ერთი ჩემპიონის ისტორია

მეხიკო 1968

25 ივნისი 2012

XIX ოლიმპიური თამაშები 1968, 12-27 ოქტომბერი. მეხიკო, მექსიკა.

სხვა კანდიდატები:

  • ბუენოს-აირესი
  • დეტროიტი
  • ლიონი

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 18

მედლების კომპლექტი: 172

მონაწილეობდა 112 ქვეყნის 5530 სპორტსმენი (მათ შორის - 781 ქალი).

თამაშები გახსნა მექსიკის პრეზიდენტმა გუსტავო დიას ორდასმა.

ათლეტთა სახელით ფიცი დადო პაბლო გარიდო ლუგომ (მძლეოსნობა)

ოლიმპიადის გმირები: რობერტ ბიმონი (აშშ) და დიკ ფოსბიურიი (აშშ)

ოლიმპიადის მეხიკოში ჩატარება 1963 წლის 18 ოქტომბერს გადაწყდა სოკის 55-ე სესიაზე ბადენ-ბადენში. მექსიკის დედაქალაქმა პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით დაამარცხა კონკურენტები. სოკის ამ გადაწყვეტილებამ სპორტული სამყაროს გაოცება და ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია, რისი მიზეზიც მეხიკოს გეოგრაფიული მდებარეობა იყო. არავინ იცოდა, როგორ იმოქმედებდა სპორტსმენებზე ჟანგბადის უკმარისობა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა 2134 მეტრის სიმაღლეზე. ოლიმპიადისთვის სამზადისში აქტიურად ჩაერთნენ მედიცინის მუშაკები. მეხიკოს ესტუმრა სხვადასხვა ქვეყნის ასამდე სამედიცინო კომისია. ადგილზე პირობების შესწავლის შემდეგ სპეციალისტთა დასკვნა ასეთი იყო: გაიშვიათებული ჰაერი ხელს არ შეუშლის სპორტსმენებს მაღალი შედეგების მიღწევაში, ზოგიერთ სახეობაში კი პირიქით, დაეხმარება კიდევაცო. ოლიმპიადასთან დაკავშირებით წარმოიშვა პოლიტიკური პრობლემებიც: მექსიკელი სტუდენტები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ მთავრობა ოლიმპიადის ჩასატარებლად უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა. მეხიკოს ცენტრში 10-ათასიანი მიტინგი გაიმართა. პოლიცია რომ ვერას გახდა, ხელისუფლებამ არმიას უხმო და 1968 წლის 2 ოქტომბერს, თამაშების გახსნამდე ათი დღით ადრე, სამხედროებმა მიტინგი დაარბიეს. 250-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა, ათასობით ადამიანი დაიჭრა. პარალელურად, სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი ედვარდსი შავკანიანებს ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებდა ამერიკის საზოგადოებაში გამეფებული რასიზმისადმი პროტესტის ნიშნად. ბიოკოტი არ შედგა, მაგრამ ედვარდსის ამ მოწოდებამ გამოძახილი პოვა 200 მეტრზე რბენაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე ავსტრალიელ პიტერ ნორმანთან ერთად ორი შავკანიანი ამერიკელი იდგა - ოლიმპიური ჩემპიონი ტომი სმითი და მესამე პრიზიორი ჯონ კარლოსი. ისინი იდგნენ ფეხშიშველნი, თავჩაქინდრულნი, და როცა ფლაგშტოკზე ამერიკის დროშები ააფრიალეს, ორივემ ზურგი შეაქცია მას. სოკმა ორივე ათლეტს აუკრძალა შემდეგ ოლიმპიადებში მონაწილეობა და დაუყოვნებლივ დაატოვებინა ოლიმპიური სოფელი. ამის მიუხედავად, ანალოგიური საპროტესტი ჟესტი გაიმეორა დაჯილდოების ცერემონიაზე 400 მეტრზე ესტაფეტაში გამარჯვებულმა ამერიკელთა ოთხეულმა - ვინსენტ მეთიუსმა, რონალდ ფრიმენმა, ლარი ჯეიმსმა და ლი ევანსმა.

ოლიმპიური ჩირაღდანი მეხიკოში პირველად აანთო ქალმა. ეს იყო მორბენალი ენრიკეტა ბასილიო. ოლიმპიადის მონაწილე ყველა ქალმა, პირველად სპორტის ისტორიაში, გაიარა სპეციალური ტესტი სქესზე. მძლეოსნობის იმ დისციპლინებში, სადაც სისწრაფე უფრო იყო საჭირო, ვიდრე გამძლეობა, რეკორდები დამყარდა, ხოლო გრძელ დისტანციებზე რბენაში ჩემპიონებმა ისეთი შედეგებით გაიმარჯვეს, წინა ოლიმპიადებზე ათეულშიც კი ვერ მოხვდებოდნენ. სულ მეხიკოში 82 ოლიმპიური რეკორდი გაუმჯობესდა, მათ შორის - 26 მსოფლიოსი. კერძოდ, მძლეოსნებმა 27 ოლიმპიური და 14 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, ძალოსნებმა - 23 (2), მოცურავეებმა - 23 (6), მსროლელებმა - 6 (2), ველოსიპედისტებმა - 3 (2).

