საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი

15 ოქტომბერი 2024

 


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესიის

დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი

2024 წლის 15 ნოემბერი

1. ოლიმპიზმის 35-წლიანი ისტორია საქართველოში: შედეგები, პერსპექტივა.
(ლ.ხაბელოვი)

2. 2025 წლის თებერვალში საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაცია მზადების მიმდინარეობის შესახებ.
(მ.ხაბარელი)

3. აუდიტის ანგარიშის შესახებ.

4. არჩევნები:
ა) სეოკ-ის პრეზიდენტის;
ბ) სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და აღმასკომის წევრების.

5. სხვადასხვა.

 

მუშაობის რეგლამენტი

            მომხსენებლებს დღის წესრიგის პირველ საკითხზე                  - 25 წუთამდე.

            ინფორმაცისთვის დღის წესრიგის მეორე საკითხზე                  - 10 წუთამდე.

            სიტყვით გამომსვლელებს                                                              -  5 წუთამდე.

            შენიშვნებისა და წინადადებებისთვის                                          -  3 წუთამდე.

 

სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი (დებულება)

 

1. სეოკ-ის პრეზიდენტის ასარჩევად კანდიდატურის წამოყენება ხდება სეოკ-ის წესდების X თავის მოთხოვნათა დაცვით.

2. სეოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელების (წარდგინების) უფლებამოსილი ორგანოს მიერ სათანადოდ გაფორმებული განაცხადი-წარდგინება იგზავნება სეოკ-ის შტაბ-ბინაში საანგარიშო-საარჩევნო სესიის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე.

3. სეოკ-ის აღმასკომი ამტკიცებს სამკაციან ჯგუფს, რომელიც შეისწავლის პრეზიდენტობის კანდიდატებად წარმოდგენილთა შესაბამისობას სეოკ-ის წესდების მოთხოვნებთან.

4. ინფორმაციას პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ, სეოკ-ი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსებს არა უგვიანეს სესიის ჩატარებამდე შვიდი დღით ადრე.

5. საანგარიშო-საარჩევნო სესია ირჩევს დამოუკიდებელ საარჩევნო (ხმის დამთვლელ) კომისიას 3 კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაატარებს და უხელმძღვანელებს არჩევნების მთელ პროცესს. კომისიის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ დაკავებული რაიმე პოზიცია სეოკ-ში, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი და ნეიტრალური პირები.

6. ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევის შემდეგ, ისინი თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატებს გააცნობს ხმის მიცემის წესებს.

7. სეოკ-ის წესდება არ ითვალისწინებს საანგარიშო-საარჩევნო სესიისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ პროგრამების წარდგენასა და თავისი გუნდის პერსონალური შემადგენლობის გაცნობას. მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, კანდიდატს შეუძლია 10 წუთის ფარგლებში გააკეთოს თავისი პროგრამის პრეზენტაცია.

8. პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად მხოლოდ ერთი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, სესიის გადაწყვეტილებით არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ღია კენჭისყრით.

9. ორი ან მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

10. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა ხმის უფლების მქონე დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტმა (50%+1).

11. ორზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში, თუ პირველი ტურის შედეგების მიხედვით ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50%+1, მაშინ იმავე დღეს ტარდება მეორე ტური მხოლოდ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში დააგროვეს ხმების მეტი რაოდენობა. კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში დააგროვებს ხმების უმრავლესობას (50%+1), ცხადდება არჩეულად.

12. ორი ან მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, ბიულეტენში (საარჩევნო ფურცელში) მათი გვარები შევა ანბანის მიხედვით.

13. დელეგატი შემოხაზავს მისთვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატის რიგით ნომერს.

14. ბიულეტენი, რომელშიც იქნება შემოხაზული ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან საერთოდ არ იქნება შემოხაზული, ჩაითვლება ბათილად.

15. სესიის ჩატარების ადგილას უნდა იყოს ხმის მისაცემად ბიულეტენების მოსათავსებელი გამჭირვალე ყუთი, რომელიც ხმის მიცემის პროცედურის დაწყებისას უნდა იდგეს დელეგატთათვის თვალსაჩინო ადგილას.

16. დელეგატის გვარის დარბაზში გამოცხადების შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული საარჩევნო ბიულეტენი პერსონალურად გადაეცემა მას.

დელეგატი ბიულეტენის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით დელეგატთა სიაში.

17. საარჩევნო ფურცლის (ბიულეტენის) მიღების შემდეგ დელეგატი შედის სპეციალურ კაბინაში (ან მიდის სპეციალურად მინიშნებულ ადგილას) და ბიულეტენში აკეთებს თავის არჩევანს.

18. საჭირო აღნიშვნის გაკეთების შემდეგ, დელეგატი კონვერტში ჩადებულ ბიულეტენს დელეგატთა თანდასწრებით ათავსებს ხმის მიცემის ყუთში.

19. სხვა დელეგატის მაგივრად ხმის მიცემა აკრძალულია.

20. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო კომისია ხსნის საარჩევნო ყუთს და საჯაროდ ითვლის ხმებს და ავსებს სპეციალურ ფორმას.

21. ხმის დათვლის შედეგებს სეოკ-ის სესიის დელეგატებს აცნობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

22. სესია ამტკიცებს ხმის მიცემის (კენჭისყრის) შედეგებს.

(დებულება დამტკიცებულია სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე, 2024 წლის 15 ოქტომბერს).