თომას ბახი: ევრო-2020-ის უსაფრთხოდ და წარმატებით ჩატარება ტოკიოს-2020-ს რწმენას შემატებს

20 აპრილი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის თქმით, ფეხბურთში ევრო-2020-ის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარება თავდაჯერებულობას შემატებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებს.

„ბოლო კვირებში და თვეებში არაერთი მსოფლიო ჩემპიონატის და მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარება იმის დასტურია, რომ არსებული შეზღუდვების პირობებშიც კი შეიძლება სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხოდ და წარმატებით ორგანიზება.

საერთაშორისო ფედერაციებმა 2020 წლის სექტემბრიდან 340-ზე მეტი მსხვილი სპორტული ღონისძიება ჩაატარეს. ამ შეჯიბრებებში მთლიანობაში 41 ათასზე მეტი ათლეტი მონაწილეობდა. ყველგან მოქმედებდა მკაცრი პროტოკოლები, ტესტირებები, - უეფას კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა თობას ბახმა, - მივიღეთ უტყუარი მტკიცებულება, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფით შესაძლებელია საერთაშორისო მონაწილეთა დიდი რაოდენობით მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ამასთან, ეს ყველაფერი მოხდა ვაქცინაციასთან წვდომის გარეშე. ამიტომაც, ევრო-2020-ის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარება ტოკიოს თამაშებისთვის რწმენას შეგვმატებს. ამისთვის უეფას და ყველა ფედერაციის მადლიერები ვართ."

COVID-19 პანდემიის გამო გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდება წლეულს 23 ივლისი - 8 აგვისტოს ჩათვლით. ასევე ერთი წლით გადავადებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება 2021 წლის 11 ივნისი - 11 ივლისის ჩათვლით.