პიონგჩანგი 2018
26 თებერვალი 2018
XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2018 , 9-25 თებერვალი. პიონჩანგი, სამხრეთ კორეა
სხვა კანდიდატები:
- მიუნხენი
- ანსი
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 7
მედლების კომპლექტი: 102
მონაწილეობდა 92 ქვეყნის 2920 სპორტსმენი (მათ შორის 1212 ქალი)
თამაშები გახსნა - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი
პიონჩანგმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ საკუთარი კანდიდატურა ჯერ 2010, შემდეგ 2014 წელს წარადგინა, მაგრამ დასკვნით წრეში ვანკუვერთან, მერე კი სოჭისთან დამარცხდა. კორეელთა ზედიზედ მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა.
პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები შედეგებთან ერთად ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალის მონაწილეთა აღლუმზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული დელეგაციით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი სულაც ერთი გუნდით იასპარეზეს.
ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩნდნენ ექვსი ქვეყნის - ეკვადორის, ერითრიის, კოსოვოს, მალაიზიის, ნიგერიის და სინგაპურის წარმომადგენლები. მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ოთხმოცდაათს პირველად გადააჭარბა.
თამაშებამდე და თამაშებისას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. რუსეთის სპორტში დოპინგის მხარდაჭერის ინსტიტუციური სისტემის არსებობის გამო, რუსებს დროებით შეუჩერდათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა. ამავე მიზეზით მათი ქვეყნის ნაკრებს პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება არ მიეცა, სარბიელზე კი ოლიმპიური დროშით და „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (OAR) სტატუსით წარსდგნენ. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის წარმომადგენლები უშუალოდ თამაშების დროსაც გაეხვნენ დოპინგ-სკანდალებში, რაც კერლინგში შერეულ წყვილთა ასპარეზობებში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის ჩამორთმევად დაუჯდათ.
XXIII ოლიმპიადა სპორტული მიღწევებითაც მნიშნელოვანი გამოდგა. მათ შორის აღსანიშნავია იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაის გამოსვლა. ორი ოლიმპიური ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი ზამთრის თამაშების ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, რომელიც თამაშებში მერვედ მონაწილეობდა.
ეს ზამთრის თამაშები ასევე ისტორიული იყო იაპონელი მოციგურავე იუძურუ ჰანიუსთვის. ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე სპორტსმენმა პიონჩანგში ჩემპიონობით ოთხი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა, როცა მისი ეს ოქრო ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში გათამაშებული მეათასე უმაღლესი სინჯის ჯილდო აღმოჩნდა. ამასთან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის (სენტ მორიცი - 1948, ოსლო - 1952), ამერიკელი დიკ ბატონის შემდეგ იუძურუ ჰანიუ გახდა მეორე ოლიმპიელი, ვინც ფიგურულ ციგურაობაში ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მოიპოვა.
აღსანიშნავია ციგურებით რბენაში ჰოლანდიელი სვენ კრამერის მიღწევაც. 5000 მეტრზე მსოფლიო რეკორდით მოგებული ოქროს მედლით კრამერი ერთადერთია, რომელმაც სპორტის ამ სახეობის ამავე დისციპლინაში ვაჟთაგან სამგზის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, პირველია ვაჟ სპორტსმენთა შორის, რომელსაც ციგურებით რბენაში ჯამურად ცხრა ოლიმპიური მედალი დაუგროვდა (2018 წლის ჩათვლით).
ჰოლანდიელმა ირენ ვიუსტმა ციგურებით რბენაში პიონჩანგში მოპოვებული ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით ოლიმპიური მონაგარი თერთმეტამდე გაზარდა. ამგვარად, მედლების შესაბამისი რაოდენობით ქალებში თუ ვაჟებში სპორტის ამ სახეობის ერთპიროვნულ რეკორდსმენად მოგვევლინა (2018 წლის გათვალისწინებით).
