ვერცხლი ნანძინის ტატამიდან - თამაზ კირაკოზაშვილმა სინგაპურული თამასა ასწია

18 აგვისტო 2014

ნანძინში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა და ოთხი წლის წინანდელი სინგაპურის ოლიმპიადის საერთო შედეგი (ერთი ბრინჯაო) უკვე გააუმჯობესა. გუშინ საქმეში ძიუდოისტები ჩაერთვნენ და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე თამაზ კირაკოზაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჭაბუკებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ქართველ პრიზიორს ოლიმპიურ ოქრომდე რუსი მიხაილ იგოლნიკოვის ძლევაღა დააკლდა. შეხვედრა უილეთოდ გაილია და გადამწყვეტი როლი გაფრთხილებებმა შეასრულა - რუსის სასარგებლოდ.

ფინალამდე კირაკოზაშვილმა სამი მეტოქე დაამარცხა. ებრაელ იდან ვარდის წუთსა და 40 წამში სუფთა გდებით აჯობა, მეორე წრეში ავსტრიელ მარკო ბუბანიასთან ერთხანს ვაზარს აგებდა და ბრძოლა ჯერ ოქროს დროში გადაიყვანა, ხოლო შემდეგ ნახევარფინალის საგზურის ფასი იუკოც აიღო. იგოლნიკოვთან დაჭიდებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს საქმე 47 წამში მოუმთავრა.

"ვერცხლის მედალი მოვიპოვე, მაგრამ ჩემი ჭიდაობით უკმაყოფილო ვარ, რადგან ფინალში ისე ვერ ვიჭიდავე, როგორც მინდოდა, და წავაგე. იგოლნიკოვი ძალიან ძლიერი ძიუდოისტია, ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. თან 81 კილოგრამში დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა. მე კი ნანძინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 73 კილოში ავიღე და შემდეგ გადავედი ახალ წონაში. შევეცდები, სამომავლოდ უკეთ ვიჭიდაო და გულშემატკივრები ოქროს მედლებით გავახარო", - გვითხრა თამაზ კირაკოზაშვილმა.

დღესვე კიმონო საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა, იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ფინალისტმა მარიამ ჯანაშვილმაც (52 კგ)Oმოირგო. მშვენივრადაც დაიწყო - მადაგასკარელი მიჰანტა სანდრინა ანდრიამიფეისი ჯერ იუკოზე დასცა, მერე კი პასიურობისთვის მსაჯს ზედიზედ ოთხჯერ გააფრთხილებინა და მოახსნევინა. პუერტორიკოელ პაოლა ასევედოს 36 წამში "მახრჩობელათი" გასცდა. ამ გამარჯვებით ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, იქ კი ბრაზილიელ ლიანა კოლმანთან უილეთო ბრძოლაში შიდოთი წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჯანაშვილს სამხრეთკორეელი ჰიეკიეონგ ლი გადაეღობა და მე-5 ადგილს დააჯერა.

სამეულს მიღმა დარჩენილი ძიუდოისტის ნანძინური ჭიდაობის შესახებ "ჩვენი თამაშისთვის" კომენტარი ჩინეთში ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელმა გიორგი ესაკიამ გააკეთა.

"მარიამმა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლში მუხლის ტრავმის გამო სრული დატვირთვით ვარჯიში ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მან დღეს საკმაოდ კარგად იჭიდავა და რომ არა კიდევ ერთი ტრავმა, ალბათ მედალსაც მოიპოვებდა. ნახევარფინალში ბრაზილიელთან ჭიდაობისას უხერხულად დავარდა და მეორე მუხლზე მიიღო ტრავმა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტატამზე ნატკენი მუხლით გავიდა და ჩვეულად ჭიდაობა ვერ შეძლო", - განაცხადა გიორგი ესაკიამ.

ნანძინის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 27 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს კი კიდევ ცხრა სპორტსმენი წარმოადგენს. აქედან ოთხი მძლეოსანია: მარიამ ძაგნიძე, გოგა მაღლაკელიძე (ორივე - სიგრძეზე ხტომა), გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა), გიორგი ონიანი (უროს ტყორცნა). ასევე მექი სიმონია, ივერიკო ჯულაყიძე (ორივე - თავისუფალი ჭიდაობა), თეონა ჯანჯღავა (ბატუტზე ხტომა), აკაკი ვაშაკიძე (ცურვა) და გიორგი ხარაბაძე (კრივი).