ოლიმპიური ქარტია

ამობეჭდვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საწესდებო დოკუმენტების კრებული, რომელიც განსაზღვრავს ოლიმპიური მოძრაობის ამოცანებსა და მიზნებს, პრინციპებს, დებულებებს, ოლიმპიური თამაშების ჩატარების წესებს და ა.შ. ოლიმპიური ქარტიის საფუძვლები შეიმუშავა პიერ დე კუბერტენმა და დასამტკიცებლად წარუდგინა პარიზის სპორტის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესს (1894). ხანების მანძილზე, ოლიმპიური ქარტიის სხვადასხვა პუნქტში შეჰქონდათ დამატებები, დაზუსტებები, აუცილებელი განმარტებები, ინსტრუქციები, მაგრამ კუბერტენის მიერ შემუშავებული ქარტია ძირითადად უცვლელი დარჩა. ქარტიას ახლავს რეგიონალური თამაშების ჩატარების წესები, ოლიმპიური თასის დებულება, ოლიმპიური ორდენის წესდება და სოკის გამოცემათა ნუსხა.

სოკის 104-ე სესიაზე (ბუდაპეშტი, 1995) რატიფიცირებული ოლიმპიური ქარტია 5 თავის, 4 მუხლისა და 74 წესისაგან შედგება.

პირველ თავში განმარტებულია ოლიმპიური მოძრაობის ძირითადი პრინციპები, ოლიმპიური თამაშების რაობა, აღწერილია ოლიმპიური სიმბოლიკა და მისი გამოყენების წესები. მეორე თავი მთლიანად საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეთმობა: განსაზღვრულია სოკის იურიდიული სტატუსი, ორგანიზაციული მოწყობა და სტრუქტურა, სოკის წევრთა უფლება-მოვალეობანი. მესამე თავი განმარტავს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ფუნქციას, მათი აღიარების და ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვის წესებს. მეოთხე თავში საუბარია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის როლსა და მიზნებზე, უფლებებსა და მოვალეობებზე, სტატუსსა და სტრუქტურაზე, აღიარების პირობებზე. ყველაზე ვრცელია ქარტიის ბოლო, მეხუთე თავი - "ოლიმპიური თამაშები". აქ დეტალურად არის განმარტებული ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული ყველა საკითხი: ოლიმპიადების თარიღები; მასპინძელი ქალაქის არჩევნები; საორგანიზაციო კომიტეტის სტატუსი, შემადგენლობა, ეოკთან ურთიერთობა, ვალდებულებები; ოლიმპიური სოფელი; კულტურული პროგრამა; თამაშების მონაწილეთა შერჩევის წესი, მათი მოქალაქეობა, ასაკობრივი ზღვარი; სამედიცინო კოდექსი; სანქციები ოლიმპიური ქარტიის დარღვევის შემთხვევაში; თამაშების პროგრამა; ინფორმაციის მიღება; პროპაგანდა და რეკლამა; ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიალები; გამარჯვებულთა დაჯილდოება; ოლიმპიური არბიტრაჟი. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ წესებს ახლავს ოფიციალური განმარტება.