კალგარი 1988
25 ივნისი 2012
XV ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1988, 13-28 თებერვალი. კლაგარი, კანადა
სხვა კანდიდატები:
- კორტინა დამპეცო
- ფალუნი
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 6
მედლების კომპლექტი: 46
მონაწილეობდა 57 ქვეყნის 1423 სპორტსმენი (მათ შორის 301 ქალი)
თამაშები გახსნა: ჟანა სავიე - კანადის გენერალ - გუბერნატორი
კალგარის ზამთრის xv ოლიმპიური თამაშები, 1988. ამ თამაშების მასპინძლობაზე სამი ქალაქი აცხადებდა პრეტენზიას: კალგარი (კანადა), ფალუნი (შვედეთი) და კორტინა დ'ამპეცო (იტალია). ფინალურ, მესამე ტურში კალგარიმ 48 ხმა მიიღო, კორტინა დ'ამპეცომ -31.თამაშები დიდი ბირტანეთის დედოფლის სახელით გახსნა კანადის გენერალ-გუბერნატორმა ჟან სოვემ; ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე შემოიტანა ცოლ-ქმარმა - მოციგურავე კეტი პრესტნერმა და მოტხილამურე კენ რიდმა. შემდეგ იგი 12 წლის მოციგურავე გოგონას, რობინ პერის გადასცეს, რომელმაც დაანთო ოლიმპიური ცეცხლი. მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოსთქვა მოთხილამურემ პიერ ჰარვიმ, რომელიც 1984 წლის ოლიმპიადაზე კანადის სახელით ველოსპორტსი გამოდიოდა.
ამინდის მკვეთრმა ცვლილებამ, დათბობამ და ძლიერმა ქარებმა სერიოზული კორექტივები შიეტანა თხილამურობის, ტრამპლინიდან ხტომისა და ჩრდილოური ორჭიდის პროგრამებში, რაც ამ სახეობებში ნაჩვენებ შედეგებზეც აისახა. შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 8 სახეობაში. ტრამპლინიდან ხტომა და ჩრდილოური ორჭიდი ცალკე ქვესახეობად გამოეყო თხილამურობას და როგორც ტრამპლინიდან ხტომაში, ისე ორჭიდში გუნდური მედლებიც გათამაშდა. წინა ტამაშებისგან განსხვავებით, ორ-ორი ახალი დისციპლინა დაემატა საკუთრივ სამთო თხილამურობასაც - გიგანტური სლალომი და კომბინაცია (როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის), ჩქაროსნული ციგურაობის პროგრამაში კი დამატებით შეიტანეს ქალთა რბოლა 5000 მეტრზე. სადემონსტრაციო სახეობებად წარმოდგენილი იყო ქერლინგი, შორტ-ტრეკი და ფრისტაილი.
ფიჯიმ, გუამმა, გვატემალამ, ირლანდიამ და იამაიკამ პირველად წარგზავნეს თავიანთი სპორტსმენები ზამთრის თამაშებზე. მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკი აშშ-ს ვირჯინიის კუნძულის ოლიმპიელებმა შემოსაზღვრეს: ყველაზე უმცროსი აღმოჩნდა 14 წლის სება ჯონსონი, პირველი ზანგი მოთხილამურე თამაშების ისტორიაში, ხოლო 52 წლის ბობსლეისტი ჰარვი კუკი ყველაზე ხანდაზმული სპორტსმენი იყო კალგარიში. თამაშების გმირი გახდა ფინელი ტრამპლინიდან მხტომელი მატი ნიუკაინენი, რომელმაც ამ დისციპლინაში გათამაშებული სამივე ოქროს მედალი დაისაკუთრა - ორივე ტრამპლინიდან ხტომა მოიგო და გუნდურ შეჯიბრებაშიც პირველი იყო. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჰოლანდიელი მოციგურავე ივონ ვან გენიპიც, რომელმაც 1500, 3000 და 5000-მეტრიანი დისტანციები მოიგო.
