ქართული სპორტის ქრონიკები

ამობეჭდვა

ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორია ერის ზოგადკულტურული წარსულის მნიშვნელოვანი შენაკადია. ქართველები ოდითგანვე კარგი მოასპარეზენი ყოფილან და ეს მრავალი დოკუმენტით დასტურდება, უწინარესად - ისტორიული, არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალებით, ლიტერატურული წყაროებით, ქართველ თუ უცხოელ მემატიანეთა ცნობებით. მათი კვლევა-ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები სიზუსტითა და სისრულით გავაშუქოთ ქართული სპორტის წარსული და ხალხურ ასპარეზობათა ქრონიკა, დავადგინოთ სამხედრო-ფიზიკური აღზრდის თავისებურებანი და ტრადიციულ სახეობათა წარმომავლობა, განვსაზღვროთ სპორტის ადგილი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფაში.

ფიზიკური ვარჯიშობანი, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, იმთავითვე სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა, ფიზიკური აღზრდის სისტემა - საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას. გვიანი ბრინჯაოს ხანის საქართველოში საბრძოლო იარაღებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული სატევარი, საბრძოლო ცული, შუბისა და ისრის პირები, ლახტის თავი (დასავლეთი საქართველო), მახვილი, ბრტყელი ისრის პირი, გრძელი შუბი, ნახევარწრიული ცული (აღმოსავლეთი საქართველო). ამ იარაღების დაუფლება და საბრძოლო არსენალის შევსება, ცხადია, სისტემატურ წვრთნასა და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. სამხედრო საქმის განვითარების კვალობაზე იცვლებოდა და იხვეწებოდა ვარჯიშთა სისტემა, საბრძოლო ოსტატობა. ბერძენ და რომაელ მეისტორიეთა და მწერალთა გადმოცემით, ქართველური ტომები საუცხოო მეომრები ყოფილან. ამაზე მიუთითებს პროკოფი კესარიელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, სტრაბონისა და სხვათა ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერები. მაგალითად, ქსენოფონტი ხალიბების შესახებ წერს, რომ „ეს იყო უმამაცესი ხალხი ყოველთა შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონიათ თავისი ლაშქრობის დროს". აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, „ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ბატონობდნენ. ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით". სქოლასტიკოსი განსაკუთრებით მოუხიბლავს ლაზთა „ხასიათის სილამაზეს და სიცქვიტეს" (გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, თბილისი, 1939 წ.). გვიანდელი ავტორები, მათ შორის ქართველი ისტორიკოსები, აღნიშნავენ ადრე მონათმფლობელური საქართველოს წარჩინებულების მაღალ სამხედრო ხელოვნებას, მათს გაწვრთნილობას ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდ-ისრისა და შუბის ტყორცნაში. ლეონტი მროველის თანახმად, მირიან მეფე „იყო მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი", ფარსმან ქველი - „ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემაერთებელი ბრძოლისა, უშიში, ვითარცა უხორცო", ვახტანგ გორგასალი - „უმშვენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურველი ქუეითი ირემსა მიეწიოს, უპყრას რქა და დაიჭიროს" (ქართლის ცხოვრება, 1957 წ.).

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ურარტუში აღმოჩენილი ქვის სტელა ლურსმული წარწერით, რომელიც აკადემიკოსმა გიორგი მელიქიშვილმა ამოიკითხა. დასტურდება, რომ ურარტუს სახელმწიფოში გამართულ შეჯიბრებებში (მათ შორის, ცხენით ხტომასა და მშვილდისრის ტყორცნაში) ხშირად მეფეებიც მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ. წარწერა გვამცნობს მენუასა და არგიშტის მეფობის დროინდელ ასპარეზობათა ამბებს. გ. მელიქიშვილის აზრით, „უეჭველია, რომ ურარტუში დიდი შეჯიბრებები იმართებოდა ცხენოსნობაში".

როგორც ირკვევა, ანტიკური პერიოდის საქართველოში სამხედრო-ფიზიკური მომზადების საფუძველს შეადგენდა ცხენოსნობა, ნადირობა, ხელჩართული ბრძოლა (ბუმბერაზობა), ფარიკაობა, მშვილდოსნობა, შუბის მიზანში და სიშორეზე ტყორცნა, ხმალაობა და სხვა ვარჯიშობანი. ამ დასკვნამდე მიდიან მიხეილ გორგაძე, ვალერიან აფრიდონიძე, ავთანდილ ციბაძე, ვასილ ელაშვილი, ვახტანგ სიდამონიძე და ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორიის სხვა ცნობილი მკვლევრები. „საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობათა შემდეგი სახეები არსებობდა: შუბისა და მშვილდ-ისრის ტყორცნა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, მუშტი-კრივი, მთამსვლელობა, სამხედრო გამოყენებითი ცეკვები, რბენა, სამწყობრო მომზადება, სიმძიმეების აწევა და გადაგდება, ფარიკაობა, ბურთაობა და ხარებზე და ხარებით ვარჯიშ-თამაშობანი, შურდულით ქვის ტყორცნა. სამხედრო-ფიზიკური აღზრდა სპეციალური აღმზრდელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. არსებობდა სპეციალური სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობანი. ეწყობოდა შეჯიბრებანი, მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში და გარკვეულ წარმატებას აღწევდნენ. არსებობდა შეჯიბრების მოწყობის ორგანიზაციული ფორმა და წესები" (ვ. აფრიდონიძე, „უშიში, ვითარცა უხორცო", ქუთაისი, 1986 წ.).

