სოლტ ლეიკი სიტი 2002
25 ივნისი 2012
XIX ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2002 , 8-24 თებერვალი. სოლტ ლეიკ სიტი, აშშ
სხვა კანდიდატები:
- კვიბეკი
- სიონი
- ოსტერსუნდი
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 7
მედლების კომპლექტი: 78
მონაწილეობდა 78 ქვეყნის 2399 სპორტსმენი (მათ შორის 1513 ქალი)
თამაშები გახსნა: ჯორჯ ბუში - აშშს პრეზიდენტი
სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშები, 2002. სოლტ-ლეიკ-სიტის მესვეურები ზამთრის თამაშების მასპინძლობის სურვილს ჯერ კიდევ 1972 წელს გამოთქვამდნენ. 1966 წლიდან ქალაქმა 4-ჯერ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. ბოლოს, 1995 წლის ივნისში მან გაიმარჯვა კიდევაც და XXI საუკუნის პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მიიღო. ოლიმპიადამდე 3 წლით ადრე, ჟურნალისტებმა სოკის რამდენიმე წევრი სოლტ-ლეიკ-სიტის სასარგებლოდ ქრთამის აღებაში ამხილეს. ამას ხანგრძლივი გამოძიება მოჰყვა, რის შედეგადაც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის რამდენიმე მაღალ ჩინოსანმა სოკის 4 წევრთან ერთად თანამდებობა დატოვა. ოლიმპიური ქალაქების არჩევის წესები გამკაცრდა.
ზამთრის თამაშებში პირველად მონაწილეობდნენ კამერუნის, ჰონ-კონგის, ნეპალის, ტაჯიკეთისა და ტაილანდის წარმომადგენლები. ამერიკელთა მოთხოვნით, ოლიმპიადაზე არ დაუშვეს ერაყი, პალესტინა, კუბა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნები. ასპარეზობა ოფიციალურად გახსნა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. ოლიმპიური ცეცხლი კოლექტიურად დაანთეს აშშ-ს ჰოკეისტთა გუნდის წევრებმა, რომლებმაც 1980 წელს დაამარცხეს საბჭოთა ნაკრები და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. 1948 წლის შემდეგ თამაშების პროგრამაში პირველად შეიტანეს სკელეტონი. გარდა ამ სახეობისა, პროგრამას კიდევ 9 ახალი დისციპლინა დაემატა და გათამაშებული მედლების რაოდენობამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია (78 კომპლექტი).
სოლტ-ლეიკ-სიტის მედლები ყველაზე მძიმეა თანამედროვე ოლიმპიადების მთელი ისტორიის მანძილზე: თითოეული ოქროსა და ვერცხლის მედლის წონა -567-567 გრამია, ბრინჯაოს მედლისა კი - 454.
2002 წლის ოლიმპიადას 2 გმირი ჰყავდა: ნორვეგიელი ბიათლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი, რომელმაც ამ სახობაში კაცებს შორის გათამაშებული ოთხივე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო (იგი ერთადერთია, ვინც ზამთრის ერთ თამაშებში 4 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა) და ხორვატი სამთო-მოთხილამურე იანიცა კოსტელიჩი - 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის მფლობელი. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა მოციგავე გეორგ ჰაკლმა, სოლტ-ლეიკ-სიტიში ვერცხლის მედალი მოიპოვა და , ამგვარად ერთადერთი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზედიზედ 5 ოლიმპიადაში ერთსა და იმავე დისციპლინაში 5 მედლის მოპოვება შეძლო. გერმანელი მოციგურავუს კლაუდია პეხშტაინისათვის ეს თამაშები მეოთხე იყო. ამჯერად მან 2 ოლიმპიური ოქროს მედალი აიღო. სულ ზამთრის თამაშებში კლაუდია პეხშტაინს 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
კანადელ კლარა ჰიუზს ბრინჯაოს მედალი ერგო 5000 მეტრზე ციგურაობაში. ეს ფაქტი არაფრით იქნებოდა ღირსშესანიშნავი, ერთი მოვლენა რომ არა: ჰიუზმა ბრინჯაოს მედალი მანმადე 6 წლით ადრეც მოიპვა, ოღონდ ზაფხულის თამაშებში: ატლანტაში იგი ველოსიპედით გამოდიოდა და ინდივიდუალურ საგზატკეცილო რბოლაში მესამე იყო. კლარა ჰიუზი იმ სპორტსმენთა ოთხეულშია, რომლებმაც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლეს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშებში. ჰიუზის გარდა ესენი არიან: ამერიკელი ედი იგენი, ნორვეგიელი იაკობ ტულინ თამსი და გერმანელი კრისტა ლუდინგ-როტენბურგერი. ოლიმპიურ ისტორიაში შევიდა სოლტ-ლეიკ-სიტის დოპინგ სკანდალებიც. ესპანელ იოჰან მულეგს და რუს ლარისა ლაზუტინას აკრძალული პრეპარატების კვალის აღმოჩენის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ტესტირებამდე მოპოვებული მედლები ჩამოართვეს. ბრინჯაოს მედალი ჩამოართვეს ბრიტანელ ალან ბაქსტერსაც. დისკვალიფიკაცია მიიღო კიდევ ერთმა რუსმა მოთხილამურემ - ოლგა დანილოვამ.