2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა საბჭოთა მოთხილამურემ ტამარა ტიხონოვამ. 2-2 ოქროს მედალი დაისაკუთრეს სამთო მოთხილამურეებმა ალბერტო ტომბამ (იტალია) და ვრენი შნაიდერმა (შვეიცარია), აღმოსავლეთ გერმანელმა ბიათლონისტმა ფრანკ-პეტერ როეჩმა, შვედმა მოციგურავემ თომას გუსტაფსონმა და შვედმა მოთხილამურემ გუნდე სვანმა, რომელსაც წინა თამაშებშჳ უკვე მოგებული ჰქონდა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და ბრინჯაო. 35 წლის საბჭოთა მოთხილამურემ რაისა სმეტანინამ ყველა სინჯის თითო მედალი მოიგო და ოთხ თამაშებშჳ მოპოვებული საერთო რიცხვი ცხრამდე გაზარდა. ახალ დისციპლინაში - სუპერ გიგანტურ სლალომში - პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ფრანკ პიკარი (საფრანგეთი) და ზიგრიდ ვოფლი (ავსტრია), სამთო-სათხილამურო კომბინაციაში კი პირველები იყვნენ ავსტრიელები ჰუბერტ შტოლცი და ანიტა ვახტერი.
ბობსლეიში საბჭოთა კავშირს 1 და 2 ადგილები ხვდა, შვეიცარიას - ერთი ოქროს, წინა თამაშების აბსოლუტურ გამარჯვებულებს, აღმოსავლეთ გერმანელ ბობსლეისტებს კი - მხოლოდ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. სამაგიეროდ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგავეებმა სარაევოში განცდილი მარცხის შემდეგ მდგომარეობა კვლავ ჩვეულ კალაპოტში დააბრუნეს, კაცთა შეჯიბრებაში ორივე ოქროს მედალი მოიგეს და ზედ 1 ვერცხლის ჯილდოც დაურთეს. მოციგავე ქალთა შორის, სამივე საპრიზო ადგილი, ისევე როგორც წინა თამაშებში, აღმოსავლეთ გერმანელებმა დაიკავეს. ოლიმპიური ჩემპიონი კვლავ შტეფი მარტინი - ამჯერად უკვე შტეფი ვალტერ-მარტინი გახდა.
ფიგურულ ციგურაობაში მასპინძლებს 2 ფავორიტი ჰყავდათ - ელიზაბეტ მანლი და ბრაიან ორსერი, მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დასკერდა. ქალთა შორის მეორედ ზედიზედ გაიმარჯვა აღმოსავლეთ გერმანელმა კატარინა ვიტმა, კაცებში კი პირველი იყო ამერიკელი ბრაიან ბოიტანო. წყვილთა ტურნირი საბჭოთა ფიგურისტებმა - ეკატერინა გორდეევამ და სერგეი გრინკოვმა მოიგეს, მეორე ადგილი დაიკავეს ელენა ვალოვამ და ოლეგ ვასილიევმა. საბჭოთა წყვილებმა ყინულზე ცეკვაშიც დაიბრუნეს წინა თამაშებში დაკარგული ლიდერობა: ნატალია ბესტემიანოვა - ანდრეი ბუკინი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, მარია კლიმოვა - სერგეი პონომარენკო კი მეორე ადგილზე გავიდნენ. ქალთა შორის მესამე ადგილზე გასული ამერიკელი დები თომასი პირველი შავკანიანი სპორტსმენი იყო, რომელმაც ფიგურულ ციგურაობაში მედალი მოიგო.
ჰოკეიში კვლავ საბჭოთა სპორტსმენები ლიდერობდნენ. ვიაჩესლავ ფეტისოვი, ალექსეი კასატონოვი, სერგეი მაკაროვი, იგორ ლარიონოვი, ვლადიმირ კრუტოვი, ანდრეი ხომუტოვი, სერგეი სტარიკოვი და ალექსანდრ კოჟევნიკოვი მეორედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. მეორე ადგილი ხვდათ ფინელ ჰოკეისტებს, მე-3 - შვედებს.