ერთი ჩემპიონის ისტორია

პარიზი 2024

22 აპრილი 2025

 

XXXIII ოლიმპიური თამაშები

პარიზი, საფრანგეთი

2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტო

მონაწილე ქვეყანა - 206

სპორტსმენი - 10 714

სპორტის სახეობა -32

მედლების კომპლექტი - 329

სტადიონი - ტროკადეროს ბაღები და მდინარე სენა

ყველაზე მეტი ოქროს მედალი

კაცებში: ლეონ მარშანი (ცურვა, საფრანგეთი)-4,0,1

ქალებში: ტორი ჰასკი (ცურვა, აშშ) 3,2,0

 

ქვეყნები და მედლები (10 საუკეთესო გუნდი)

1. აშშ   40   44   42                         

2. ჩინეთი  40   27   24

3. იაპონია    20   12   13

4. ავსტრალია   18   19   16

5. საფრანგეთი   16   26   22

6. ნიდერლანდები   15   7   12

7. დიდი ბრიტანეთი    14   22   29

8. კორეა   13   19   10

9. იტალია   12    13   15

10. გერმანია   12   13   8

 

პარიზი XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძლად 2017 წლის 13 სექტემბერს, ლიმაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 131-ე სესიაზე ლოს ანჯელესთან პაექრობაში აირჩიეს. საფრანგეთის დედაქალაქმა ოლიმპიურ თამაშებს პირველად 1900 წელს უმასპინძლა, ბოლოს კი - 1924 წელს. ასე რომ, პარიზი მეორეა ლონდონის შემდეგ (1908, 1948 და 2012), რომელსაც მესამედ ერგო ოთხწლეულის უმთავრეს ასპარეზობათა მასპინძლობა.

რადგან კოვიდპანდემიის გამო, ტოკიოს თამაშები 2020 წლის ნაცვლად ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა, შესაბამისად,  პარიზის ოლიმპიური თამაშებამდე სამწლიანი პერიოდი იყო.  თამაშებიდან თამაშებამდე ასეთი მოკლე ინტერვალი არასდროს ყოფილა.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ჩატარდა სტადიონს მიღმა, ღია ცის ქვეშ, მდინარე სენაზე, რომელიც პარიზის ცენტრს შუაზე კვეთს.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებს 206 ქვეყნის 10 714 სპორტსმენი ეწვია. მათ შორის, დევნილთა ოლიმპიური გუნდი და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტების სახელით მოასპარეზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.

პარიზის ოლიმპიურ სარბიელზე სპორტის 32 სახეობაში მედლების 329 კომპლექტი გათამაშდა - 10 მედლით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა თამაშებზე.

პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქალი და კაცი სპორტსმენები თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი.

სპორტის 32 სახეობიდან 28-ში სრული გენდერული თანასწორობა იყო მიღწეული. სამართლიანად განაწილდა მედლებიც - ჯილდოების 152 კომპლექტი ქალებმა გაითამაშეს, 157 - კაცებმა, 20 კი შერეულმა წყვილებმა და გუნდებმა.

ისტორიაში პირველად, საქართველომ შერეულ გუნდურ  შეჯიბრებაშიც (ძიუდოში ქალების და კაცების გაერთიანებული გუნდი) იასპარეზა.

პარიზის გარდა, ოლიმპიადას საფრანგეთის სხვა ქალაქებმაც უმასპინძლეს. საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა ბორდოში, ნანტში, ლიონში, სენტ ეტიენში, ნიცაში და მარსელში. ასევე მარსელში ჩატარდა აფროსანთა შეჯიბრებები, ხოლო კალათბურთში ჯგუფურ შეხვედრებს და ხელბურთელთა ფინალებს უმასპინძლა ლილმა.

XXXIII ოლიმპიური თამაშები სხვა მხრივაც შევიდა ისტორიაში. მაგალითად, სერფერებმა პარიზიდან ძალიან შორს, 15 ათასი კილომეტრის დაშორებით, საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულ ტაიტიზე იასპარეზეს და ერთგვარი რეკორდიც დაამყარეს - ოლიმპიური დედაქალაქიდან ოლიმპიური არენა ასე შორს ჯერ არ მოუწყვიათ.

ისტორიაში პირველად, მარათონი ღია იყო როგორც ოლიმპიელებისთვის, ისე მოყვარული მორბენალებისთვის.

მედლების ყველაზე მეტი კომპლექტი გათამაშდა საწყლოსნო სახეობებში (49) და  მძლეოსნობაში (48). პარიზში შედგა ბრეიკდანსის ოლიმპიური ნათლობა.

აშშ-ის გუნდმა 40 ოქროს მედლით საერთო ჩათვლაში ზედიზედ მეოთხედ, მთლიანობაში კი მეცხრამეტედ, პირველი ადგილი დაიკავა. ასევე უმაღლესი სინჯის 40 მედალი მოიპოვა ჩინეთმა, რითაც თანაზიარი გახდა აშშ-ის გუნდთან, მაგრამ ნაკლები ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით მეორე ადგილზე გავიდა.

პირველად მოიპოვეს ოქროს მედლები ბოტსვანამ, დომინიკმა, გვატემალამ და სენტ ლუსიამ. მათ შორის, პირველი მედალი (განურჩევლად ხარისხისა) მოიპოვა დომინიკმა და სენ ლუსიამ. ასევე პირველი მედლები დაიმსახურეს ალბანეთმა და კაბო ვერდემ. პირველი მედალი მოიპოვა დევნილთა გუნდის წარმომადგენელმაც.

ოლიმპიელთაგან ყველაზე დიდ შედეგებს მიაღწია ფრანგმა მოცურავე ლეონ მარშანმა, რომელმაც ოთხი ოქროს და ერთიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ამერიკელ მოცურავეს ტორი ჰასკის, რომელმაც სამი ოქროს და ორი ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 53 ოლიმპიური და 25 მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

აღსანიშნავია, რომ  ველოსპორტში (BMX)კაცებში სამივე საპრიზო ადგილზე ფრანგები გავიდნენ.

კორეელმა მშვილდოსნებმა ხუთიდან ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. უზბეკმა მოკრივეებმა შვიდი წონიდან ხუთში ჩემპიონობა იზეიმეს.

წყალში ხტომაში რვიდან რვა ოქროს მედალი ჩინელებმა დაისაკუთრეს. მაგიდის ჩოგბურთში გათამაშებული ხუთივე ოქროს მედალიც ჩინელების საკუთრებაში აღმოჩნდა.