კენჭაძემ და ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

20 აპრილი 2021

ვარშავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ მხრივ შედეგიანი გამოდგა არაოლიმპიური და ოლიმპიური, შესაბამისად - 79 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

ნიკა კენჭაძე (79 კგ) ჭიდაობას მერვედფინალიდან შეუდგა და უკრაინელი და რუსი მოწინააღმდეგეების ბარიერის გავლის შემდეგ, ნახევარფინალში სლოვაკეთის წარმომადგენელ ახსარბეკ გულაევთან 4:5 წააგო, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. კენჭაძემ მესამე ადგილისთვის სომეხ  არმა  ნავაგიანს შეხვდა და აშკარა უპირატესობით - 10:0 დაამარცხა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ელიზბარ ოდიკაძე (97) ასპარეზში ასევე მერვედფინალიდან  ჩაერთო. მოუგო მაკედონიელ და ბელარუს მეტოქეებს, მაგრამ ნახევარფინალში თურქ სულეიმან კარადენიზთან 5:7 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა. ოდიკაძემ  შანსი წარმატებით გამოიყენა - გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი 5:0 დაამარცხა.