სარწმუნო წყაროებით დასტურდება აგრეთვე ქალთა აქტიური მონაწილეობა სამხედრო-ფიზიკურ ვარჯიშებსა და საომარ მოქმედებებში. საყოველთაოდ ცნობილია თქმულება ამორძალების შესახებ. მდინარე თერმოდონტის მიდამოებში, სადაც ძველთაგანვე ქართველური ტომები სახლობდნენ, ქალებს „ბავშვობიდან ავარჯიშებდნენ ცხენოსნობაში, მშვილდ-ისრის სროლასა და შუბის ტყორცნაში. ამორძალების შესახებ პირველ ცნობას ჰეროდოტე გვაწვდის, რომელსაც სხვადასხვა ვარიანტით გადმოგვცემენ შემდეგი დროის ბერძენი, რომაელი და ბიზანტიელი ავტორები" (იქვე). საქართველოში, კერძოდ , ხევსურეთში, არაგვისა და ალგეთის ხეობებში აღმოჩენილ ქალთა სამაროვნებში ნაპოვნია რკინის ისრის წვერები, სპილენძის ჯაჭვის პერანგი, ცხენოსნური აღკაზმულობა. ამორძალებთან ერთად უნდა გავიხსენოთ ასევე ხალხური თქმულება ამირანზე - შუმერთა მეფის გილგამეშისა და ბერძნული პრომეთეს პროტოტიპზე, უბადლო მეომარსა და მონადირეზე, რომელსაც ღვთაებრივმა ნათლიამ „დაანათლა გაქანებული ხარის სიჩქარე და სიმარდე დაქანებული ზვავისა და თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი". ამირანის სულიერი და ფიზიკური ძალმოსილების სამაგალითო ამბავი თაობიდან თაობაში გადადიოდა და საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებდა.

ქართველები, ისევე როგორც სხვა ხალხები, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ქედმოუხრელ ვაჟკაცებს, ჩუბინობით, სიჩაუქითა და სიმარჯვით განთქმულ მებრძოლებს, მონადირეებსა და მოასპარეზეთ. უწინარესად, ეს ითქმის საქართველოს მთიანეთზე, სადაც ფიზიკურ ძალას ლამის კულტად სახავდნენ. აქაური ცხოვრების წესი და მკაცრი ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გაწვრთნილობას, ამტანობასა და გამძლეობას მოითხოვდა, განუწყვეტელი ბრძოლები - მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას. ხევსურეთში, სვანეთში, ფშავსა და სხვა კუთხეში სახალხო დღესასწაულებზე თუ სხვა დღეებში რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ყმაწვილთა გასაწვრთნელად და გამოსაცდელად. „ხევსურთა ფიზიკური მომზადების საშუალებანი მრავალფეროვანია და შეიცავს: მთაში სიარულს, რბენას, ხტომას სიგრძეზე, ქვის ტყორცნას მანძილზე და მიზანში (ხელით, შურდულით), მოძრავ თამაშობებს და ცეკვას მუსიკის თანხლებით, თხილამურებზე სიარულს, ფარიკაობას, მშვილდოსნობას, ცხენოსნობას, ჭიდაობას, ნადირობას" (მ. გორგაძე, „ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორია". თბილისი, 1975 წ.). ვაჟა-ფშაველას ეთნოგრაფიულ ნარკვევში „ფშაველი და მისი წუთისოფელი", რომელიც ფშავის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასა და ჩვეულებებს გვაცნობს, მიმოხილულია ფიზიკური აღზრდის, სპორტული პაექრობის ადგილი და მნიშვნელობა. სვანეთში დღემდე შემორჩენილია ძველისძველი ხალხური თამაშობები და ორთაბრძოლები, მათ შორის ჭიდაობა, ბურთით თამაში („ლიბურთალ"), ქვის აწევა და გადატანა („ბაჩა ლიკედ"), ბადროს მსგავსი ბრტყელი ქვის ტყორცნა („ლასურ მატნოშ ბაჩა ლიკვანა") და სხვ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ასპარეზობა ყოფილა ცხენების ჭენება. დოღში, რომელსაც სადგინს უწოდებდნენ, საუკეთესო თუში მხედრები გამოდიოდნენ.