უსკანდალოდ არ ფიგურისტთა ტურნირს ჩაუვლია.: მას შემდეგ, რაც წყვილთა შეჯიბრებაში რუსეთის სახელით მოასპარეზე Eლენა ბერეჟნაიასა და ანტონ სიხარულიძეს გადაეცათ, II ადგილზე გასულმა კანადელებმა, ჯემი სალიმ და დევიდ პელეტიემ, რომლებმაც უარი თქვეს ვერცხლის მედლებზე, პროტესტი შეიტანეს.განაცხადეს, რომ შანტაჟის გამო ფრანგმა მსაჯმა მაღალი შეფასება მისცა რუსებს, რაც თავად არბიტრმაც დაადასტურა. საქმეში აქტიურად ჩაერთო პრესა, კანადის ხელისუფლება. ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაცია იძულებული გახდა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიეღო - საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სთხოვა, ნება დაერთო ორგანიზატორებისათვის, კანადელებიც ოქროს მედლებით დაეჯილდოვებინათ. კურიოზული იყო ავსტრალიელი სტივენ ბრედბერის გამარჯვება შორტ-ტრეკის 1000 მეტრიან დისტანციაზე, როცა ფინალის დანარჩენი 4 მონაწილე წაიქცა და მათს უკან მიმავალი ბრედბერი პირველი აღმოჩნდა ფინიშთან.
საქართველოს სახელით სოლტ-ლეიკ-სიტიში, ისევე როგორც ნაგანოში, 4 სპორტსმენი გამოდიოდა. დელეგაციეს მედროშე, ისევ სოფიკო ახმეტელი იყო, რომელიც კვლავ სლალომში მონაწილეობდა და კვლავ დისკვალიფიკაციით დაასრულა შეჯიბრება. ახმეტელის მსგავსად, სლალომში გამოდიოდა და დისკვალიფიკაცია მიიღო რობერტ მახარაშვილმაც. კახა წაქაძე, რომელიც თამაშებიდან თამაშებამდე აუარესებდა შედეგებს, ამჯერად, მისთვის მესამე ოლიმპიადაზე, 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 58-ე იყო, ხოლო 120 მეტრიან ტრამპლინზე შეჯიბრებაში საერთოდ უადგილოდ დარჩა. მამა-შვილ კობა და კახა წაქაძეებს ეკუთვნით ერთი საინტერესო რეკორდი: მათ 1956-დან 2002 წლამდე ზამთრის 7 თამაშში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს წარგზავნილთაგან სოლტ-ლეიკ-სიტიში ყველაზე უკეთესს შედეგს მიაღწია ფიგურისტმა ვახტანგ მუყრვანიძემ, რომელმაც ერთეულთა თანრიგში მე-17 ადგილზე გავიდა. სოლტ-ლეიკ-სიტიში ქართველმა სპორტსმენმა, თუმცა კი რუსეთის სახელით, პირველად მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა ზამთრის თამაშებში - ეს იყო სანკტ-პეტერბურგელი ანტონ სიხარულიძე.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
1. რობერტ მახარაშვილი - სამთო სათხულამურო სპორტი, სლალუმი - გამოეთიშა,
2. სოფიო ახმეტელი - სამთო სათხულამურო სპორტი. სლალომი -გამოეთიშა, გიგანტური სლალუმი - გამოეთიშა
3. კახა წაქაძე - ტრამპილინიდან ხტომა - საშუალო ტრამპლინი 58 ადგილ, გრძელი ტრამპლინი - 64 ადგილი
4. ვახტანგ მურვანიძე - ფიგურული ციგურაობა - 17 ადგილი