ერთი ჩემპიონის ისტორია

ლილეჰამერი 1994

25 ივნისი 2012

XVII ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1994, 12 -27 თებერვალი. ლილეჰამერი, ნორვეგია

სხვა კანდიდატები:

 

  • ანჩორაჯე
  • ოსტერსუნდი
  • სოფია

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 6

მედლების კომპლექტი: 61

მონაწილეობდა 67 ქვეყნის 1737 სპორტსმენი (მათ შორის 522 ქალი)

თამაშები გახსნა:  ჰარლდ V  - ნორვეგიის მეფე 

 

ლილეჰამერის ზამთრის XVII ოლიმპიური თამაშები, 1994. სეულის ოლიმპიადის დღეებში, 1988 წლის სექტემბერში, სოკმა განიხილა ზამთრის XVII თამაშების ჩატარების ადგილის საკითხი და მასპინძლობის სამ კანდიდატს შორის უპირატესობა მიანიჭა ლილეჰამერს (ნორვეგია), რომელმაც წინა არჩევნები ალბერვილთან წააგო. ოსლოს ჩრდილოეთით 180 კმ მდებარე ამ 23-ათასიან დაბაში ზამთრის თამაშები პირველად ჩატარდა არანაკიან, ე.ი. არაოლიმპიურ წელს. ამგვარად, ზაფხულისა და ზამთრის თამაშებს შორის პერიოდმა 2 წელი შეადგინა. ამით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურდა, ზამთრის თამაშები ზაფხულის ოლიმპიადების ჩრდილიდან გამოეყვანა და თავისთავადი მნიშვნელობა მიენიჭებინა, ამასთან ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზობა თანაბარზომიერად გადაენაწილებინა 4 წლიან ოლიმპიურ ციკლზე.

 

ლილეჰამერის თამაშები საზეიმოდ გახსნა თავადაც დიდმა ოლიმპიელმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნორვეგიის მეფემ ჰარალდ მეხუთემ, მონაწილეთა აღლუმზე საქართველოს დროშა მოჰქონდა მოციგავე კახა ვახტანგიშვილს. საქართველოს დელეგაცია მოდისო, მაყურებლებს ინგლისურად აუწყა ცნობილმა მოგზაურმა ტურ ჰეიერდალმა, რომელმაც თავად ითხოვა დიქტორობა გახსნის ცერემონიალზე. თამაშების სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებისთვის ამერიკულმა კომპანიამ CBS-მა 295 მილიონი დოლარი გადაიხადა, თამაშების შემდეგ კი გამოცხადდა, რომ კომპანიამ რეპორტაჟებით 63,5 მილიონი დოლარი მოიგო. ჰოკეისა და ფიგურულ ციგურაობაში, პირველად თამაშების ისტორიაში, ასპარეზზე მოყვარულების თანაბრად დაუშვეს პროფესიონალებიც.

 

14 ქვეყანა პირველად გამოჩნდა ზამთრის თამაშებზე. მათ შორის იყო საქართველოც თავისი 5 სპორტსმენით. ზურაბ ჯიჯიშვილი, კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი, კახა წაქაძე და ლევან აბრამიშვილი - ეს ხუთეული პირველია, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამართულ ოფიციალურ ასპარეზობაში - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში - დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა. სამთომოთხილამურე ზურაბ ჯიჯიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით გამოვიდა ოლიმპიადაზე.

 

ლილეჰამერში ოლიმპიური მედლები 22 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, რაც სარეკორდოა ზამთრის თამაშების ისტორიაში. ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია რუსმა მოთხილამურემ ლიუბოვ ეგოროვამ. მან წინა თამაშებში მოპოვებული 3 ოქრის და 2 ვერცხლის მედალს კიდევ 3 ოქრო და 1 ვერცხლი დაუმატა, რამაც 6-გზის ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოუტანა. 3 ოქროს მედალი მოიგო ნორვეგიელმა მოციგურავემ იოჰან ოლავ კოსმაც, რომელსაც ალბერვილში უკვე ჰქონდა მოპოვებული ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის ჯილდო. რაოდენობით ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი ლილეჰამერში იტალიელმა მოთხილამურემ მანუელა დი ჩენტამ მოიხვეჭა: 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი. მან 5-ჯერ აიღო სტარტი და არცერთხელ უმედლოდ არ დარჩენილა, თანაც, მეტოქეებად ისეთი ოსტატები ჰყავდა, როგორებიც იყვნენ მისი თანამემამულე სტეფანია ბელმონდო, ფინელი მარია-ლიისა კირვისნიემი და, რაც მთავარია, რუსი მოთხილამურეები.

 

კაცთა შეჯიბრებებში აშკარა იყო მასპინძლების უპირატესობა. მათმა ლიდერმა ბიორნ დელიმ 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიგო. ერთი ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა თომას ალსგაარდმა, ერთი ვერცხლი და 1 ბრინჯაო - სტურე სივერტსენმა. რამდენადმე მოულოდნელი იყო ნორვეგიელთა მეორე ადგილი ესტაფეტაში - მათ წამის 4 მეათედით წააგეს იტალიელებთან. საერთოდ, ეს ესტაფეტა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ასპარეზობა იყო ლილეჰამერში. ფინელებმა, რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ, წამის 2 მეათედით წააგეს ნორვეგიელებთან და 6 მეათედი - გამარჯვებულებთან. 50 კმ-ზე რბოლა მოიგო ვლადიმირ სმირნოვმა, რომელიც ყაზახეთის სახელით გამოდიოდა.

