საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

18 აპრილი 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლისაბონის ევროპის ჩემპიონატის მესამე და დასკვნით დღეს 4 სამედლო ბრძოლა გამართეს. განსაკუთრებული გამოდგა 90 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც ქართული ფინალი შედგა ლაშა ბექაურსა და ბექა ღვინიაშვილს შორის.

ქართველების დაპირისპირებაში წარმატებას ბექაურმა მიაღწია, რომელმაც გამოცდილ თანაგუნდელს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა და იუნიორებში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობას, უფროსებში პირველი ოქროს მედალიც შემატა.

მომავალი ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. იპონით მოუგო ფრანგ, ისრაელელ და სერბ მოწინააღმდეგეებს, ნახევარფინალში კი თურქეთის წარმომადგენელ მიჰაელ ზგანკთან მოსაგებად ვაზარიც საკმარისი აღმოჩნდა.

ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბექა ღვინიაშვილიც მეორე წრიდან შეუდგა ასპარეზობას. თანაგუნდელთან შეხვედრამდე კი დაამარცხა ესტონელი, რუმინელი, უნგრელი და რუსი მოწინააღმდეგეები.

ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძეს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ ალექსანდრ იდირთან „ოქროს" ქულით დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედლების კოლექცია ექვსამდე გაზარდა. ტიტულოვანი ქართველი ფინალში ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვთან იპონით დამარცხდა.

ვარლამ ლიპარტელიანს - ჩვენი ნაკრების ყველაზე გამოცდილ წევრს ამავე რანგის შეჯიბრებებზე ჩემპიონობა სამჯერ აქვს მოპოვებული - 2012, 2014 და 2016 წლებში. გარდა ამისა, მისი მედლების კოლექცია ითვლის მსოფლიო ჩემპიონატების სამ ვერცხლის მედალს და ორ ბრინჯაოს. ლიპარტელიანის ანგარიშზეა კი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მედალი მძიმე წონაშიც მოიპოვა. გურამ თუშიშვილმა ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დასრულდა. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა სტარტზე თურქ და ისრაელელ ძიუდოისტებს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან იპონით დამარცხდა. ქართველი მძიმეწონოსანი ბრინჯაოს მედალზე გადაერთო და შანსი წარმატებით გამოიყენა კიდეც.

საქართველოს ნაკრებმა კაცთა გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.