ნანძინში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

16 აგვისტო 2014

„ეს თქვენი თამაშების. ეს თქვენი შანსია. დღეს, ყველა თქვენთაგანში ოლიმპიური სულია. ბოლომდე წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები და დატკბით ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებით, ჩინური სტუმარმასპინძლობით, ნანძინით - ულამაზესი ქალაქის ღირშესანიშნაობებით. მიიღეთ მისგან მაქსიმალური სიამოვნება" - ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ნანძინის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილ 3 ათასამდე სპორტსმენს.

დღეს, ჩინეთში რიგით მეორე ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც 60 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. ეს გრანდიოზული სპორტული ფორუმი, ოფიციალურად გახსნილად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა. „მაქვს პატივი, ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოვაცხადო" - ამ წინადადებით მიმართა მან ნანძინში თავმოყრილ 205 ქვეყნის ნორჩ სპორტსმენებს. ნიშანდობლივია, რომ თამაშებს 20 ათასამდე მოხალისე მოემსახურება.

ბუნებრივია, სხვებთან ერთად, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველი ათლეტებიც იასპარეზებენ. გახსნის ცერემონიალზე, ჩვენი გუნდის მედროშე ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი იყო.

გახსნის ცერემონიალამდე კი ჩვენი სპორტსმენები, ნანძინის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოინახულეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ისინი გაამხნევეს და წარმატებები უსურვეს. საგულისხმოა, რომ ოლიმპიური სოფლის კულტურულ ცენტრში მოწყობილია ქართული კუთხეც.