საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

ამობეჭდვა

თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის უმაღლესი ორგანო. შეიქმნა 1894 წლის 23 ივნისს პიერ დე კუბერტენის ინიციატივით გამართულ პარიზის საერთაშორისო კონგრესზე. სოკის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ არგენტინის, ბელგიის, ბოჰემიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის საბერძნეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და შვედეთის წარმომადგენლები. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ბერძენი მწერალი და ფილოლოგი დემეტრიოს ვიკელასი, პირველ გენერალურ მდივნად - ფრანგი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ბარონი პიერ დე კუბერტენი. სოკის დამფუძნებელ წევრებად ითვლებიან: ბარონი პიერ დე კუბერტენი (საფრანგეთი),  პროფესორი უ. მ. სლოუნი (აშშ), ლორდი ამპტჰილი (დიდი ბრიტანეთი), თავადი დ'ანდრია კარავა (იტალია), გრაფი მ. დე ბუზი (ბელგია), ი. გუტ-იარკოვსკი (ბოჰემია), დ. ვიკელასი (საბერძნეთი), გენერალი ა. დ. ბუტოვსკი (რუსეთი), გენერალი ვ. ბლეკი (შვედეთი), დოქტორი ჰ. ბ. სუბიაური (არგენტინა), ლ. ა. კაფი (ახალი ზელანდია), ფ. კემენი (უნგრეთი), ე. კალო (საფრანგეთი), ჩ. ჰერბერტი (დიდი ბრიტანეთი), გრაფი ლუკეზი პალი (იტალია), ვ. გებჰარდტი (გერმანია).

სოკი, როგორც საერთაშორისო, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით და მისი იურიდიული სტატუსი აღიარებულია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს 1981 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით. შტაბ-ბინის მუდმივი ადგილსამყოფელია ქალაქი ლოზანა.
სოკის საწესდებო დოკუმენტია ოლიმპიური ქარტია, რომელიც ერთხანს (1972-78) "ოლიმპიურ წესებად" იწოდებოდა. ქარტიის თანახმად, სოკი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობის განვითარებას და პოპულარიზაციას, ოლიმპიზმის იდეებისა და პრინციპების გავრცელებას, ახალგაზრდობის აღზრდას ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის სულისკვეთებით, ხალხთა შორის ურთიერთგაგების, კეთილი ნების, სოლიდარობის განმტკიცებას.

სოკი, როგორც უმაღლესი ოლიმპიური ინსტანცია, იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების (ეოკ) და სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციების (სსფ) აღიარების (ცნობის) შესახებ, განსაზღვრავს ზაფხულისა და ზამთრის თამაშების პროგრამებს, ირჩევს თამაშების მასპინძელ ქალაქს, აწესებს და ანიჭებს ოლიმპიურ ჯილდოებს. იგი გადამწყვეტ და საბოლოო სიტყვას ამბობს ოლიმპიური თამაშების მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

სოკი თავის წევრებად ირჩევს კვალიფიციურ და ავტორიტეტიან პიროვნებებს. ერთი ქვეყნიდან ირჩევენ ერთ წევრს, მაგრამ სოკს შეუძლია გამონაკლისი დაუშვას ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნისთვის. სოკის წევრები შეადგენენ სოკის სესიას, ამავე დროს წარმოადგენენ მას თავიანთ ქვეყნებში. ახალმიღებული წევრები სპეციალურ ცერემონიალზე დებენ ფიცს და იღებენ ვალდებულებას, რომ პატივს სცემენ ოლიმპიური ქარტიისა და სოკის დებულებებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას, თავისუფალი იქნებიან ნებისმიერი პოლიტიკური თუ კომერციული გავლენისგან, რასობრივი და რელიგიური შეხედულებებისაგან და იმოქმედებენ ოლიმპიური მოძრაობის ინტერესების შესაბამისად, გარდა სესიებისა, სოკის წევრები მონაწილეობენ კომისიათა მუშაობაში, ხელს უწყობენ სოკის პროგრამების შესრულებას თავიანთ ქვეყნებში, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მოხსენებით წარდგებიან სოკის პრეზიდენტის წინაშე. შემოღებულია სოკის საპატიო წევრის სტატუსი.

