მონრეალი 1976
25 ივნისი 2012
XXI ოლიმპიური თამაშები 1976, 17 ივლისი - 1 აგვისტო. მონრეალი, კანადა.
სხვა კანდიდატები: მოსკოვი, ლო-ანჯელესი
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 21
მედლების კომპლექტი: 198
მონაწილეობდა 92 ქვეყნის 6028 სპორტსმენი (მათ შორის - 1247 ქალი).
თამაშები გახსნა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ II-მ.
ათლეტთა სახელით ფიცი დადო პიერ სენტ ჟანმა (ძალოსნობა).
ოლიმპიადის გმირები:ნიკოლაი ანდრიანოვი (სსრკ) და კორნელია ენდერი (გდრ)
წინა ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევნებში დამარცხებულმა მონრეალმა, 1970 წლის 13 მაისს ამსტერდამში გამართულ სოკის 67-ე სესიაზე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და XXI თამაშების ჩატარების უფლება მიიღო. სოკი იმედოვნებდა, რომ მონრეალში ასპარეზობა მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ ოლიმპიადას მოულოდნელად საფრთხე დაემუქრა. გაჭიანურებული ზამთრის გამო ბევრი ოლიმპიური ობიექტის დასრულება ვერ მოასწრეს. კანადელებმა არ გაიზიარეს მონრეალის მმართველთა ოპტიმიზმი მოსალოდნელ მორალურ და ფინანსურ სარგებელთან დაკავშირებით და მართალიც გამოდგნენ: ხარჯებმა 310 მილიონის ნაცვლად 2 მილიარდ დოლარს მიაღწია და ქვეყნის მოსახლეობა ოლიმპიადის შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იხდიდა ფულს ამ ხარჯების დასაფარავად. კანადელთა უკმაყოფილებას ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიანის, 22 აფრიკული ქვეყნისა და ტაივანის ბიოკოტი დაერთო. გაიანისა და აფრიკელების პროტესტი გამოიწვია ახალზელანდიელი მორაგბეების ტურნემ სამხრეთ აფრიკაში, რომელიც აპარტეიდული პოლიტიკის გამო საერთაშორისო სპორტულ ცხოვრებას მოკვეთილი იყო. ტურნეს შემდეგ აფრიკულმა ქვეყნებმა მოითხოვეს, არ დაეშვათ ახალი ზელანდია ოლიმპიადაზე, მაგრამ სოკმა ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ახალზელანდიელები მონრეალში ჩავიდნენ, აფრიკის 22 ქვეყნისა და გაიანის სპორტსმენები კი - არა. ტაივანის პროტესტი გამოწვეული იყო მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ შეეშვა ტაივანელი სპორტსმენები კანადის ტერიტორიაზე, რადგან ამ სახელმწიფოს არ ცნობდა. სოკმა კანადის მთავრობას შეახსენა მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნების დაცვას ითვალისწინებდა და კანადის ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ტაივანელ სპორტსმენებს არ მისცა უფლება, რომ თამაშებზე გამოეყენებინათ თავიანთი ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება - ჩინეთის რესპუბლიკა. ასეთი პირობით გამოსვლა ტაივანმა არ მოინდომა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ახალი ბოიკოტის მუქარით მხარი დაუჭირა ტაივანს, კანადელებს გადაწყვეტილება აღარ შეუცვლიათ. მონრეალის თამაშებში ტაივანელები არ გამოსულან. რაც შეეხება ჩინეთს, რაკი სოკმა და ორგანიზატორებმა ტაივანს უპირობო უარი არ უთხრეს, თავადაც უარი განაცხადეს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.
პირველად მსოფლიოში, მონრეალის სტადიონის ელიფსის ორივე მხარეს დამონტაჟდა გიგანტური ტელეეკრანები (20X10 მ) სპორტული ეპიზოდების შენელებული გამეორებისთვის. მეორე სიახლე იყო ტალღების ჩამხშობი კონსტრუქცია საცურაო აუზში. ასევე პირველად გამოიყენეს საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლის ტრანსპორტირების ულტრათანამედროვე მეთოდი: მორბენალთა მიერ ოლიმპიიდან ათენში ჩატანილი ჩირაღდნიდან ანთებული ცეცხლის ალი ელექტრონულ სიგნალად იქცა და თანამგზავრის მეშვეობით, ფაქტობრივად იმავდროულად ოტავაში, კანადის ფედერალური პარლამენტის შენობის წინ აგიზგიზდა. იქიდან მონრეალამდე ოლიმპიური ჩირაღდანი კვლავ მორბენალთა ესტაფეტით ჩაატარეს. მონრეალის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი აანთეს 16 წლის სტეფანი პრეფონტენმა და 15 წლის სანდრა ჰენდერსონმა. ერთი გოგონა კანადის ფრანგულენოვან მოსახლეობას წარმოადგენდა, მეორე - ინგლისურენოვანს.
