ლოს ანჯელესი 1984
25 ივნისი 2012
XXIII ოლიმპიური თამაშები 1984, 28 ივლისი -12 აგვისტო. ლოს-ანჯელესი, აშშ.
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 21
მედლების კომპლექტი: 221
მონაწილეობდა 140 ქვეყნის 6797 სპორტსმენი (მათ შორის 1567 ქალი).
თამაშები გახსნა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა
ათლეტთა სახელით ფიცი დადო ედვინ მოზესმა (მძლეოსნობა).
ოლიმპიადის გმირი: კარლ ლუისი (აშშ)
მოსკოვის თამაშების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე ირლანდიელი ლორდი კილანინი ესპანელმა დიპლომატმა ხუან ანტონიო სამარანჩმა შეცვალა, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო მარკიზი. სამარანჩმა ბოიკოტებით გახლეჩილი და კრიზისში მყოფი ოლიმპიური მოძრაობა ჩაიბარა:1984 წლების თამაშების მასპინძლობაზე ერთადერთი ქალაქი აცხადებდა პრეტენზიას, რაც ოლიმპიური მოძრაობის პირველ წლებშიც კი არ მომხდარა. 1970 წლიდან მოყოლებული, სულ სამმა ქალაქმა გამოთქვა ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი: მონრეალმა, მოსკოვმა და ლოს-ანჯელესმა. 1976 წლის თამაშები მონრეალში გაიმართა და მომავალი ოლიმპიადისთვის დარჩენილ ორ პრეტენდენტს ახალი არ შემატებია. ხოლო როცა 1974 წელს მოსკოვმაც გაიმარჯვა, ერთადერთ კანდიდატად ლოს-ანჯელესი დარჩა, მაგრამ მას თავისი თხოვნა არ განუახლებია. ოლიმპიადა უმასპინძლოდ რჩებოდა. ამიტომ 1978 წლის 18 მაისს სოკმა გადაწყვიტა, თამაშების გამართვა ლოს-ანჯელესისთვის დაევალებინა და ქალაქის ხელმძღვანელობას 1978 წლის 1 აგვისტომდე მისცა ვადა, რომ სოკში, ქარტიის შესაბამისად, თხოვნა წარმოედგინათ. ეს ვადა ორჯერ გაგრძელდა _ ჯერ 21 და შემდეგ 31 აგვისტომდე. ხელშეკრულება МЛКსა და ლოს-ანჯელესის ხელისუფლებას შორის ორჯერ გაფორმდა: 1978 წლის 27 ოქტომბერს და 1979 წლის 19 იანვარს. საორგანიზაციო კომიტეტი და მისი პრეზიდენტი პიტერ იუბეროთი აქტიურად შეუდგნენ ოლიმპიადისთვის სამზადისს და საქმიანობის მთავარ მიზნად მოგება გამოაცხადეს. იუბეროთმა იმდენად კარგად გაართვა თავი დასახულ ამოცანას, რომ მას შემდეგ ყველა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და თავად სოკიც მის მეთოდებს ეყრდნობა.
ოლიმპიადის გახსნამდე ორი თვით ადრე, 1984 წლის მაისში, საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა, რომ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რადგან თავისი სპორტსმენების უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონდა ამერიკაში გამეფებული ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური განწყობილებების გამო. მაგრამ სპორტსმენთა უსაფრთხოება აქ არაფერ შუაში იყო: საბჭოთა კავშირი სამაგიეროს უხდიდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვის თამაშების ბიოკოტისთვის. საბჭოთა ბოიკოტს მიემხრნენ ავღანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ვიეტნამი, კუბა, ლაოსი, მონღოლეთი, პოლონეთი, სამხრეთი იემენი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჩრდილოეთი კორეა. ბოიკოტს მხარი არ დაუჭირეს იუგოსლავიამ და რუმინეთმა. თუ იუგოსლავიისგან, რომელიც ისედაც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რუმინეთისგან ასეთი ნაბიჯი გმირობად მიიჩნიეს. 1932 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდა ჩინეთი. თამაშების პირველი ოქროს მედალი სწორედ ამ ქვეყანს წარმომადგენელმა მოიგო: ქსუ ჰაიფენგმა ნებისმიერი პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრებაში გაიმარჯვა. ეს ჩინელთა პირველი ოქროს მედალი იყო ოლიმპიადების ისტორიაში.
ბოიკოტის მიუხედავად, ლოს-ანჯელესის თამაშებში 140 ქვეყანა მონაწილეობდა _ 60-ით მეტი, ვიდრე მოსკოვში, და 19-ით მეტი, ვიდრე მანამდე ამ მხრივ სარეკორდო მიუნხენის თამაშებში. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის პროგრამაში ქალებისთვის ოთხი ახალი დისციპლინა შეიტანეს: სინქრონული ცურვა, მხატვრული ტანვარჯიში, მარათონი და საგზატკეცილო ველორბოლა. როგორც სადემონსტრაციო სახეობა, ოლიმპიადას დაუბრუნდა ჩოგბურთი.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია ამერიკელი კარლ ლუისის წარმატება _ მან ზუსტად გაიმეორა ჯესი ოუენსის 1936 წლის მიღწევა და ერთ ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა მძლეოსნობაში: მოიგო ორივე სპრინტერული დისტანცია, სპრინტერული ესტაფეტა და სიგრძეზე ხტომა. იმის მიუხედავად, რომ 17 წლის რუმინელმა ტანმოვარჯიშემ ეკატერინა საბომ 4 ოლიმპიური ოქროს მედალი დაისაკუთრა და ამ ჯილდოებს 1 ვერცხლიც დაუმატა. ლოს-ანჯელესის თამაშები ისტორიაში კარლ ლუისის ოლიმპიადის სახელით შევიდა. ამერიკელთა უპირატესობა აშკარა იყო ცურვაში, კრივში, კალათბურთში. წარმატებით დაიცვეს ტიტული დიდბრიტანელმა ათჭიდელმა დელი ტომპსონმა და მისმა თანაგუნდელმა სებასტიან კოემ (რბენა 1500 მ). 400 მეტრზე თარჯრბენი მოიგო ამერიკელმა ედვინ მოზესმა, რომელმაც რვა წლის წინანდელი წარმატება გაიმეორა. ჰენრი სენ-სირის (1956), ტაკასი ონოსა (1964) და ნიკოლაი ანდრიანოვის (1980) შემდეგ ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როცა ათლეტთა ფიცის დამდები ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
დასავლეთგერმანელმა სიმაღლეზე მხტომელმა ულრიკე მეიფართმა პირველი ოქროს მედალი 1972 წელს მოიგო, მოსკოვში არ გამოსულა ბოიკოტის გამო, ლოს-ანჯელესში კი უშუალო ორთაბრძოლაში დაამარცხა მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი, იტალიელი სარა სიმეონი და ამ დისციპლინაში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი გახდა.
ლოს-ანჯელესში წარმატებით გამოვიდნენ რუმინელები, რომელთა თანაბანაკელები, სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენები ასპარეზობაში არ მონაწილეობდნენ -არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში II ადგილი დაიკავეს.