ნებისმიერ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიჩეროს უფლებამოსილება და გადადგომის თაობაზე წერილობით აცნობოს პრეზიდენტს. წევრის ფლებამოსილება ავტომატურად ეხსნება მას, ვინც შეიცვლის ეროვნებას ან საცხოვრებელ ადგილს. სესიის  გადაწყვეტილებით, ქარტიით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წევრი ან საპატიო წევრი შეიძლება გაირიცხოს.

სესია. სოკის უმაღლესი ორგანო; იღებს ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, საჭიროების შემთხვევაში შესწორება შეაქვს ოლიმპიურ ქარტიაში, განსაზღვრავს ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ირჩევს ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს, ამტკიცებს თამაშების პროგრამას, ირჩევს სოკის წევრებს, პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, აღმასრულებელი საბჭოს წევრებს. სესია იმართება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. პრეზიდენტის ინიციატივით ან სოკის წევრთა 1/3-ის წერილობითი თხოვნით ინიშნება საგანგებო სესია. მორიგი სესიის გამართვის ადგილს განსაზღვრავს სოკი, საგანგებო სესიისას - სოკის პრეზიდენტი.
სესია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სოკის წევრთა ნახევარი პლუს ერთი კაცი.
            
აღმასრულებელი საბჭო.შედგება პრეზიდენტის, ოთხი ვიცე-პრეზიდენტისა და ექვსი/ათი დამატებითი წევრისგან. საბჭოს წევრებს ირჩევენ სოკის სესიაზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის (გარდა პრეზიდენტისა) ვადით. საბჭოს უფლებამოსილება ფართოა და მნიშვნელოვანი: იგი ხელმძღვანელობს სოკის ყოველდღიურ საქმიანობას, ყურადღებას აქცევს ოლიმპიური ქარტიის დაცვას, პასუხს აგებს სოკის ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ფინანსების ხარჯვაზე, ამზადებს ყოველწლიურ მოხსენებას, სესიას წარუდგენს სოკის წევრობის კანდიდატებს, ნიშნავს გენერალურ დირექტორს და გენერალურ მდივანს, შეიმუშავებს და იღებს ოლიმპიური ქარტიის განხორციელებისთვის აუცილებელ წესებსა და დებულებებს.

პრეზიდენტი. საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი. ირჩევენ სოკ-ის წევრთაგან რვა წლით, მომდევნო ოთხი წლით ხელახალი არჩევის უფლებით. პრეზიდენტი წარმართავს სოკის საქმიანობას და მისი უცვლელი წარმომადგენელია. ქმნის საგანგებო ან მუდმივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, თავმჯდომარეობს სესიებს, აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს.

სოკის პრეზიდენტები იყვნენ: დემეტრიოს ვიკელასი (1894-96, საბერძნეთი), პიერ დე კუბერტენი (1896-1916 და 1919-1925, საფრანგეთი), 1916-1919 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა გოდფრუა დე ბლონიე (შვეიცარია), ანრი დე ბაიე-ლატური (1925-1942, ბელგია), იოჰანეს ზიგფრიდ ედსტრიომი (1942-1952, შვედეთი), ეივერ ბრენდეჯი (1952-1972, აშშ), მაიკლ მორის კილანინი (1972-1980, ირლანდია), ხუან ანტონიო სამარანჩი (1980-2001, ესპანეთი), ჟაკ როგი (2004-იდან, ბელგია).

კომისიები. გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვილი მმართველობითი დანაყოფები, რომლებიც უძღვებიან სოკის საქმიანობას ცალკეულ უბნებზე. მათ შემადგენლობაში, გარდა სოკის წევრებისა, შედიან სპორტისა და სხვა დარგების მოღვაწეები, ვეტერანი სპორტსმენები. ძირითადი კომისიებია: ათლეტთა, კოლექციონერთა, საკოორდინაციო, კულტურისა და ოლიმპიური განათლების, საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის, საარჩევნო, ეთიკის, საფინანსო, საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, მარკეტინგის, სამედიცინო, დოპინგსაწინააღმდეგო; ნომინაციები: ოლიმპიური თამაშების კოორდინაცია/შესწავლა, ოლიმპიური პროგრამები, ოლიმპიური სოლიდარობა, პრესა, რადიო და ტელევიზია, სპორტი და გარემო, სპორტი და კანონი, სპორტი ყველასათვის, ქალი და სპორტი.