გამარჯვებულს ალამს გადასცემდნენ, რაც მეტად საპატიო ჯილდოდ ითვლებოდა. სერგი მაკალათია თავის ნაშრომში („თუშეთი", თბილისი, 1993 წ.) დეტალურად აღწერს სადგინის წესებს და იქვე გვიამბობს მშვილდოსანთა შეჯიბრებაზე, რომელსაც თუშები ღაბახს, ანუ საისრევლოს უწოდებდნენ: „მიზნად დებდნენ სხვადასხვა ნივთს (პურს, წინდას, ქისას და სხვა). ვინც მიზანში ისარს მოახვედრებდა, ნიშანიც მისი საკუთრება იყო". ამგვარი შეჯიბრება სახალხო დღესასწაულებსა და რიტუალებზე იმართებოდა. მაგალითად, „სამეგრელოში მამაკაცის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად მხედრულ შეჯიბრებებს ატარებდნენ, რომლის პროგრამაში შეტანილი იყო: დოღი 10-15 კილომეტრზე, ყაბახი, თარჩია და მიზანში სროლა" (ვ. აფრიდონიძე, ქუთაისი, 1986 წ.). ნიშანდობლივია, რომ აპოლონიოს როდოსელი (ძვ. წ. ა. III ს.) თავის ცნობილ „არგონავტიკაში" ასევე გმირთა მოსაგონებლად გამართულ კოლხურ ასპარეზობებზე წერს: „არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ" (ა. როდოსელი, „არგონავტიკა", თბილისი, 1948 წ.). ეს ცნობა მეტად ძვირფასი და საინტერესოა. როდოსელი ძვ. წ.  VIII საუკუნის ამბებს აღწერს, რაც ქართულ ასპარეზობათა ტრადიციების სიძველეს ასაბუთებს. ამას გარდა, ირკვევა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინათ ვრცელი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ.
„სამხედრო-ფიზიკური აღზრდის გარკვეული სისტემისა და მაღალი საასპარეზო კულტურის არსებობა, მათში შემავალ ფიზიკურ ვარჯიშობათა სახეებში ვარჯიშ-შეჯიბრებათა ჩატარება და წვრთნა სპეციალურ სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობათა არსებობასაც გულისხმობს და როგორც ქართული და უცხო ქვეყნების ისტორიული და ლიტერატურული პირველწყაროები ადასტურებენ, ასეთი კიდევაც არსებობდა ადრეული პერიოდიდანვე საქართველოში. აღნიშნულ წყაროებში სავარჯიშო ნაგებობათა შემდეგი სახელწოდებანია დაცული: „იპოდრომი" და "ცხენთსარბიელი", „ასპარეზი" და „მოედანი", „მერე", „ფორი", „მინდორი" და „სამღერელი", „სათამაშო" და „სამორინე სახლი" (ვ. აფრიდონიძე, ქუთაისი, 1986 წ.). პროკოპი კესარიელის მიხედვით, კოლხეთის ქალაქი აფსარე „ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით. ამჟამად აქედან სხვა არაფერი დარჩენილა, გარდა ნაშენობათა საძირკვლებისა" (გეორგიკა, ტ. 11, თბილისი, 1934 წ.). იოანე შავთელი თავის თხზულებებში არაერთხელ ახსენებს იპოდრომს და ასპარეზს: „იპოდრომსა განხმულობანი", „ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი" და ა. შ. ასევე მნიშვნელოვანია რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ჩანაწერი იბერიის მეფის ფარსმან ქველის მხედრული მამაცობის შესახებ. კასიოსის ცნობით, ფარსმანი კეისრის თხოვნით რომს სწვევია (II ს.) და თანმხლებ რაზმთან ერთად მარსის მოედანზე ქართული ასპარეზობა გაუმართავს. ცხენოსნობაში თვით ფარსმანს არ ჰყოლია ბადალი (აღტაცებულ კეისარს იბერთა მეფის ცხენიანი ქანდაკების აღმართვა უბრძანებია), ჭიდაობაში კი მეფისწულ მითრიდატეს უმარჯვია - ჯერ იქაური ფალავნები წაუქცევია, მერე კი ორი გავეშებული ხარიც დაუგდია.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ ათლეტთა გამოსაცდელად, სხვადასხვა პერიოდულობით, ხალხმრავალი ასპარეზობებიც იმართებოდა. მართალია, „ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველთა მონაწილეობა დღესდღეობით ისტორიულად დასაბუთებული არ არის, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ქართველები, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ელინთა ოლიმპიადების მსგავს სპორტულ თამაშებს მართავდნენ" (ნოდარ გუგუშვილი, „ოლიმპიური ენციკლოპედია", თბილისი, 1997 წ.). აქ უწინარესად იგულისხმება მესხი მკვლევარ-ეთნოგრაფის ივანე გვარამიძის მიერ გაზეთ „დროებაში" (¹ 217, 1882 წ., 17 ოქტომბერი) აღწერილი ე. წ. მესხური შეჯიბრებანი, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. ავტორი მიმოიხილავს ამ შეჯიბრებათა წინა ისტორიას და გვთავაზობს ვარჯიშთა ჩამონათვალს, მათ შორის „ჭიდაობის", „მჯიღვით ბრძოლის", „მხარდავერდის", „ქოფის", „ბურთაობანის" და ა. შ. აღწერილობას. ამგვარი ტურნირების კვალი ჩანს არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებში, ცნობილი სანახაობის - „ყეენობის" შესახებ შემორჩენილ ცნობებში: „ყეენობის პროგრამაში სხვა სანახაობათა შორის შეტანილი იყო ჭიდაობა, მუშტი-კრივი, ხის ხმლებით ფარიკაობა, შურდულით ქვის ტყორცნა" (ვ. აფრიდონიძე, „უშიში, ვითარცა უხორცო", ქუთაისი, 1986 წ.).

გორის ტრადიციულ ასპარეზობათა აღწერისას, ა. თუმანიშვილი ყეენობას ოლიმპიადას ადარებს: „დღემდე გააჩნიათ ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელიც მოიცავს რბენას, ცეკვებში შეჯიბრებას, მუშტებითა და ხის ხმლებით კრივს". მსგავსი თამაშები  საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებზე ბევრგან იმართებოდა და პოპულარულიც იყო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „შემდგომად წირვისა... გავიდიან ასპარეზსა მეფე და წარჩინებულნი და მრავალნი ერნი, დასვიან ყაბახსა ზედა ოქროსა ანუ ვერცხლისა ჭურჭელი რაიმე და უწყიან ჩინებულთა და უფროს ჭაბუკთა ისართა სროლა... შემდგომად ამისა იქნების ბურთაობა". XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი მეგრელებზე წერს: "ისინი კარგი მეომრები და კარგი მხედრები არიან. ძალიან დახელოვნებულნი არიან შუბის ხმარებაში. მშვილდ-ისრის სროლას ოთხი წლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც ისე კარგად ეუფლებიან მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც ახვედრებენ ისარს" ("ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში". გამომცემლობა "მეცნიერება". თბილისი,1975 წ.).

