სპრინტის მეფე

12 აგვისტო 2014

როდესაც ვსაუბრობთ გამორჩეულ ქართველ სპორტსმენებზე, როდესაც ვიხსენებთ მათ შთამბეჭდავ გამარჯვებებს საერთაშორისო არენებზე, მათ შორის ერთ-ერთი უდავოდ ომარ ფხაკაძეა.

გასული საუკუნის სახელოვანი ველოსიპედისტი. მსოფლიოს ჩემპიონი, მეორე და მესამე პრიზიორი, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ორგზის რეკორდმენი, სსრკ-ს ათგზის გამარჯვებული. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რაც ფილმის „ხარება და გოგიას" ერთ-ერთ მთავარ გმირს - ხარებას მოუხვეჭავს. მსოფლიოში ბევრი სპორტსმენი დაიკვეხნის მსგავსი ჯილდოებით? ვგონებთ, რომ არა! მან სრულიად ახალგაზრდამ გაიბრწყინა და განვლო წარმატებული სპორტული გზა.

ომარ ფხაკაძე სპრინტის მეფე იყო და სეოკ-ის თაოსნობით გამოცემულ წიგნსაც სწორედ ასე ჰქვია, რომლის პრეზენტაციაც და უდიდესი ველომრბოლელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული შეკრებაც აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯონი ცივაძე, ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის თავკაცი უმცროსი ომარ ფხაკაძე, მისი კოლეგა სომხეთიდან ალექსანდრე ბერეზოვსკი, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე, გამოჩენილი ტანმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე და ა.შ.

„ომარ ფხაკაძე უდიდეს სპორტსმენი იყო და ამასთან ძალზედ სულგრძელი ადამიანი. მახსოვ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პირად კეთილდღეობაზე არც უფიქრია და მანქანისა და ბინი მაგივრად თბილისში ველოტრეკის აშენება ითხოვა. ველოსპორტი იყო მისი ცხოვრება. მსოფლიოს ჩემპიონები შემთხვევით არ ხდებიან, არც ოლიმპიური პრიზიორობა მოდის თავისით. მან ქართულ სპორტში ისტორია შექმნა" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

„ომარს პირადად ვიცნობდი. ის უძლიერესი ველომრბოლელი იყო. საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი სპორტსმენები გყავდათ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გეყოლებათ" - მოკლედ შემოიფარგლა სტუმარი სომხეთიდან.

ალბათ იკითხავთ თუ რატომ გაიმართა ქუთაისში დაბადებული ომარ ფხაკაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება აჭარუს დედაქალაქში. საქმე იმაშია, რომ მას 1965 წელს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

12 აგვისტოს, ომარ ფხაკაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა.