ძაგნიძის ნახტომი და ჯანჯღავას ვარდნა

20 აგვისტო 2014

ნანძინში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფარიკაობისა და ძიუდოს შემდეგ, საქმეში უკვე მძლეოსნები და ბატუტზე მხტომელიც ჩაერთო. სპორტის დედოფალში, სტარტზე პირველად სიგრძეზე მხტომელი მარი ძაგნიძე დადგა და დაკისრებულ ამოცანასაც თავი კარგად გაართვა. საკვალიფიკაციო შეჯიბრში, მან მეოთხე შედეგი აჩვენა (5.90 მ), რაც ფინალში შესასვლელად საკმარისი გამოდგა. საკვალიფიკაციო ხტომებში, საუკეთესო შედეგი იტალიელმა ბიატრის ფიორესემ აჩვენა. მისი შედეგი ჩვენებურისას 36 სანტიმეტრიდ აღემატებოდა. მეორე ბელგიელი ჰან მაუდენსი იყო (6.07), ხოლო მესამე უკრაინელი იალეზავეტა ბაბი (5.99) გავიდა. როგორც ხედავთ, მარი ძაგნიძის ნახტომი, მესამე საპრიზო ადგილს 9 სანტიმეტრით ჩამოუვარდება და ვინძლო ფინალურ ეტაპზე, რომელიც 23 აგვისტოს გაიმართება, ქართველმა სპორტსმენმა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლოს.

ფარიკაობაში, ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ, ჯერი გუნდურ შეჯიბრზე მიდგა, სადაც ჩვენებური ნიკოლოზ შენგელია სხვებთან ერთად ევროპის კონტინენტის სახელს იცავდა, უშუალოდ გუნდს კი ევროპა 3 ერქვა. მათ აზია-ოკეანიის ნაკრებთან 26:30 წააგეს.

წარუმატებელი გამოდგა ბატუტზე ხტომაში თეონა ჯანჯღავას გამოსვლაც. წინასწარ შეჯიბრში მან ვერ იყოჩაღა, კონკრეტულად კი ბატუტიდან ჩამოვარდა და საუკეთესო რვაში ანუ ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.