 

ამას გარდა, მან 2 ვერცხლის მედალიც მოიპოვა - 10 და 15- კილომეტრიან რბოლებში, თან ორივე დისტანციაზე მხოლოდ ბიორნ დელიმ აჯობა. ტრამპლინიდან ხტომაში 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა გერმანელმა იენს ვაისფლოგმა - 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომასა და გუნდურ შეჯიბრებებში. 70 მეტრიან ტრამპლინზე შეჯიბრებებში პირველი იყო ნორვეგიელი ესპენ ბრედესენი, რომელმაც ამავე დროს ვერცხლის მედალი მიიღო 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში. ჩრდილოურ ორჭიდში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ნორვეგიელი ფრედ ბიორე ლუნდბერგი, ხოლო გუნდურ ასპარეზობაში იაპონელებმა გაიმარჯვეს.

 

სამთოთხილამურობაში მარკუს ვისმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა - მან გიგანტური სლალომი და სუპერ გიგანტი მოიგო. სწრაფდაშვებაში გაიმარჯვა ამერიკელმა ტომი მოემ, რომელიც ამავე დროს მეორე იყო სუპერ გიგანტში. სლალომში იმარჯვა ავსტრალიელმა თომას შტანგასინგერმა, კომბინაციაში - ნორვეგიელმა ლასე კიუსმა. ქალთა შორის სწრაფდაშვებაში ორი მთავარი ფავორიტის - გერმანელი კატია ზაიცინგერისა და ამერიკელი პიკაბო სტრიტის ბრძოლა გერმანელის გამარჯვებით დასრულდა. შვეიცარიელმა ვრენი შნაიდერმა სამივე ხარისხის მედალი მოიგო - სლალომში პირველი ადგილი დაიკავა, გიგანტურ სლალომში - მესამე, კომბინაციაში კი - მეორე.

 

ბიათლონში კაცთა შეჯიბრების ყველა მედალი რუსებმა, გერმანელებმა და ფრანგებმა გაინაწილეს. ამერიკელმა მოციგურავემ დან იენსენმა, რომელიც 1988 წლის თამაშებშიც უდავო ფავორიტი იყო, მაგრამ დის გარდაცვალების გამო ხელი მოეცარა, ლილეჰამერში ოქროს მედალი მოიპოვა: 1000 მეტრიანი დისტანცია მოიგო. 500 მეტრზე პირველი იყო რუსი ალექსანდრ გოლუბევი, დანარჩენ სამ დისტანციაზე კი ნორვეგიელმა იოჰან ოლავ კოსმა გაიმარჯვა. ალბერვილში მოპოვებულ 2 ოლიმპიუ ოქროს მედალს ამერიკელმა მოციგურავემ ბონი ბლერმა ლილეჰამერში კიდევ 2 მიუმატა (500მ, 1000მ) და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ავსტრიელმა ემესე ჰუნიადიმ ერთი ოქროს (1500მ) და 1 ვერცხლის (3000მ) მედალი მოიგო, გერმანელმა კლაუდია პეხშტაინმა კი - 1 ოქროსი (5000მ) და 1 ბრინჯაოსი (3000მ). ოლიმპიური ჩემპიონი გახდა აგრეთვე რუსი სვეტლანა ბაშანოვა (3000მ). შორტ-ტრეკში გათამაშებული 18 მედლიდან 6 სამხრეთ კორეელებმა მოიგეს, მათ შორის 4 ოქროსი; 4 (მათ შორის 1 ოქროსი) ამერიკელებს ხვდათ, 3 - კანადელებს, 2 (მათ შორის 1 ოქროსი) - იტალიელებს, თითო ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის წარმომადგენლებს. 13 წლისა და 83 დღის სამხრეთ კორეელი კიმ - იუნ- მი, რომელმაც ქალტა რბოლა მოიგო, ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია არა მხოლოდ ზამთრის თამაშების ისტორიაში, არამედ საერთოდაც.

 

ფიგურულ ციგურაობაში პირველი სამი ადგილი ქალთა შორის უკრაინელმა ოქსანა ბაიულმა, ამერიკელმა ნენსი კერიგანმა და ჩინელმა ლუ შენმა დაიკავეს. კაცებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა რუსი ალექსეი ურმანოვი, ხოლო ვერცხლისა და ოქროს მედლები კანადელ ელვის სტოიკოსა და ფრანგ ფილიპ კანდელოროს ხვდათ. წყვილებში მთავარი ბრძოლა კალგარის ჩემპიონების ეკატერინა გორდეევა-სერგეი გრინკოვისა და ალბერვილში გამარჯვებულების, ნატალია მიშკუტიონოკ-არტურ დმიტრიევის წყვილებს შორის გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში გორდეევამ და გრინკოვმა გაიმარჯვეს და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. სპორტულ ცეკვებშიც პირველი 2 ადგილი რუსებმა დაისაკუთრეს. ჰოკეიში რუსები პირველად აღმოჩნდნენ საპრიზო სამეულს მიღმა. ოლიმპიური ჩემპიონები, ასევე პირველად შვედები გახდნენ; მეორე ადგილი კანადელებმა დაიკავეს, მესამე- ფინელებმა.

 

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

 

1.   ზურაბ ჯიჯიშვილი -  სამთო სათხულამურო სპორტ, სწრაფდაშვება  - 49 ადგილი კომბინაცია - გამოეთიშა

2.   ლევან აბრამიშვილი - სამთო სათხულამურო სპორტი. სლალომი - გამოეთიშა

3.   კახა წაქაძე - ტრამპილინიდან ხტომა - 50 მ, - 50 ადგილი, 120 მ, - 55 ადგილი

4.   ლევან თიბილოვი და კახა ვატანგიშვილი - ორადგილიანი ციგა - 17 ადგილი