ლაშა ტალახაძის ოქროს მედლები და მსოფლიოს რეკორდები

11 აპრილი 2021

ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში გამართული ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. პლანეტის უძლიერესმა ადამიანმა ატაცსა და აკვრაში ექვსივე მისვლა წარმატებით გამოიყენა.

ტალახაძემ უპირატესობა საწყის დისციპლინაშივე მოიპოვა - ჯერ - 211 და 217 კგ აიტაცა, მესამე მისვლაზე კი მის მიერვე პატაიას (ტაილანდი) მსოფლიოჩემპიონატზე (2019) დამყარებული მსოფლიოს რეკორდი (220 კგ) გააუმჯობესა - 222 კგ!

ქართველმა ძალოსანმა 263 კილოგრამის დაძლევით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა აკვრაში, ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა კი ასევე მის მიერ პატაიას მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიოს რეკორდის (484 კგ) გაუმჯობესებით დააგვირგვინა - 485 კგ!

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა 8 ოქროს, 4 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და კაცთა შორის  გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ - ატაცში და ორჭიდში), ბრინჯაოსი - გოგა ჩხეიძემ (67 კგ - აკვრაში), რევაზ დავითაძემ  (81 კგ) ატაცში ვერცხლის, აკვრაში ოქროს და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები დაისაკუთრა; ანტონ პლესნოიმ (96 კგ) სამივე შემთხვევაში ოქროს მედლები აიღო, ოქროს მედალია ანასტასია გოტფრიდის ანგარიშზეც, რომელიც ატაცში იყო საუკეთესო. ბოლოს, ლაშა ტალახაძემ  სამი ოქროს მედალის მოპოვებით გაგვახარა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენებს ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და ასეთივე წარმატებულ გამოსვლას უსურვებს მოახლოებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.