა ვახტანგ ბლაგიძემ მოსკოვში, 1980 წელს, ოლიმპიური ოქროს მედალი და იუბილარს სეოკ-ის მედალი და ფულადი ჯილდო გადასცა.

ვახტანგ ბლაგიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ქეთევან ლოსაბერიძემ, რაფაელ ჩიმიშკიანმა, პარლამენტის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა, ვეტერანმა მოჭიდავეებმა : გურამ საღარაძე, მიხეილს სალაძემ, ედიშერ მაჩაიძემ, თემურ ყაზარაშვილმა, მუხრან ვახტანგაძემ, ავთანდილ მაისურაძემ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელმაც ბლაგიძე ეროვნული ნაკრების ეკიპირებითაც დაასაჩუქრა.