ადმინისტრაცია. სოკის შტაბ-ბინის აპარატი, რომლის მეშვეობითაც პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო წარმართავენ ყოველდღიურ საქმიანობას. ადმინისტრაციაში შედის პრეზიდენტის, აღმასრულებელი გენერალური დირექტორის, სამედიცინო კომისიის, გენერალური მდივნისა და პერსონალური ოფისები; მთარგმნელობითი, რეგისტრაციისა და რეკორდების, სპეციალური საგამომცემლო სექციები; სარეკლამო ბიურო;  სპორტისა და
ეოკებთან ურთიერთობის, ფინანსების, მარკეტინგის, კომპიუტერული მომსახურების, კონტროლისა და კოორდინაციის დეპარტამენტები.

ენები. სოკის ოფიციალური ენებია ფრანგული და ინგლისური. სოკის ყველა სხდომა სინქრონულად ითარგმნება გერმანულ, ესპანურ, რუსულ და არაბულ ენებზე. ოლიმპიური ქარტიის, სხვადასხვა წესების და დოკუმენტების ფრანგულ და ინგლისურ ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ფრანგულ ტექსტს ენიჭება.

სახსრები. სოკი უფლებამოსილია მიიღოს საჩუქრები და ნაანდერძევი ქონება, აგრეთვე მოიძიოს საკუთარი ამოცანების განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალებები. სოკი შემოსავლებს იღებს უფლებათა გამოყენების (სატელევიზიო უფლებების ჩათვლით) და ოლიმპიური თამაშების მოწყობის ფონდებიდან. იგი სატელევიზიო უფლებების ფონდიდან შემოსული თანხის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებს.

კონგრესი ოლიმპიური. ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა. 1894-1930 წლებში მოეწყო ცხრა კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი პიერ დე კუბერტენი იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში.

განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ კონგრესს რვა წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკებისა და სოკის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკის აღმასრულებელი საბჭო.

დღემდე გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი:

