ვანკუვერი 2010
03 ივლისი 2012
XXI ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2010 , 12-28 თებერვალი. ვანკუვერი, კანადა
სხვა კანდიდატები:
- პიონჩანგი
- ზალცბურგი
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 7
მედლების კომპლექტი: 86
მონაწილეობდა 82 ქვეყნის 2566 სპორტსმენი (მათ შორის 1044 ქალი)
თამაშები გახსნა: მიკაელ ჟანი - კანადის გენერალ გუბერნატორი
1988 წლის კალგარის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან ოცდაორი წლის შემდეგ თეთრმა ოლიმპიადამ მეორედ შეაბიჯა კანადაში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვა განაცხადებს შორის უპირატესობა ვანკუვერს მიანიჭა. 2010 წლის XXI თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში კანადელთა კანდიდატმა სამი ხმის უპირატესობით კორეის პიონჩანგს აჯობა.
კანადელებმა თავიანთი განაცხადი „ზღვასა და მთას" შორის კონცეფციაზე ააგეს, რომლის მიხედვითაც ასპარეზობათა დიდი ნაწილი ვანკუვერის სანაპიროზე დარბაზებში ჩაატარეს, სათხილამურო შეჯიბრებები კი უისტლერის სამთო კურორტზე. გარდა ამისა, ეს იყო პირველი ოლიმპიადა, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიალები ჭერქვეშ (მრავალფუნქციური ბი-სი ფლეის არენა) ჩატარდა.
XXI ოლიმპიადა ტრაგედიით დაიწყო. თამაშების გახსნის დღეს, ვარჯიშისას, ქართველმა მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის საციგაო სარბიელზე მართვა დაკარგა, ტრასიდან ამოვარდა და დაახლოებით 150 კმ სიჩქარით სვეტს შეეჯახა და მალევე გარდაიცვალა. ამაზე ტრაგიკულ დასაწყის ვერავინ წარმოიდგენდა. ქუმარიტაშვილის სიკვდილმა კორექტივები შეიტანა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში. 21 წლის ქართველს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, საქართველოს დელეგაცია კი შავი სამკლაურებით გამოვიდა. ოლიმპიადების ისტორიაში გახსნის ცერემონიალებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
ზამთრის თამაშების ისტორიაში პირველად, მასში მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ოთხმოცს გადააჭარბა. ზამთრის თამაშებზე დებიუტი ჰქონდათ განას, კაიმანის კუნძულების, კოლუმბიის, მონტენეგროს, პაკისტანის, პერუს და სერბეთის წარმომადგენლებს.
ასევე პირველად ისტორიაში კანადამ ნავსი გატეხა და შინ ჩატარებულ ოლიმპიადებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. კანადის ადრეული მცდელობები მონრეალის ზაფხულის (1976) და კალგარის (1988) ზამთრის თამაშებზე დაუფლებოდა უმაღლესი სინჯის მედლებს, წარუმატებელი გამოდგა. ამჯერად კანადელებმა არათუ ერთი გამარჯვება იზეიმეს, არამედ 14 ოქროს ჯილდო დაიმსახურეს და ამ მაჩვენებლით მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავეს. ამასთან, ერთ თამაშებზე მოპოვებული 14 ოქროს მედალი საერთოდ სარეკორდოც აღმოჩნდა. მანამდე ამ მხრივ 13-13 ოქროს მედლით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ სსრკ-ს (ინსბრუკი, 1976 წ.) და ნორვეგიის (სოლტ ლეიკ სიტი, 2002 წ.) დელეგაციებს.
მასპინძელთა შესაბამისი წარმატების მისაღწევად ერთგვარი გეგმა შეიმუშავეს და მას სახელიც დაარქვეს - „დავეპატრონოთ კვარცხლბეკს", რაც შეასრულეს კიდეც, მაგრამ მათმა სამოქმედო გეგმამ ბევრთა უკმაყოფილებაც გამოიწვია. ამბობდნენ, რომ მასპინძლებმა არენებზე სავარჯიშო დროის მონოპოლიზება მოახდინეს, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გარკვეულწილად ზღუდავდა.
მოპოვებული მედლების საერთო მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა აშშ-ს გუნდმაც. ამერიკელებმა ჯამში 37 მედალი დააგროვეს და სოლტ ლეიკ სიტის (2002) გერმანელთა შესაბამისი მაჩვენებელი (36) ერთით გააუმჯობესეს.
სპორტსმენთა შორის მოპოვებული ოქროების და მედლების რაოდენობით საუკეთესო შედეგს ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა მიაღწია. ნორვეგიელმა ბარის თხილამურებით ხუთი მედალი მოიპოვა, მათ შორის სამი უმაღლესი სინჯის, რითაც შემდგომ ოლიმპიურ წარმატებებსაც ჩაუყარა საფუძველი.
მისმა თანაგუნდელმა ბიატლონისტმა ულე ეინარ ბიორნდალენმა თავის მდიდრულ კოლექციას ორი მედალი შემატა. მათ შორის იყო მეექვსე კარიერული ოლიმპიური ოქროს და მეოთხე ვერცხლის მედალი.
სამთო სათხილამურო ტრასებზე ორგზის იზეიმა ჩემპიონობა გერმანელმა მარია რაიხმა.
ქალთა შორტ ტრეკში ოთხიდან სამ დისციპლინაში გახდა ჩემპიონი ჩინელი ვანგ მენგი, რომლის ოლიმპიური ყულაბა ტურინის თამაშების სამივე ხარისხის მედალსაც ითვლის.
ტრამპლინიდან ხტომაში სოლტ ლეიკ სიტის თამაშების ტრიუმფატორი შვეიცარიელი სიმონ ამანი რვა წლის შემდეგაც საუკეთესო აღმოჩნდა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვანკუვერში 90 და 120-მეტრიან ტრამპლინებიდან ხტომაში საკუთარი სტატუსი ოთხგზის ჩემპიონობამდე გაზარდა. გარდა ამისა, გახდა პირველი, რომელმაც 90-მეტრიან ტრამპლინზე ინდივიდუალურში მეორე ოლიმპიადა მოიგო და ასევე ინდივიდუალურ ხტომებში პირველი დუბლის შემსრულებელი.
კანადამ ოლიმპიადა ჰოკეიში ტრიუმფით დააგვირგვინა. მასპინძლები ჩემპიონები გახდნენ როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გათამაშებაში. ამასთან, ქალთა ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა იყო.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
1. იასონ აბრამაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 46 ადგილი
2. ჯაბა გელაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 50 ადგილი
3. ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 50 ადგილი
4. ელენე გედევანიშვილი - ფიგურული ციგურაობა - 14 ადგილი
5. ოთარ ჯაფარიძე / ელისონ რიდი - ფიგურული ციგურაობა, ცეკვები - 22 ადგილი
6. ლევან გურეშიძე - ციგაობა (სტარტზე არ გამოსულა)