მეხიკოში დამყარებულმა ზოგიერთმა რეკორდმა ათეული წლები გაძლო. ამ მიღწევათა შორის განსაკუთრებულია რობერტ ბიმონის მსოფლიო რეკორდი სიგრძეზე ხტომაში - 890 სმ (წინანდელ რეკორდს 55 სმ-ით გადააჭარბა).

ამ რეკორდმა 23 წელიწადს გაძლო. მეხიკოს ოლიმპიადა ისტორიაში შევიდა სიმაღლეზე მხტომელთა შეჯიბრებითაც. მაშინ, როცა 21 წლის ამერიკელი რიჩარდ ფოსბიური პირველ ცდაზე თამასას ზურგით გადაევლო, სიმაღლეზე ხტომაში ახალი ეპოქა დაიწყო. ნოვატორი ფოსბიური ახალი სტილის წყალობით, რომელსაც „ფოსბიური ფლოპი" უწოდეს, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მეხიკოში, სიახლე კი მალე საყოველთაოდ გავრცელდა და უკვე მომდევნო ოლიმპიადაზე ყველა სიმაღლეზე მხტომელი სწორედ ამ სტილს იყენებდა. 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჩეხოსლოვაკიელმა ტანმოვარჯიშემ ვერა ჩასლავსკამ, 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი - იაპონელმა ტანმოვარჯიშემ აკიორი ნაკაიამამ; 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს ჯილდო დაიმსახურა მისმა თანაგუნდელმა სავაო კატომ. ამერიკელმა მოცურავეებმა ჩარლზ ჰიკოქსმა და დები მაიერმა 3-3 ოქროს მედალი მოიგეს. ჰიკოქსმა ამასთან 1 ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადა მოიგო ლეგენდარულმა ამერიკელმა ბადროს მტყორცნელმა ალფრედ ორტერმა. მელბურნიდან მოყოლებული, იგი ყოველ ოლიმპიადაზე აუმჯობესებდა თავის რეკორდს, რომელიც მეხიკოში 64,78 მეტრამდე აიყვანა.

მეხიკოში მოიპოვა თავისი პირველი ოლიმპიური მედალი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენმა ვიქტორ სანეევმა. მეხიკოს თამაშებზე მძლეოსნობაში დამყარებული 26 მსოფლიო რეკორდიდან ერთი ვიქტორ სანეევს ეკუთვნის. მან უკან მოიტოვა უძლიერესი სამმხტომელები - ბრაზილიელი ნელსონ პრუდენსიო და იტალიელი ჯუზეპე ჯენტილე და ახალი მსოფლიო რეკორდით (17,39 მ) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. წინა თამაშების ვერცხლის პრიზიორმა რომან რურუამ ამჯერად ოქროს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ვერცხლის მედლები დაიმსახურეს შოთა ლომიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) და დიტო შანიძემ (ძალოსნობა), ბრინჯაოს მედლები - ზურაბ საკანდელიძემ და სერგეი კოვალენკომ (ორივე - კალათბურთი).

პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, 5000 და 10000 მეტრზე რბენაში ყველა საპრიზო ადგილი აფრიკელმა სპორტსმენებმა დაიკავეს. მესამე ოლიმპიური გამარჯვებისთვის იბრძოდა ეთიოპიელი მარათონელი აბებე ბიკილა, მაგრამ მეხიკოს მზეს და უჟანგბადობას ვერ გაუძლო და 25-ე კილომეტრზე რბენა შეწყვიტა. ოლიმპიური ჩემპიონი კი მაინც ეთიოპიელი გახდა - მამო ვოლდე. მეხიკოში პირველად, ცალ-ცალკე გუნდებით, მაგრამ ერთი დროშით გამოვიდნენ გფრ და გდრ.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები - XIX ოლიმპიადა, მეხიკო.14 მონაწილე. 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. რომან რურუა (კლასიკური ჭიდაობა) - I, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) - I, დიტო შანიძე (ძალოსნობა) - II, შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - II, ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) - III, სერგეი კოვალენკო (კალათბურთი) - III, შოთა ქველიაშვილი (ტყვიის სროლა) - IV, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) - IV, თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) - IV, ზარბეგ ბერიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - V, ბორის პოლულიახი (წყალში ხტომა) - XX, ლიუდმილა იევლევა (მძლეოსნობა) - IV ადგილი გარბენში, გურამ გუდაშვილი (მძლეოსნობა) - ფინალში ვერ მოხვდა, იგორ დელა-როსა (მძლეოსნობა) - შეჯიბრება ვერ დაამთავრა.