ტრადიციულ ეროვნულ ასპარეზობათა შორის უწინარესად უნდა მოვიხსენიოთ ცხენ-მხედართა შეჯიბრების პოპულარული ნაირსახეობები: ისინდი, მარულა, ყაბახი, თარჩია, მკერდაობა, ცხენბურთი (იგივე ჩოგანბურთი). მათზე მრავალფეროვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა მოგვეპოვება. ცხენბურთის დეტალურ აღწერას მრავალი მეისტორიე და მწიგნობარი გვთავაზობს, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები. ის XVII საუკუნის 50-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში, 16 წელი სამეგრელოში იცხოვრა და ქართულ ასპარეზობებზე, მათ შორის ჭიდაობაზე, ყაბახსა და ცხენბურთზე მეტად საინტერესო მასალები დაგვიტოვა: „ვინც თამაშობას იწყებს, - წერს ლამბერტი, - იგი ბურთს დადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში, და ცხენს გააჭენებს. იმას ერთი-მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთი ჩოგნით ხელში. პირველი მოთამაშე თავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი, როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლა ახტება ზემოთ, მოთამაშე თავისი ჩოგნით უკან გადაისვრის: ყოველი მოთამაშე ამ ბურთისკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს... ამგვარად თამაშობენ საღამომდის. ეს თამაშობა მეტად სასიამოვნო ვარჯიშობაა და დიდად გასართობი (არქანჯელო ლამბერტი, „სამეგრელოს აღწერა". თარგმანი ალ. ჭყონიასი. თბილისი, 1937 წ.). იმავე საუკუნის მეორე იტალიელი მისიონერი დიონიჯო კარლი ქართველებზე წერს: „ამ ხალხის ამგვარ ვარჯიშობაში ნახვას არაფერი სჯობია. პირდაპირ განსაცვიფრებელია მათ მიერ ცხენის ოსტატური, ერთმანეთზე დაუჯახებელი მართვა, მიწიდან ბურთის აღება. ამასთან ისინი ისე დაბლა იხრებიან, რომ ბევრჯერ ვიფიქრე, ესაა გადმოვარდნენ და მიწაზე ზღართანს მოადენენ-მეთქი" (დიონიჯო კარლი, „თბილისის აღწერა", თარგმანი ბეჟან გიორგაძისა. 1951 წ., კრებული 29). ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობათა ამსახველი არაერთი ტილო („ჩოგან-ბურთი", „ყაბახი", „ნიშანში სროლა", „ჩოგნით მობურთალი ქალი" და სხვ.) შექმნა ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა დონ კრისტოფორო კასტელმა, რომელიც საქართველოში 1629 წელს ჩამოვიდა და თითქმის ყველა კუთხე მოიარა. ნახატებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ავტორისეული წარწერები. მაგალითად, „ცხენოსანთა თამაში" ასეა განმარტებული: „უცქირეთ მათ მშვენიერ ცხენოსნობას, როგორ კარგად მართავენ თავიანთ ცხენებს. ესაა ხელოვნება ცხენოსნობაში, იშვიათად მიღწეული. იგი მოითხოვს დიდი მოძრაობისა და გონების თანაარსებობას. მოთამაშენი როდი ვარდებიან ცხენებიდან".

ქართველებსა და მათს მონათესავე ტომებს მაღალი საცხენოსნო სპორტული კულტურითა და ცხენთა მოშენება-გაწვრთნის ხელოვნებით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაუთქვამთ სახელი. ხეთები, სუბარები და მანაელები „განსაკუთრებით განთქმულნი ყოფილან თავისი მეცხენეობით. აქაურ მცხოვრებთ ცხენოსნობაში მეტოქე არა ჰყავდათ მთელ ურარტუში" (ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია „საქართველოს ისტორია", თბილისი, 1946 წ.). გამარჯვებულ მხედართა და ცხენთა სახელები თაობებს გადაეცემოდა, მათზე ლეგენდებს თხზავდნენ, ლექსებს და სიმღერებს უძღვნიდნენ. „ჩვენ გაგვიჭირდება ქართული კლასიკური ლიტერატურიდან რომელიმე ძეგლის დასახელება, დაწყებული „ქართლის ცხოვრებიდან" და დამთავრებული XVIII საუკუნის დასასრულის ნებისმიერი თხზულებით, რომელშიც ქართულ ასპარეზობაზე არ იყოს ლაპარაკი, ხოლო ისეთ ლიტერატურულ ძეგლებში, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი", „აბდულმესიანი", „ამირანდარეჯანიანი" და სხვა, ქართულ ასპარეზობათა ზოგიერთი სახეობა მთლიანი სახით რომ არ იყოს წარმოდგენილი. აღარას ვამბობთ ისეთ ძეგლებზე, როგორიც არის არჩილის, თეიმურაზ მეორის თხზულებანი, სადაც თამაშობათა თუ ასპარეზობათა ნორმების თითქმის მთელი კოდექსია მოცემული" (ვ. სიდამონიძე, „ქართულ ასპარეზობათა ქრონიკები", თბილისი, 1978 წ.). თვალსაჩინოებისთვის ამ ნაწარმოებებიდან რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. „ვეფხისტყაოსანი": „ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა"; „ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა"; „მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია, გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია"; „ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანად მჭევრსა, ჯავარ-სრულსა"; „მერე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულ-მან"; „ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლეს მათი საქმენი, მახლტუნდებიან, მწვრთნიდიან". „აბდულმესიანი": „სხვათა მძლეველი თვით უძლეველი, მძლედ მორკინალი"; „ჩანს მარგალიტი, ართუა ლიტი, ოდენ ბურთისა საბურთალისა". „ამირანდარეჯანიანი": „მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა, მოასპარეზესა ყველასა იმარინდო სჯობდა, ოროლითა მომღერალთა ყველასა ორდავარელი სჯობდა, ცხენოსანსა ყველასა დორად დილამი სჯობდა, მონადირესა ყოველსა მოსორ ნადირის ძე სჯობდა, მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა, მცურავსა ყველასა ღამარ ღაზნელი სჯობდა". „ქართლის ცხოვრება": „ესე დავით წელიწადის მოქცევამდე ესრეთ წაემჯობინა ყოველსა მშვილდოსანსა, ცხენოსანსა და მცურავსა მოასპარეზესა"; „კაცი... ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი, რჩეული საჩინო და მოისარი ხელოვანი". „რუსუდანიანი": „დაიბადა ვაჟი ცისკრის უნათლესი, ლომის მონაკვეთი საფალავნოდ შექმნილი ჯიშმედი ძე ხელმწიფისა, რომელიც ჭაბუკობას მიღწეული, ცხენს არბევდა და ყაბახს ესროდა... ნადირობდის, ბურთაობდის და ასპარეზობდის". „არჩილიანი": „ჩოგნის მოხვრეტა, მობანდვა, სწორისა ბურთის გამოჭრა, ბურთაობის დროსა ასპარეზს პირმხიარული გამოჭრა"; „ბურთაობა, ყაბახის სროლა, ვის რა ასპარეზს ენება". „შაჰნავაზიანი": „შეიქნა სროლა ყაბახთა, არბევენ ბედაურებსა"; „ბურთობდის და ნადირობდის, არ მიაჩნდის სხვა საქმარი". „დღისა და ღამის გაბაასება": „გითხრა სროლა ყაბახისა, მოჭირვებით ბურთობანი"; „მობურთალს ბურთი შეუგდონ შუაზედ მოედანსაო, იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდნენ გარდახრასაო".