აფრიკელთა არყოფნის მიუხედავად, მძლეოსნებმა საკმაოდ მაღალი შედეგები უჩვენეს. დასამახსოვრებელი იყო კუბელი ალბერტო ხუანტორენასა (200 და 400 მეტრზე) და ფინელი ლასე ვირენის (5 000 და 10 000 მეტრზე) გამარჯვებები. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა რუსი მორბენალი ტატიანა კაზანკინაც, რომელმაც 800- და 1500-მეტრიან დისტანციებზე გაიმარჯვა. ვიქტორ სანეევმა ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო სამხტომში; 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მიიღო ნადია კომანეჩიმ (რუმინეთი); ის პირველი და ერთადერთი სპორტსმენია ტანვარჯიშის ისტორიაში, რომელსაც შვიდივე მსაჯმა უმაღლესი შეფასება მისცა და ეს სწორედ მონრეალში მოხდა. ტანმოვარჯიშე კაცთა შეჯიბრებაში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ნიკოლაი ანდრიანოვმა (სსრკ). 4-4 ოქროსა და თითო ვერცხლის მედალი დაიმსახურა ორმა მოცურავემ: ამერიკელმა ჯონ ნეიბერმა და აღმოსავლეთგერმანელმა კორნელია ენდერმა. ცურვაში ასპარეზობა ამ ორი ქვეყნის სპორტსმენთა უპირატესობით წარიმართა: აშშ-ის კაცთა ნაკრებმა13 ოქროს მედალი მიიღო, გდრ-ის ქალთა გუნდმა - 11.
უნგრელი ოლიმპიური ჩემპიონის, იმრე ნემეტის ვაჟმა, მიკლოშ ნემეტიმ შუბის მტყორცნელთა შეჯიბრება მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში, როცა ოლიმპიური ჩემპიონის შვილი თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ბერმუდელი მოკრივის კლარენს ჰილის წყალობით, რომელმაც III ადგილი დაიკავა, ბერმუდის კუნძულები გახდა მსოფლიოს ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. მონრეალში პირველად გაიმართა ქალთა შეჯიბრებები აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ამას გარდა, თამაშების პროგრამაში ქალებისათვის შეიტანეს ორი ახალი დისციპლინა: კალათბურთი და ხელბურთი. ერთშიც და მეორეშიც საბჭოთა ქალებმა გაიმარჯვეს. ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვეს საბჭოთა კავშირის ხელბურთელმა კაცებმა, რომელთა შორის იყო თბილისელი ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა სპორტსმენების უპირატესობა აშკარა იყო ძიუდოში და ჭიდაობის ორივე სახეობაში. ძიუდოში მათ 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ასეთი წარმატება სსრ კავშირის მოჭიდავეებს არასოდეს მოუპოვებიათ. ქვემძიმე წონაში ვერცხლის მედალი მოიგო რამაზ ხარშილაძემ. მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა შოთა ჩოჩიშვილმა აბსოლუტურ პირველობაში III ადგილი დაიკავა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საბჭოთა ფალავნებმა 7 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგეს, თავისუფალში - 5 ოქროსი და 3 ვერცხლისა. თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა ლევან თედიაშვილი, რომელიც მონრეალის თამაშების საუკეთესო ფალავნად აღიარეს. მიუნხენის თამაშების ჩემპიონმა მიხეილ ქორქიამ (კალათბურთი) ამჯერად ბრინჯაოს მედალი მიიღო.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
XXI ოლიმპიადა, მონრეალი.11 მონაწილე. 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - I, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) - I, ალექსანდრე ანპილოგოვი (ხელბურთი) - I, რამაზ ხარშილაძე (ძიუდო) - II, შოთა ჩოჩიშვილი (ძიუდო) - III, მიხეილ ქორქია (კალათბურთი) - III, იგორ ომელჩენკო (ცურვა) - V, ვლადიმერ ისელიძე წყალბურთი - VIII, იგორ კუშპელიოვი (ცურვა) - X, მარლენ პაპავა (ტყვიის სროლა) - XXVI, ოლეგ ზურაბიანი (ძიუდო) - I წრე.