ისტორიაში მეორედ ოქროს მედლები გაიყვეს ბობსლეისტებმა. გერმანელებმა და კანადელებმა ორადგილიანი ბობით ასპარეზობა ერთნაირი შედეგით დაასრულეს. პირველად მსგავსი რამ 1998 წლის ნაგანოს თამაშებზე მოხდა.
რამდენიმე რეკორდი დამყარდა ფიგურულ ციგურაობაშიც. მათ შორის აღსანიშნავია სპორტულ ცეკვებში ვანკუვერის თამაშების ჩემპიონების ტესა ვირტუსა და სკოტ მოირის კანადური წყვილი, რომელმაც გარდა იმისა, რომ 2010 წლის მიღწევა გაიმეორა, გუნდურშიც იზეიმა ჩემპიონობა. კანადელთა დუეტის მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით კანადელები ოლიმპიადების ისტორიაში სპორტის ამ სახეობის ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენები გახდნენ (2018 წლის ჩათვლით). ამასთან, პიონჩანგში სპორტულ ცეკვებში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 206,07 ქულით კანადელებმა მსოფლიოს რეკორდიც დაამაყარეს.
პიონჩანგის ოლიმპიადის ერთ-ერთ გმირად შეიძლება შეირაცხოს 22 წლის ჩეხი ესტერ ლედეცკა, რომელიც ერთდროულად სამთომოთხილამურეთა სუპერგიგანტურ სლალომში და სნოუბორდისტთა პარალელურ გიგანტურ სლალომში გამოვიდა და ორივეგან ჩემპიონობა იზეიმა. ჩეხი გახდა პირველი, ვინც ერთი თამაშების ორ სახეობაში ოქროს მედლები დაიმსახურა.
ასევე აღსანიშნავია თერთმეტგზის მსოფლიო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ფრანგი ბიატლონისტის მარტინ ფურკადის წარმატებებიც. ტიტულიანმა ფრანგმა საკუთარ მდიდრულ კოლექციას სამი ოქროს მედალიც შემატა. ხუთი ოლიმპიური ოქროს და ორი ვერცხლის მედლით ფურკადი ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფრანგი ოლიმპიელიც გახდა (2018 წლის ჩათვლით).
ასევე უნიკალურ შედეგს მიაღწია ნორვეგიელმა მოთხილამურე მარიტ ბიორგენმა. იგი პიონჩანგში მოპოვებული ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით გახდა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ქალ და ვაჟ სპორტსმენთა შორის ყველაზე უხვნადავლიანი ათლეტი, ქალ ათლეტთა შორის კი - ყველაზე ტიტულიანი. 37 წლის ნორვეგიელის ოლიმპიური მონაგარი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალს ითვლის. რვა ოქროს და ოთხი ვერცხლის ჯილდო აქვთ ასევე მის თანამემამულეებს - მოთხილამურე ბიორნ დელის და ბიატლონისტ ოლე ეინარ ბიორნდალენს, თუმცა ისინი ბიორგენზე ნაკლებ ბრინჯაოს ჯილდოს ფლობენ.
ნორვეგიელებმა ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარეს. სკანდინავიელებმა მედლების საერთო ჩათვლაში აშშ-ის ნაკრების მიერ ვანკუვერის თამაშებზე მოპოვებული 37-მედლიანი რეკორდი გააუმჯობესეს - 39. ამასთან, 14 უმაღლესი სინჯის მედლით კანადელების მიერ ასევე ვანკუვერში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს. ასევე 14 ოქროს მედალი აღმოაჩნდათ გერმანელებს.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა - 24 ადგილი
2. იასონ აბრამაშვილი- სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - 28 ადგილი, გიგანტური სლალომი - გამოეთიშა
3. გიორგი სოღოიანი - ციგაობა - 32 ადგილი
4. ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი - 39 ადგილი, გიგანტური სლალომი - 46 ადგილი