სპორტულ ასპარეზობათა შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით სულხან-საბა ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და სხვა ცნობილ მოღვაწეთა ნაწარმოებებში. ტრადიციულ ტურნირებზე და სახელოვან ათლეტებზე მოგვითხრობენ XIX საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთები: „ივერია", „დროება", „ცისკარი", „კვალი", „იმედი", „საქართველოს მოამბე", „სასოფლო გაზეთი" და სხვ. ამ პუბლიკაციებში და სხვა მასალებში ფართოდაა წარმოდგენილი უძველესი ქართული თამაში ლელო, რომელიც ძალიან ჰგავს ინგლისურ რაგბის. ძველად ლელოს ვრცელ მინდორზე თამაშობდნენ. სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა, უბანი - უბანს, ცოლიანები - უცოლოებს, წვეროსნები - უწვეროებს. მეტოქეთა პოზიციების დამლაშქრავს ანუ ლელოს გამტანს გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ და ლელოს ბურთით ასაჩუქრებდნენ.

ლელოს მეტწილად გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში მისდევდნენ: „კვირაცხოვლობას ჩვეულებრივი ბურთაობა გამართეს გურულებმა და მეგრელებმა კახაბერში, სადაც დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა, ზოგნი მოთამაშენი და ზოგნი კიდევ მაყურებელნი... თამაშმა მთელ სამ საათს გასტანა. მოთამაშენი სიმღერით, ცეკვით და დამბაჩების სროლით დაბრუნდნენ სახლში" (გაზეთი „ივერია", 1899 წ., ¹ 92). საქართველოს ცალკეულ კუთხეებში  სხვადასხვა დროს გავრცელებული ყოფილა ჯილდაობა (საჯილდაო ქვის აწევა), ჭოროლა (ბურთის თამაში ყვანჭებით), მუშაითობა ანუ ყირამალობა („მუშაითი საბელზე მოთამაშეს ეწოდება" - სულხან-საბა ორბელიანი), მუშტი-კრივი, ყვანჭის ცემა („ცხენდაცხენ ბურთაობა მოკაუჭებული ჯოხებით" - შალვა დადიანი), მოძრავი თამაშობანი (ლახტაობა, ღოჯაობა-ლოჭაობა, რიკაობა, ოთურმა, შურდული, გრძელი ვირი და სხვ.).

ცალკე უნდა გამოვყოთ ქართული ჭიდაობა. საქართველოში, მეტადრე ქართლსა და კახეთში, დღემდე იმართება საფალავნო ტურნირები, რომლებსაც დიდძალი ხალხი ეტანება. ისევე როგორც ძველად, ჩოხოსანთა ორთაბრძოლები ღია ცის ქვეშ, ნახერხმოყრილ სარბიელზე, ცეცხლოვანი მუსიკის თანხლებით ეწყობა. ზოგჯერ, მაყურებელთა მოთხოვნით, მოჭიდავენი ჯერ ცეკვავენ, თითქოს ამ საქმეშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამასობაში კი ცეკვითვე ხურდებიან და საჭიდაოდ განეწყობიან. ქართულს ჭიდაობენ ზეზეულად, წელგამართულ დგომში, ილეთები სრულდება სწრაფად, ელვისებურად. იკრძალება წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, ძალით წამოყენება, ზურგიდან შეტევა, სარბიელიდან გაქცევა. ჭიდაობის რაინდულმა წესმა დროის გამოცდას გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. ქართულ ჭიდაობაზე არაერთი ცნობა მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში, ხალხურ ეპოსში. საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი", იოანე შავთელის „აბდულმესიანი" და სხვა ლიტერატურული ძეგლები, შუა საუკუნეების ეპიგრაფიკულ-ისტორიული ცნობები და ეთნოგრაფიული მასალები. მეტად საყურადღებოა ალავერდის ტაძრის შესასვლელთან შემონახული ნახატი (XV ს.), რომელზეც ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII-XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები, წესები, გამოჩენილ ფალავანთა ბიოგრაფიები, საქართველოში გავრცელებულ ჭიდაობათა ნაირსახეობანი (მაგალითად, რაჭული „ღოჯური", მეგრული „მოგორდია", სვანური „ლიბრგიელ", ხევსურული „მოშ და მოშ" და სხვ.).

მოგვიანებით, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც საფუძვლიანად დამკვიდრდა და აქაური ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. თბილისში თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა, მათ შორის ფიქრის გორაზე, იტალიელთა ბაღში, დიდუბეში, მახათას მთაზე, ნაძალადევში. „ჭიდაობა იმართებოდა უმთავრესად უქმე დღეებში. ერთმანეთს პირველობას ეცილებოდა ქალაქის სხვადასხვა უბანი. თბილისელთა გარდა, მონაწილეობდნენ ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები. მსაჯებად ინიშნებოდნენ მაყურებელთა წრიდან ყველაზე სახელოვანი, დარბაისელი პირნი" (ალექსი ბარნოვი, „ჭიდაობა ძველ თბილისში", თბილისი, 1967 წ., გვ. 3).

XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ნაყოფიერად მუშაობდნენ ჩეხეთის ტანვარჯიშული საზოგადოება "სოკოლის" წარმომადგენლები იულიუს გრუმლეკი, ანტონ ლუკეში, ვაცლავ კოუბა და სხვები. გავრცელდა ტანვარჯიში, ფეხბურთი, კალათბურთი, სპორტული ფარიკაობა, ჩოგბურთი, ველოსპორტი, მძლეოსნობა და სხვა კლასიკური სახეობები. XX საუკუნის დასაწყისში ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს გიორგი ნიკოლაძემ, გიორგი ეგნატაშვილმა, იოსებ ასლანიშვილმა, არჩილ ბაქრაძემ, გაიოზ ბერელაშვილმა, დათა ჯავრიშვილმა, გიორგი მერკვილაძემ, სხვა სახელოვანმა სპორტსმენებმა და სპორტის მოღვაწეებმა. ისინი პირველნი გავიდნენ საერთაშორისო სარბიელზე. მათივე თაოსნობით ტანვარჯიშული საზოგადოებების- "ამირანისა"  და „სოკოლის" ბაზაზე დაარსდა დამოუკიდებელი სპორტული საზოგადოება „შევარდენი", რომელმაც სულ ოთხი წელი (1918-1922) იარსება, მაგრამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა კლასიკური სპორტის აღმავლობა საქართველოში. ჩვენს სპორტსმენებსა და გუნდებს არაერთხელ გაუმარჯვიათ პოპულარულ სახეობებსა და ტურნირებში, თანაც  სხვადასხვა ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებაში, საბჭოთა კავშირის დროშით და დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

