ერთი ჩემპიონის ისტორია

მოსკოვი 1980

25 ივნისი 2012

XXII ოლიმპიური თამაშები 1980, 19 ივლისი -3 აგვისტო. მოსკოვი, სსრკ.

სხვა კანდიდატი:ლოს-ანჯელესი

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 21

მედლების კომპლექტი: 204

მონაწილეობდა 80 ქვეყნის 5217 სპორტსმენი (მათ შორის 1124 ქალი).

თამაშები გახსნა ლეონიდ ბრეჟნევმა

ათლეტთა სახელით ფიცი დადო ნიკოლაი ანდრიანოვმა (ტანვარჯიში)

ოლიმპიადის გმირი: ალექსანდრ დიტიატინი (სსრკ)

საბჭოთა კავშირის დედაქალაქმა ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება 1974 წლის 23 ოქტომბერს მოიპოვა ვენაში გამართულ სოკის 74-ე სესიაზე, სადაც 39 ხმით 20-ის წინააღმდეგ დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი - ლოს-ანჯელესი. მთელი საბჭოთა კავშირი გაცხოველებულ სამზადისს შეუდგა. ყველაფერი თავისი წესით და რიგით მიდიოდა, მაგრამ როცა 1979 წლის დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ჯარის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს 64 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის - კანადა, გფრ, იაპონია, ჩინეთი, კენია, ნორვეგია. ამის მიუხედავად, მოსკოვის თამაშებზე დელეგაციები გამოგზავნეს აშშ-ის მოკავშირეებმა - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. ზოგიერთი იმ ქვეყნის დელეგაციამ, რომელიც ბიოკოტს არ შეუერთდა, პროტესტი უშუალოდ თამაშებზე გამოხატა სხვადასხვა ფორმით: ათი დელეგაცია საერთოდ არ გამოვიდა გახსნის აღლუმზე; რამდენიმე დელეგაცია არა სახელმწიფო, არამედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ან საერთაშორისო ოლიმპიური დროშით მოდიოდა; ზოგიერთმა უარი თქვა გამარჯვების შემთხვევაში თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაზე. პრეზიდენტმა კარტერმა უფლება არ მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, დახურვის ცერემონიალზე აღემართათ ამერიკის, როგორც მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის დროშა.

მოსკოვის ოლიმპიადის ჩვენების უფლება ამერიკის ენ-ბი-სის ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ ბოიკოტის გამო მცირე მიმოხილვებით შემოიფარგლა და მთელი თავიანთი ფული უკან გაითხოვა. ოლიმპიადაზე თავისი სპორტსმენები პირველად გაგზავნეს ანგოლამ, ვიეტნამმა, ლაოსმა და მოზამბიკმა.
ოლიმპიადა გახსნა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელიც თამაშებამდე ორი წლით ადრე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედაც აირჩიეს, რათა ოლიმპიადაზე აკრედიტებულ ათასობით ჟურნალისტს პრეზიდენტად მოეხსენიებინა. ჩირაღდანი სტადიონზე სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორ სანეევმა შემოიტანა, ოლიმპიური ცეცხლი კი ოლიმპიურმა ჩემპიონმა სერგეი ბელოვმა აანთო. სანეევმა ამჯერად ვერცხლის მედალი მიიღო. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ბლაგიძე და ძიუდოისტი შოთა ხაბარელი.

პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, საბჭოთა კავშირის სპორტსმენები პროგრამის ყველა სახეობაში გამოვიდნენ და, ასევე პირველად, ყველა სახეობაში პრიზიორთა შორის იყვნენ. განსაკუთრებული წარმატება ხვდათ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, ველოსპორტში, ტანვარჯიშში, ცხენოსნობაში, ქალთა კალათბურთში, წყალში ხტომაში, ფრენბურთში, წყალბურთში, ქალთა ხელბურთში, ხუთჭიდში, სროლაში, ძალოსნობასა და ფარიკაობაში. ზოგიერთ ამ სახეობას საბჭოთა სპორტსმენები სხვა ვითარებაშიც მოიგებდნენ, მაგრამ დანარჩენებში მათი გამარჯვება მხოლოდ ბიოკოტის წყალობა იყო. ყველაზე მეტი ჯილდო დაისაკუთრა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ, მოსკოვის თამაშების აბსოლუტურმა ჩემპიონმა ალექსანდრ დიტიატინმა - 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. იგი ერთადერთი ტანმოვარჯიშეა ისტორიაში, რომელმაც ყველა იარაღზე მედალი დაიმსახურა და პირველი და ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი მოიგო. 3 ოქროს მედალი მოიპოვა რუსმა მოცურავემ ვლადიმირ სალნიკოვმა, რომელმაც მსოფლიოში პირველად, 1500 მეტრი 15 წუთზე ნაკლებ დროში გაცურა. მოსკოვში გამოსვლები 3 ოქროს მედლით დაამთავრა საბჭოთა კანოისტმა ვლადიმირ პარფინოვიჩმაც. მოცურავე ქალთა შეჯიბრებაში ლიდერობდნენ აღმოსავლეთგერმანელი სპორტსმენები: კარენ მეტჩუკმა, რიკა რაინიშმა და ბარბარა კრაუზემ 3-3 ოქროს მედალი მოიგეს. თავისუფალ ჭიდაობაში გამოირჩეოდნენ ტყუპი ძმები - ანატოლი და სერგეი ბელოგლაზოვები, ორივე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მოსკოვში დასამახსოვრებელი გამარჯვებები მოიპოვეს იტალიელმა პიეტრო მენეამ (რბენა 200 მ), დიდბრიტანელმა სებასტიან კოემ (რბენა 1500 მ), ეთიოპიელმა მირუს იფტერმა (რბენა 5000 და 10000 მ), პოლონელმა ვალდემარ ცერპინსკიმ (მარათონი), დიდბრიტანელმა დელი ტომსონმა (ათჭიდი), იტალიელმა სარა სიმეონიმ (სიმაღლეზე ხტომა), აღმოსავლეთგერმანელმა დიტმარ ლორენცმა (ძიუდო). მოკრივეთა ტურნირი საბჭოთა კავშირისა და კუბის სამატჩო შეხვედრად გადაიქცა. კუბელებმა 6 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, საბჭოელებმა - 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და და 1 ბრინჯაოსი. მოსკოვში მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი მძიმეწონოსანი მოკრივე თეოფილო სტივენსონი.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

XXII ოლიმპიადა, მოსკოვი. 16 მონაწილე. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) - I, ვახტანგ ბლაგიძე (კლასიკური ჭიდაობა) - I, შოთა ხაბარელი (ძიუდო) - I, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) - II, საიდა გუმბა (მძლეოსნობა) - II, თეიმურაზ ხუბულური (ძიუდო) - II, ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი) - II, ლიანა ცოტაძე (წყალში ხტომა) - III, ნიკოლოზ დერიუგინი (კალათბურთი) - III, ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი) - III, თენგიზ სულაქველიძე (ფეხბურთი) - III, რევაზ ჩელებაძე (ფეხბურთი) - III, თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) - IX, დავით კვაჭაძე (კრივი) - II წრე, თამაზ ნამგალაური (ძიუდო) - II წრე, ირინა გერასიმოვა (ცურვა) - დისკვალიფიკაცია.