ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდისტებს განსაკუთრებული მოედნები ექნებათ

13 აპრილი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა სკეიტბორდინგში „პარკის" და „სტრიტის" დისციპლინებში საასპარეზო მოედნის პროექტი წარმოადგინა. ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა გეგმით, მოედნის მოწყობა მაისში უნდა დასრულდეს.

ასევე ირკვევა, რომ თითოეული არენა სტანდარტულზე ორჯერ დიდი იქნება. დამპროექტებელთა ჩანაფიქრით, მოედანი ისე იქნება მოწყობილი, რომ მონაწილეთა შანსები მეტნაკლებად  გათანაბრდება.

„ტოკიოს თამაშებზე სკეიტბორდინგის მოედანი თავისი დიზაინით აჯობებს ყველა სხვას, რომელიც კი აქამდე აუგიათ, - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი, - ყოველი ფიგურა გავთვალეთ, რათა რაიდერებს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მივცეთ - სიჩქარე, ამპლიტუდა და ტექნიკური მრავალფეროვნება."

„სტრიტის" დისციპლინაში ასპარეზობები 25-26 ივლისს ჩატარდება „პარკში" კი მედლები გათამაშდება 4-5 აგვისტოს. ორივე შეჯიბრება ჩატარდება „არიაკეს" პარკში.

სკეიტბორდინგის ოლიმპიური დებიუტი სწორედ ტოკიოში შედგება.