მეორე მსოფლიო ომამდელი საბჭოური პერიოდი. საქართველოს სპორტსმენები ამ პერიოდში უმთავრესად სსრკ პირველობებში მონაწილეობდნენ და ზოგჯერ არაოფოციალურ საერთაშორისო შეხვედრებშიც გამოდიოდნენ. პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ახალი თაობის ტანმოვარჯიშეებმა - გიორგი რცხილაძემ, პავლე როინიშვილმა, გიორგი ბაბილოძემ, ნიკოლოზ თაყაიშვილმა, ალექსანდრე ჯორჯაძემ; მძლეოსნებმა - გიორგი შხვაცაბაიამ, ვლადიმერ დიაჩკოვმა, ჰერტრუდა მაიერმა, ნინო ზალდასტანიშვილმა; მოჭიდავეებმა - არსენ მეკოკიშვილმა, ლევ ძეკონსკიმ, შალვა ჩიხლაძემ; მოკრივეებმა - შალვა გორგასლიძემ, გიორგი ვართანოვმა, ანდრო ნავასარდოვმა; ველომრბოლელმა გიორგი ლეჟავამ, ძალოსანმა მოისეი კასიანიკმა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ ქართველი ალპინისტები. „1923 წლის 28 აგვისტოს მყინვარწვერზე (5043 მ) ავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და მასწავლებელთა ჯგუფი გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე დღის შემდეგ მყინვარწვერს მიაღწიეს ალექსანდრე დიდებულიძის სამეცნიერო ექსპედიციის წევრებმაც. გ. ნიკოლაძის ჯგუფიდან მწვერვალზე ავიდა 18 მთამსვლელი, ა. დიდებულიძის ჯგუფიდან - 7" (ო. გიგინეიშვილი, „მთამსვლელობა საქართველოში", თბილისი, 1983 წ.). ამით დასაბამი მიეცა ქართულ სპორტულ ალპინიზმს და საბჭოთა ალპინიზმის ისტორიას. შემდეგ წლებში ქართველმა მთამსვლელებმა იალბუზი, თეთნულდი, უშბა და კავკასიონის სხვა სიმაღლეები. ამ ასვლებში თავი ისახელეს სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებმა, იაგორ კაზალიკაშვილმა, შოთა მიქელაძემ, სოსო ასლანიშვილმა, არჩილ გუჯეჯიანმა, გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანებმა, ჭიჭიკო ჩართოლანმა, მაქსიმე გვარლიანმა და სხვებმა. სპორტის სათამაშო სახეობებიდან სწრაფად განვითარდა ფეხბურთი და კალათბურთი. საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ფეხბურთელთა პირველი გუნდები. თბილისის „დინამომ" პირველივე საკავშირო ჩემპიონატში (1936) III ადგილი დაიკავა, 1939 და 1940 წლებში - II. ამ პერიოდში სახელი გაითქვეს შოთა შავგულიძემ, ბორის პაიჭაძემ, გაიოზ ჯეჯელავამ, ალექსანდრე დოროხოვმა, გრიგოლ გაგუამ, მიხეილ ბერძენიშვილმა, ვიქტორ ბერეჟნოიმ, ვლადიმერ ჯორბენაძემ და სხვებმა. კალათბურთელთა საკავშირო ჩემპიონატში პირველი სერიოზული წარმატება ასევე თბილისის დინამოელებმა მოიპოვეს - 1935 წელი, III ადგილი. 1939 წელს III ადგილზე გავიდა თბილისის „ლოკომოტივიც", 1944 წელს კი თბილისის ოფიცერთა სახლის ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა. ამ გუნდებში გამოირჩეოდნენ რობერტ მდივანი, შალვა ყიასაშვილი, ლევ ძეკონსკი, ლევან ფალავანდიშვილი, არჩილ წერეთელი, მიხეილ კრავცოვი, ნოდარ ჯორჯიკია, თეიმურაზ ჩუბინიშვილი და სხვები.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საბჭოური პერიოდი. ამ დროიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის სპორტული ორგანიზაციების გაერთიანება საერთაშორისო ფედერაციებში. საბჭოთა სპორტსმენებს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში, სხვა ოფიციალურ ტურნირებში. 1946 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა მძლეოსანი ნინო დუმბაძე, ერთი წლის შემდეგ ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ (სსრკ კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად). ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მედლები მოიპოვეს დავით ციმაკურიძემ (თავისუფალი ჭიდაობა), მზია ჯუღელმა (სპორტული ტანვარჯიში) და რაფაელ ჩიმიშკიანმა (ძალოსნობა), მსოფლიოს ჩემპიონისა - გივი კარტოზიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ვახტანგ ბალავაძემ (თავისუფალი ჭიდაობა), გალინა შარაბიძემ (სპორტული ტანვარჯიში), სერგო ჯაიანმა (სპორტული ტანვარჯიში). ასეთი იყო საქართველოს სპორტსმენთა დებიუტი საერთაშორისო სარბიელზე, რასაც მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოჰყვა.

ჭიდაობის ოლიმპიური სახეობები. ჭიდაობა ქართველებისთვის ტრადიციული და პოპულარული სპორტია. სწორედ ისტორიულ ფესვებზე აღმოცენდა ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. ყველაზე მეტი გამარჯვება თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ანგარიშზე მოდის. უმაღლესი სპორტული ტიტულები დაისაკუთრეს არსენ მეკოკიშვილმა, დავით ციმაკურიძემ, მირიან ცალქალამანიძემ, ვახტანგ ბალავაძემ, გიორგი სხირტლაძემ და სხვებმა. მომდევნო თაობაში გამოირჩეოდნენ ვლადიმერ რუბაშვილი, შოთა ლომიძე, ზარიბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე და ლევან თედიაშვილი, რომელსაც ჯილდოების სიმრავლით ბადალი არა ჰყავს (ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი). წინამორბედთა გზა წარმატებით გააგრძელეს ლერი ხაბელოვმა, დავით გობეჯიშვილმა, ლუკა-ელდარ კურტანიძემ, რევაზ მიმდორაშვილმა.

