სპორტის მენეჯმენტის კურსები (ASMC)

16 აპრილი 2021

დღეს, 16 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) პირველი სემინარი. სემინარმა ჩაიარა რეგულაციების სრული დაცვით.

სპორტის მენეჯმენტის კურსები ოლიმპიურ კომიტეტში 2014 წლიდან იღებს სათავეს და მასში 150-ზე მეტმა სპორტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიების მიმართ ინტერესი არ კლებულობს ქალაქისა და რეგიონების ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებისა და ეროვნული ფედერაციების მხრიდან. ამის ნათელი დასტურია ის, რომ დაახლოებით 15-მდე სხვადასხვა სპორტული ფედერაციისა და ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელი აქტიურად ჩაერთო 2021წლის სპორტის მენეჯმენტის კურსების სასწავლო პროცესში.

სემინარი გახსნა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა. პროგრამის დირექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები და მონაწილეების მხრიდან კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოვალეობები.

სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ითვალისწინებს თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე კერძოდ, ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსები, მარკეტინგი, მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება და ფინანსები. კურსების უმთავრეს ნაწილს შეადგენს ასევე დისტანციური სწავლების პროცესი სოკ-ის მიერ დამტკიცებული წინასწარ მიწოდებული მასალის გამოყენებით.

მონაწილეებს აღნიშნულ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა ზურაბ ბერუკაშვილმა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეორე სემინარის ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის 14 მაისს. კურსები დასრულდება 2021 წლის სექტემბერში, ხოლო წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სოკ-ის დიპლომებით.