ერთი ჩემპიონის ისტორია

ლეიქ პლესიდი 1980

25 ივნისი 2012

XIII ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1980, 13-24 თებერვალი. ლეიკ-პლესედი , Aაშშ

სხვა კანდიდატები:

 

  • ვანუვერი

 

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 6

მედლების კომპლექტი: 38

მონაწილეობდა 37 ქვეყნის 1072 სპორტსმენი (მათ შორის 232 ქალი)

თამაშები გახსნა:  რუდოლფ მონდალე - აშშ-ს ვიცე - პრეზიდენტი  

 

ლეიკ-პლესიდის ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები, 1980. ამერიკის ამ პატარა ქალაქს, რომელიც 1962 წლიდან უშედეგოდ ითხოვდა თამაშების მაპინძლობის უფლებას, ისევე როგორც მანამდე სანქტ-მორიცსა და ინსბრუკს, მეორედ ანდეს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება. საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის კრიზისის პერიოდში მას კონკურენტი არც ჰყოლია. თამაშების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ მოსკოვის ოლიმპიადისთვის, რომელიც იმავე წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო.

 

ასპარეზობის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ლეიკ-პლესიდშივე ჩატარებულ სოკის სესიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საირუს ვენსმა სოკის წევრებს რუსეთისთვის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა მოსთხოვა. ამ დროს ზამთრის თამაშების ყველა მონაწილე უკვე ლეიკ-პლესიდში იყო, თორემ საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტი ქვეყნების საპასუხო რეაქცია, რომელიც 4 წლის შემდეგ ლოს-ანჯელესში გაცხადდა, არ დააყოვნებდა. ლეიკ-პლესიდში შედგა ჩინეთისა და კვირპოსის სპორტსმენთა დებიუტი ზამთრის თამაშებში. ოლიმპიადა ოფიციალურად გახსნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უოლტერ მონდეილმა; ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ფსიქიატრმა, დოქტორმა ჩარლზ მორგან კერმა; მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა უკვე მაშინ სახელმოხვეჭილმა მოციგურავემ და ველოსიპედისტმა ერიკ ჰაიდენმა, რომელმაც ოლიმპიადის წინა შეჯიბრებებში იმდენად გამოიჩინა თავი, რომ თამაშებში ყველა დისტანციაზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.

 

ასეც მოხდა: ერიკ ჰაიდენი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი და თამაშების გმირი გახდა. ხუთი ოქროს მედალი ზამთრის თამაშებში, არც მანამდე და არც შემდეგ არავის მოუპოვებია. ერიკ ჰაიდენის დამ, ელიზაბეთ ჰაიდენმა, ქალთა შორის 3000 მეტრზე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა და ოჯახურ ნადავლს 1 ბრინჯაოს მედალიც შემატა. ერიკ ჰაიდენის ფანტასტიკური მიღწევის ფონზე რამდენადმე გაფერმკრთალდა საბჭოთა მოთხილამურის, ნიკოლაი ზიმიატოვის დიდი წარმატება, რომელსაც 3 ოქროს მედალი ხვდა 30 და 50 კილომეტრზე რბოლასა და 4X10 კმ-ზე ესტაფეტაში. ფავორიტად შერაცხილმა ნორვეგილემა თომას ვასბერგმა მხოლოდ ერთი - 15 კილომეტრიანი დისტანცია მოიგო: წამის მეასედით აჯობა ფინელ იუჰა მიეტოს. ქალთა შორის თავი გამოიჩინა აღმოსავლეთ გერმანელმა ბარბარა პეცოლდმა, რომელმაც 2 ოქროს მედალი მიიღო 10 კმ-იან რბოლასა და ესტაფეტაში. წინა თამაშებში მოპოვებულ 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალს ლეიკ-პლესიდში კიდევ 1 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდო დაუმატა საბჭოთა მოთხილამურემ რაისა სმეტანინამ. 37 წლის ვეტერანმა გალინა კულაკოვამ, რომლისთვისაც ეს მეოთხზე ოლიმპიადა იყო, ესტაფეტაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და თავისი ოლიმპიური ჯილდოების კოლექცია 8 მედლამდე აიყვანა.