  • 1894 წლის 16-21 ივნისი, პარიზი, სორბონი. ორგანიზატორი - საფრანგეთის სპორტული ათლეტიკის საზოგადოებათა კავშირი (თავმჯდომარე - ლეონ დე ჟანვიე, გენერალური მდივანი - პიერ დე კუბერტენი). კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს - 20. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად - პიერ დე კუბერტენი. კონგრესმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღდგენის შესახებ.
  • 1897 წლის 23-31 ივნისი, ჰავრი. ორგანიზატორი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.  კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 60 დელეგატი საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-იდან, შვედეთიდან და ესპანეთიდან. განიხილეს სპორტული ჰიგიენისა და პედაგოგიკის საკითხები. მიიღეს დადგენილებები სხვადასხვა საკითხზე.
  • 1905 წლის 9-14 ივნისი, ბრიუსელი. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი  -  გრაფი ანრი დე ბაიე-ლატური, თავმჯდომარე  -  პიერ დე კუბერტენი. კონგრესზე მუშაობდა სამი კომისია. განიხილეს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის სპეციალისტთა მომზადების, სკოლაში ფიზიკური აღზრდის ორგანიზაციის, სასპორტო ნაგებობათა მშენებლობისა.
  • 1906 წლის 23-25 ივნისი, პარიზი. საკონსულტაციო კონფერენცია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და კონგრესის თავმჯდომარე - პიერ დე კუბერტენი. მიიღეს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ლიტერატორთა, არქიტექტორთა, მხატვართა, მოქანდაკეთა და მუსიკოსთა კონკურსების ჩართვას. დადგენილება სრულდებოდა ძირითადად 1912-1948 წლებში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე.
  • 1913 წლის 7-11 მაისი, ლოზანა. კონგრესს თავმჯდომარეობდა ბარონი პიერ დე კუბერტენი. მონაწილეობდნენ: ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, აშშ-ისა და შვეიცარიის წარმომადგენლები. კონგრესი მიეძღვნა სპორტის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის საკითხებს. წარმოდგენილი იყო 37 მოხსენება, მათ შორის იტალიელი ისტორიკოსის ფერარას "სპორტის საზღვრები" და ფრანგი ჟურნალისტის პოლ რუსოს " რეკორდსმენის შინაგანი მდგომარეობა". კონგრესზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი.
  • 1914 წლის 15-23 ივნისი, პარიზი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 29 ქვეყნის ეოკის 120 დელეგატი, აგრეთვე იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ეოკები სოკის მიერ ჯერ აღიარებული არ იყო. ამ კონგრესზე პირველად წარმოადგინეს ოლიმპიადის ხუთი რგოლისაგან შემდგარი ემბლემა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოყვარულ სპორტსმენებს ეძლეოდათ, ქალებს კი ორ სახეობაში - ცურვასა და ჩოგბურთში უნდა ეასპარეზათ.
  • 1921 წლის 2-7 ივნისი, ლოზანა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 23 ქვეყნის 78 დელეგატი. მუშაობდა სამი კომისია. მიიღეს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც ეროვნულ ფედერაციებს უნდა წარედგინათ ეოკის დამტკიცებული საგარანტიო წერილები სპორტსმენის მიერ მოყვარულის სტატუსის დაცვის შესახებ, აგრეთვე დადგენილებები, რომლებიც ეხებოდა მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობასა და შეჯიბრებაზე სპორტსმენთა დაშვების საკითხებს.
  • 1925 წლის 29 მაისი-4 ივნისი, პრაღა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 21 ქვეყნის 62 დელეგატი. მიიღეს რეზოლუციები პროფესიული სპორტის განვითარების პირობების, კრივში შეჯიბრების ჩატარების ფორმის, ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა სამედიცინო შემოწმების, სპორტული პრესისა და სხვა საკითხების შესახებ.
  • 1930 წლის 25-30 მაისი, ბერლინი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 25 ქვეყნის 34 დელეგატი. იმსჯელეს ოლიმპიური შეჯიბრებების პროგრამაზე, სოკისა და ფიფას ურთიერთობაზე. მუშაობდა სამი კომისია. პირველი განიხილავდა მოყვარულობის პრობლემას, მეორე - ოლიმპიური შეჯიბრებების პროგრამას, ხოლო მესამე - სპორტული მოედნების მშენებლობის საკითხებს. ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღეს ტყვიის სროლა.
  • 1973 წლის 30 სექტემბერი-4 ოქტომბერი, ვარნა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 81 ქვეყნის 307 დელეგატი, მათ შორის: სოკის 60 წევრი, 81 ეოკის 179 დელეგატი და იმ დროისათვის შექმნილი 26 საერთაშორისო ფედერაციის 68 წარმომადგენელი. განიხილეს სამი ძირითადი საკითხი: თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობა და მისი განვითარება; სოკის, ეოკისა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ურთიერთდამოკიდებულება და მომავალი ოლიმპიური თამაშებისათვის სამზადისი. მიიღეს რეზოლუცია, რომ ეთანამშრომლათ დევიზით - "სპორტი მშვიდობის სამსახურში".
  • 1981 წლის 23-28 სექტემბერი, ბადენ-ბადენი. კონგრესი მიმდინარეობდა დევიზით: "სპორტით და სპორტისთვის გაერთიანებულნი". მონაწილეობდა 144 ქვეყნის 409 დელეგატი, აგრეთვე 500 აკრედიტებული ჟურნალისტი. სიტყვით გამოვიდა სოკის საპატიო პრეზიდენტი მაიკლ მორის კილანინი. მიიღეს რეზოლუციები თემებზე: "თანამედროვე სამყარო და ოლიმპიური მოძრაობა", "თანამედროვე ათლეტი", "სპორტის სოციალური ასპექტები", "სპორტი და მასმედია".
  • 1994 წლის 29 აგვისტო-3 სექტემბერი, პარიზი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 3 427 დელეგატი. მიიღეს რეზოლუციები თემებზე: "ოლიმპიზმი და მისი ეთიკა", "ოლიმპიური მოძრაობის სტრუქტურა", "სპორტი და გარესამყარო", "სპორტსმენის როლი და ადგილი საზოგადოებაში", "სპორტი და პოლიტიკა", "სპორტი და ეკონომიკა", "სპორტი განვითარებად ქვეყნებში", "სპორტი და მასმედია" და სხვა. 
  • 2009 წლის 3-5 ოქტომბერი, კოპენჰაგენი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 1249 დელეგატი. კონგრესის ძირითადი თემა იყო " ოლიმპიური მოძრაობა საზოგადოებაში."  მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: 1. სპორტსმენები; 2. ოლიმპიური თამაშები; 3. ოლიმპიური მოძრაობის სტრუქტურა;4. ოლიმპიზმი და ახალგაზრდობა;  5. ციფრული რევოლუცია. კონგრესსზე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი პან გი მუნი. კონგრესმა მიიღო რეზოლუცია და 66 რეკომენდაცია.