ტოკიო 2020
22 აპრილი 2025
XXXII ოლიმპიური თამაშები
ტოკიო, იაპონია
2021 წლის 23 ივლისი - 8 აგვისტო
მონაწილე ქვეყანა - 206
სპორტსმენი - 11 319 (5409 ქალი და 5910 კაცი)
სპორტის სახეობა - 33
მედლების კომპლექტი - 339
სტადიონი - იაპონიის ეროვნული სტადიონი
ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: კალებ დრესელი (ცურვა, აშშ) - 5,0,0
ქალებში: ემა მაკეონი (ცურვა, ავსტრალია) - 4,0,3
ქვეყნები და მედლები (10 საუკეთესო გუნდი)
1. აშშ 39 41 33
2. ჩინეთი 38 32 19
3. იაპონია 27 14 17
4. დიდი ბრიტანეთი 22 20 22
5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 20 28 23
6. ავსტრალია 17 7 22
7. ნიდერლანდები 10 12 14
8. საფრანგეთი 10 12 11
9. გერმანია 10 11 16
10. იტალია 10 10 20
ტოკიო XXXII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქად 2013 წლის 7 სექტემბერს, ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესიაზე აირჩიეს. თავდაპირველად განსაზღვრული თარიღით თამაშები უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ 2020 წლის იანვარში კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების გამო, კალენდარში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. ამ მხრივ ისტორიული დღე გამოდგა 2020 წლის 24 მარტი - თამაშების გახსნამდე 122 დღით ადრე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე და IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი XXXII ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადებაზე შეთანხმდნენ.
დადგინდა ახალი თარიღიც - 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. ასევე გადაწყდა, რომ მარკეტინგული მიზნებისთვის შენარჩუნებულიყო ბრენდის სახელი - ტოკიო-2020.
თანამედროვე ოლიმპიური თამაშების 124-წლიან ისტორიას ახსოვს 1980 წლის მოსკოვის და 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშების ბოიკოტები, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო სამჯერ - 1916, 1940 და 1944 წლებში გაუქმებული ოლიმპიური თამაშები, მაგრამ პირველად მოხდა, რომ საგანგებო გარემოების გამო, თამაშები გადაავადეს და არ გააუქმეს. გარდა ამისა, პირველად ჩატარდა ოლიმპიური თამაშები არა ნაკიან წელიწადს, პირველად - მაყურებლის გარეშე. იაპონიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებს არ ჰყავდა მაყურებელი. გახსნის ცერემონიაზე მხოლოდ ათასამდე საპატიო სტუმარი დაუშვეს.
იაპონიის დედაქალაქს 206 ქვეყანა ეწვია. მათ შორის იყო დევნილთა გუნდი და დოპინგ მანიპულაციებისთვის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთილი რუსეთი, რომელიც ტოკიოში სახელმწიფო დროშის და ჰიმნის გარეშე, ROC-ის აკრონიმით (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) დაუშვეს.
კოვიდპანდემიის გამო, ტოკიოს თამაშებზე მონაწილეობაზე უარი თქვა ჩრდილოეთ კორეამ.
ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით პირველად წარდგა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია. ესვატინის სახელით ასევე დებიუტი ჰქონდა სვაზილენდს.
პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში გადაწყდა, რომ გახსნის ცერემონიაზე თითოეული ქვეყანას დელეგაციათა აღლუმზე ეყოლებოდა ქალი და კაცი მედროშე.
ტოკიოს სარბიელზე არსებულ ოლიმპიურ სახეობებს დაემატა ახალი დისციპლინები. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გენდერულობის პრინციპის დასაცავად. მათ შორის, პირველად გათამაშდა მედლები ძიუდოს შერეულ გუნდურში. რბენაში 4X400-ზე შერეულ ესტაფეტაში, მოცურავეთა 4X100-ზე კომბინირებულ შერეულ ესტაფეტაში, ჩოგბურთში და მაგიდის ჩოგბურთში შერეულ წყვილებში, მშვილდოსნობაში შერეულ გუნდურში, ტრიათლონში შერეულ ასპარეზობაში. ასევე რიგ დისციპლინებში პირველად იასპარეზეს ქალებმა.
IOC-ის ახალი პოლიტიკის გათვალისწინებით, XXXII თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ოლიმპიურ პროგრამაში სპორტის იმ სახეობების ერთჯერადად შეტანის უფლება მისცა, რომელიც თავად სურდათ. შედეგად, იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების პროგრამაში შეიტანა ბეისბოლი და სოფტბოლი (2008 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ პროგრამას), კარატე, სპორტული ცოცვა, სერფინგი და სკეიტბორდინგი. აქედან ბოლო ოთხს ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა, ბოლო სამი კი შემდეგი თამაშებისთვისაც შენარჩუნდა.
მთლიანობაში, ტოკიო-2020-ის პროგრამაში წარმოდგენილი იყო 33 სახეობა, სადაც მედლების 339 კომპლექტი გათამაშდა.
საერთო ჩათვლაში 39 ოქროს მედლით პირველ ადგილზე აშშ გავიდა, ასევე პირველზე გავიდა მედლების საერთო რაოდენობითაც (113). მეორე ადგილი ერგო ჩინეთს (38 და 89). უმაღლესი სინჯის 27 მედლით მესამეზე გავიდა იაპონია. ეს კი იაპონიისთვის რეკორდული შედეგია. გარდა ამისა, მათთვის რეკორდული გამოდგა მოპოვებული მედლების საერთო მაჩვენებელიც (58).
ისტორიაში პირველად, ოქროს მედლები მოიპოვეს ბერმუდამ, ფილიპინებმა და კატარმა. პირველად მოიპოვეს ოლიმპიური ჯილდოები ბურკინა ფასომ, სან მარინომ და თურქმენეთმა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასამდე ოლიმპიური და 33 მსოფლიო რეკორდი დამყარდა.რეკორდსმენთა შორის იყო ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდები დაამყარა.
სპორტსმენებიდან ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს მოცურავეებმა. კაცებში საუკეთესო იყო ამერიკელი კალებ დრესელი, რომელმაც ხუთი ოქროს მედალი დაისაკუთრა, ქალებში გამორჩეული შედეგი ჰქონდა ავსტრალიელ მოცურავე ემა მაკეონს, რომელმაც 4 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია მაუნტინბაიკსა და 100 მეტრზე რბენაში ქალთა ასპარეზობაც. მაუნტინბაიკში სამივე საპრიზო ადგილზე შვეიცარიელები - იოლანდა ნეფი, სინა ფრაი და ლინდა ინდერგანდი გავიდნენ. სპრინტერთა სამეული კი იამაიკელებმა ელეინ ტომპსონ ერამ, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა და შერიკა ჯეკსონმა შეადგინეს.
კვლავაც საუკეთესოები იყვნენ კორეელი მშვილდოსნები, რომლებმაც ხუთიდან ოთხი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვეს. წყალში ხტომაში რვიდან შვიდი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი ჩინელებს დარჩათ. სკეიტბორდინგში ოთხიდან სამი ოქრო მასპინძლებს დარჩათ, ხოლო მაგიდის ჩოგბურთში ხუთიდან ოთხი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი ჩინელებმა დაიმსახურეს.