 

სამთო თხილამურობაში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი ერგო ლიხტენშტაინელ ჰანი ვენცელს. მან მხოლოდ სწრაფდაშვება დათმო, რომელიც ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლის გამარჯვებით დასრულდა. ავსტრიელმა სპორტსმენმა - ლეონარდ სტოკმა გაიმარჯვა კაცთა სწრაფდაშვებაშიც, კაცთა ორივე სლალომი კი შვედმა ინგემარ სტენმარკმა მოიგო, რომელსაც გიგანტურ სლალომში უკვე ჰქონდა მოპოვებული წინა თამაშების ბრინჯაოს მედალი. ჰანი ვენცელის ძმამ, ანდრეასმა ვერცხლის მედალი მოიპოვა გიგანტურ სლალომში. ლიხტენშტაინის 7 კაციან გუნდში შედიოდა ვენცელების კიდევ 1 და - პეტრა ვენცელი. 70 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში საუკეთესო იყო ავსტრიელი ტონი ინაუერი, 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში - ფინელი იუკო ტიორმაინენი. ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა აღმოსავლეთ გერმანელმა ორჭიდელმა ულრიხ ველინგმა, რომლისთვისაც ეს მესამე თამაშები იყო.

 

ბიათლონში 10 კილომეტრზე რბოლა მოიგო ფრანკ ულრიხმა, ორ დანარჩენ დისტანციაზე კი (20 კმ და ესტაფეტა 4X7,5) საბჭოთა ბიათლონისტებმა გაიმარჯვეს. ანატოლი ალიაბიევს 2 ოლიმპიური ოქროს მედალი ხვდა. ესტაფეტაში გამარჯვებულ გუნდში ასპარეზობდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ტიხონოვი, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადა და მეოთხე ოქროს მედალი იყო.

 

ბობსლეიში მედლები, ისევე როგორც წინა თამაშებში, კვლავ გერმანელებმა და შვეიცარიელებმა გაინაწილეს: აღმოსავლეთ გერმანიას 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი ხვდა, შვეიცარიას - 1 ოქროსი და 1 ვერცხლისა. 53 წლის შვედი ბობსლეისტი კარლ-ერიკ ერიქსონი ორადგილიანი ბობებით ასპარეზობაში 19 ადგილზე დარჩა. სამაგიეროდ იგი პირველი სპორტსმენია ოლიმპიადის ისტორიაში, რომელმაც ზამთრის 5 თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ამერიკელ ბობსლეისტთა 4 კაციან გუნდში იყო უილი დევე პორტი, რომელიც 1964-72 წლებში ზაფხულის 4 თამაშებში მონაწილეობდა და 1968 წელს 110 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. ორადგილიანი ციგებით შეჯიბრებაში ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგეს აღმოსავლეთ გერმანელებმა, ჰანს რინმა და ნორბერტ ჰანმა; ერთადგილიანებში პირველი იყო მათი თანამემამულე ბერნარდ გლასი, მოციგავე ქალებში კი ყველას საბჭოთა სპორტსმენმა, ვერა ზოზულიამ აჯობა.

 

ფიგურულ ციგურაობაში ირინა როდნინამ ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა, ეს მედალი ზედიზედ მეორე იყო მისი მეუღლისა და პარტნიორის, ალექსანდრ ზაიცევისთვის; მოცეკვავე წყვილთა ასპარეზობაც კვლავ საბჭოთა სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა - ამჯერად ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ნატალია ლინიჩუკი და გენადი კარპონოსოვი. ქალთა შეჯიბრება აღმოსავლეთ გერმანელმა ანეტ პიოჩმა მოიგო, კაცებში კი პირველი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი რობინ კაზინსი.

 

ჰოკეიში, ყველასთვის მოულოდნელად, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ამერიკელები- უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტები. მათ ნახევარფინალში ანგარიშით 4:3 დაამარცხეს ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი, ფარული პროფესიონალების გუნდი, საბჭოთა ნაკრები, ფინალში კი ფინელებთან გამკლავება არ გასჭირვებიათ. ეს საბჭოთა ჰოკეისტთა პირველი მარცხი იყო 1964 წლის შემდეგ. ამერიკელთა ამ გამარჯვებას ისეთი ზეიმი მოჰყვა, რომ აშშ-ის ტელევიზიამ იგი მეორე მსოფლიო ომის დასრულოებით გამოწვეულ სიხარულს შეადარა.