საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაიწყო

16 აპრილი 2021

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სტარტი აიღო ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატმა, სადაც მედლებისთვის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულებისთვის კონტინენტის 45 ქვეყნის 359 წარმომადგენელი იბრძოლებს. მათ შორის არის საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრები.

საქართველოს ნაკრებმა წარმატებას პირველივე დღეს მიაღწია. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან იპონით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის, ასევე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება - დაამარცხა ესპანელი და ბელარუსი მოწინააღმდეგეები, ნახევარფინალში კი სერბეთის წარმომადგენელს სძლია.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონს ეთერ ლიპარტელიანს.  საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ბრინჯაოს ფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან დამარცხდა.