საქართველოს საქვეყნოდ ცნობილი ფალავნები ჰყავდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც. გივი კარტოზიამ 1953 წელს საბჭოთა მოჭიდავეთაგან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მან კიდევ ორჯერ მოიგო მსოფლიოს პირველობა, მელბურნის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონიც გახდა, რომის თამაშებში კი ბრინჯაოს მედალი მიიღო. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია რომან რურუა, რომელმაც მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა, ტოკიოში კი მეორე იყო. რომის ოლიმპიადა და 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ავთანდილ ქორიძემ. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა როსტომ აბაშიძემ, ორ-ორჯერ - ვახტანგ ბლაგიძემ (მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი) და თემურ აფხაზავამ, თითოჯერ-მიხეილ სალაძემ, თემურ ყაზარაშვილმა, გურამ გედეხაურმა, მუხრან ვახტანგაძემ და მანუჩარ კვირკველიამ, რომელიც 2008 წელს პეკინში ოლიმპიური ჩემპიონიო გახდა.

1960-იანი წლებიდან საქართველოში ფეხი მოიკიდა იაპონურმა ძიუდომ, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ქართულ ჭიდაობასთან. ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქართველ ძიუდოისტთა გამარჯვებები. დიდ სარბიელზე პირველებმა გაიკვლიეს გზა ანზორ კიკნაძემ, ანზორ ქიბროწაშვილმა, ფარნაოზ ჩიკვილაძემ. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური გამარჯვება შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა (1972), მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ოქროს მედალი კი თემურ ხუბულურმა (1979) მიიღო. მან ყველას აჯობა მომდევნო ჩემპიონატშიც (1981) მოიგო, მანამდე კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიგო (1980). ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შოთა ხაბარელი (1980), დავით ხახალეიშვილი (1992) და ზურაბ ზვიადაური (2004), ირაკლი ცირეკიძე (2008),  მსოფლიოს ჩემპიონები - ამირან ტოტიკაშვილი (1989), კობა კურტანიძე (1989) და ირაკლი ცირეკიძე (2007).

ფეხბურთი. ქართული ფეხბურთის წარმატებები უმთავრესად თბილისის „დინამოს" უკავშირდება. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონმა (1964, 1978) და თასის ორგზის მფლობელმა (1976, 1979) გუნდმა 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრა. დინამოელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გიორგი თავაძე, ზაურ სვანაძე, ვიტალი დარასელია, ნუკრი კაკილაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია. მთავარი მწვრთნელი - ნოდარ ახალკაცი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასი მოიგეს მიხეილ მესხმა და გივი ჩოხელმა (1960), ევროპის ჩემპიონატებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს მურთაზ ხურცილავამ, რევაზ ძოძუაშვილმა (1972) და თენგიზ სულაქველიძემ (1988), ოლიმპიური ჩემპიონი გახდა გელა კეტაშვილი (1988), ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსნები - მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი (1972), თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ჩელებაძე (1980). სხვადასხვა დროს სსრკ ნაკრების კაპიტნები იყვნენ მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე. იტალიის "მილანთან" ერთად ევროპის ჩემპიონთა თასს ორჯერ დაეუფლა კახი კალაძე.

კალათბურთი. ქართული კალათბურთის ლიდერმა, თბილისის „დინამომ", სსრკ ოთხგზის ჩემპიონმა (1950, 1953, 1954, 1968) და თასის ოთხგზის მფლობელმა (1949, 1950, 1951, 1969), 1962 წელს ბრწყინვალედ იასპარეზა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში-მადრიდის „რეალს" ჟენევაში ფინალური მატჩი მოუგო (90:83) და საპატიო ჯილდო მოიპოვა. „დინამოში" თამაშობდნენ: გურამ მინაშვილი, რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი, ლევან მოსეშვილი, ანზორ ლეჟავა, ამირან სხიერელი, ილარიონ ხაზარაძე, ვლადიმერ უგრეხელიძე, ალექსანდრე კილაძე, ლევან ინწკირველი, ალექსანდრე პეტროვი. მთავარი მწვრთნელი - ოთარ ქორქია.
საბჭოთა ნაკრებში არაერთ ქართველ კალათბურთელს უთამაშია. 1953-55 წლებში ამ ნაკრებს კაპიტნობდა ოთარ ქორქია, რომელიც სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, 1952 წელს კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი მიიღო. სხვადასხვა დროს ევროპის ჩემპიონები იყვნენ ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი (სამჯერ), ზურაბ საკანდელიძე (ოთხჯერ), ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ალისა ასიტაშვილი (ორჯერ); მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები - ზურაბ საკანდელიძე (ოქროს და ბრინჯაოს მედლები), ნიკოლოზ დერიუგინი (ოქრო), გურამ მინაშვილი (ბრინჯაო), ანზორ ლეჟავა (ბრინჯაო), ვლადიმერ უგრეხელიძე (ბრინჯაო); ოლიმპიური ჩემპიონები-ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია; ოლიმპიადის ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნოდარ ჯორჯიკიამ, გურამ მინაშვილმა, ვლადიმერ უგრეხელიძემ და ლევან მოსეშვილმა, ბრინჯაოსი - ზურაბ საკანდელიძემ, მიხეილ ქორქიამ, სერგეი კოვალენკომ და ნიკოლოზ დერიუგინმა. ნბა-ში ითამაშეს ვლადიმერ სტეფანიამ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და ზაზა ფაჩულიამ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, ვროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

