ანტონ პლესნოიმ საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოუპოვა

09 აპრილი 2021

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის აჟღერების დროც დადგა. ანტონ პლესნოიმ  ჩვენს ნაკრებს ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოუტანა.

ოლიმპიურ - 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პლესნოიმ ატაცში 180, აკვრაში 213, ორჭიდის ჯამში კი 393 კილოგრამს მოუყარა თავი და მეორე ადგილზე გასულ ბელორუს მეტოქეს 19 კილოგრამით აჯობა. საგულისხმოა ისიც, რომ მომავალ ჩემპიონს მსოფლიო რეკორდამდე ერთი კილოგრამი დააკლდა. გარდა ამისა, ანტონ პლესნოიმ, ფაქტობრივად, გაინაღდა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობის უფლება.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ - ატაცში და ორჭიდში), ბრინჯაოსი - გოგა ჩხეიძემ (67 კგ - აკვრაში), რევაზ დავითაძე  (81 კგ) კი ატაცში ვერცხლის, აკვრაში ოქროს და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლებს დაეუფლა.