ჭადრაკი. ქართული საჭადრაკო სკოლის გამარჯვებებს სათავე დაუდო ნონა გაფრინდაშვილმა. 1962 წლიდან მოყოლებული, მან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და პირველობა1978 წლამდე არ დაუთმია. გაფრინდაშვილი 11-ჯერ იყო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, 1976 წელს მოჭადრაკე ქალთაგან მას პირველს მიენიჭა კაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება, 1982 წელს კი პირველი „ჭადრაკის ოსკარი" გადაეცა. ნონაგაფრინდაშვილისგან ესტაფეტა მიიღო მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც ასევე ხუთჯერ (1978, 1981, 1984, 1986, 1988) მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა, ცხრაჯერ - ოლიმპიური ოქროს მედალი, ოთხჯერ - „ჭადრაკის ოსკარი". დიდ წარმატებას მიაღწიეს ნანა ალექსანდრიან, ნანა იოსელიანმა, ნინო გურიელმა და ქეთევან არახამიამ. ალექსანდრია ორჯერ იყო მსოფლიო პირველობის ფინალისტი (1975, 1981), ექვსჯერ - საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი, ერთხელ - ევროპის ჩემპიონი. იოსელიანი1988 წელს მსოფლიოს პირველობის ფინალურ მატჩში შეხვდა მაია ჩიბურდანიძეს, მოიგო ექვსი საჭადრაკო ოლიმპიადა და მრავალი საერთაშორისო ტურნირი.

„მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში თითქმის ყოველთვის მონაწილეობდნენ ქართველი მოჭადრაკეები, ოღონდ სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. სწორედ მათი წყალობით საბჭოთა ნაკრებმა თერთმეტჯერ მოიპოვა ოლიმპიადის მთავარი ჯილდო - ვერა მენჩიკის სახელობის გარდამავალი თასი. ორჯერ, 1980 და 1982 წლების ოლიმპიადებში გამარჯვებული სსრ კავშირის ნაკრები მთლიანად ქართველი დიდოსტატებით იყო დაკომპლექტებული" (თ. გიორგაძე, „ქართული ჭადრაკის მატიანე", თბილისი, 1995 წ., ტ. I.). არანაკლებ შთამბეჭდავია საჭადრაკო ოლიმპიადებში დამოუკიდებლად გამოსვლისას ნაჩვენები შედეგები.

მძლეოსნობა. 1948 წელს ნინო დუმბაძემ ბადროს ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (53,25 მ) და ეს მიღწევა ოფიციალურად აღიარა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ. 1951-52 წლებში დუმბაძემ კიდევ ორჯერ გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი. თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინამ, ელენე გოკიელმა და ლევან სანაძემ, 1960 წელს კი რომის ოლიმპიურ თამაშებში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სიმაღლეზე მხტომელმა რობერტ შავლაყაძემ. უნიკალურია ვიქტორ სანეევის სპორტული მიღწევა: მან სამხტომში ზედიზედ მოიგო სამი ოლიმპიადა (1968, 1972, 1976), მეოთხე თამაშებში (1980) კი ვერცხლის მედალი მიიღო. ვიქტორ სანეევი ევროპის შვიდგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენია. მომდევნო თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ ანატოლი მოშიაშვილი, საიდა გუმბა, მაია აზარაშვილი.

სპორტის სხვა სახეობები. საქართველოს თითქმის ყველა სახეობაში ჰყავდა სპორტსმენები, რომლებმაც სხვადასხვა დროს უმაღლესი სპორტული ტიტულები მოიპოვეს. აქ მხოლოდ ზოგიერთს დავასახელებთ: მოფარიკავეები - ნუგზარ ასათიანი, გურამ კოსტავა, ვლადიმერ აფციაური; ტყვიის მსროლელები - ნინო სალუქვაძე, ტარიელ ჟღენტი, თამაზ იმნაიშვილი; ჩოგბურთელები - ალექსანდრე მეტრეველი, თეიმურაზ კაკულია, ლეილა მესხი; ტანმოვარჯიშეები -მზია ჯუღელი, სერგო ჯაიანი, რუსუდან სიხარულიძე, ვლადიმერ გოგოლაძე, ირინე გაბაშვილი; ძალოსნები - დიტო შანიძე, კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე; მშვილდოსანები ქეთევან ლოსაბერიძე, ველომრბოლელი ომარ ფხაკაძე, ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა, ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი; წყალბურთელები - ნოდარ გვახარია, გივი ჩიქვანაია, ლერი გოგოლაძე, ვლადიმერ ისელიძე, მიხეილ გიორგაძე; ხელბურთელები - ჯემალ ცერცვაძე, ალექსანდრე ანპიგოლოვი; ბატუტზე მხტომელი რუსუდან ხოფერია; მოცურავეები - თინათინ ლეკვეიშვილი, ბორის ნიკიტინი; სამბისტები - ჯონდო მუზაშვილი, სერგეი ტერნოვიხი, ჯემალ მჭედლიშვილი, არჩილ ჩოხელი.

1992-2011 წლები. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს სპორტსმენები დამოუკიდებლად გამოდიან ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ამ პერიოდის შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოჭადრაკე ქალთა გამოსვლები საჭადრაკო ოლიმპიადებზე: საქართველოს ნაკრებმა ოთხჯერ მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესი გუნდის სახელი და ოქროს მედლები. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ გიორგი კანდელაკი (კრივი, 1997), მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2001), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა, 2001), ლუკა-ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 2002, 2003), მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2003), რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 2006), რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოთხჯერ მოიგო ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ორჯერ - მსოფლიოს ჩემპიონატი. ევროპის ერთა თასი სამჯერ დაისაკუთრა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც ასევე სამჯერ მოიპოვა მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური. 2004 წელს მსოფლიოს თასის გათამაშებაში გაიმარჯვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა. იმავე 2004 წელს ათენის XXVIII ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს ზურაბ ზვიადაურმა (ძიუდო) და გიორგი ასანიძემ (ძალოსნობა), პეკინის ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს მანუჩარ კვირკველიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რევაზ მინდორაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და ირაკლი ცირეკიძემ (ძიუდო).