თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

22 აპრილი 2021

ვარშავაში დამთავრებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

პრიზიორთა შორისაა ბექა ლომთაძე, რომელმაც არაოლიმპიურ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 9:7 დაამარცხა.

მომავალი მედალოსანი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება. აშკარა უპირატესობით - 12:0 დაამარცხა ბელარუსი მოწინააღმდეგე, შემდეგ მოლდავეთის წარმომადგენელს მოუგო 14:8, მაგრამ ნახევარფინალში უკრაინელ ანდრეი ჟელეპთან 3:5 დამარცხდა და რეპეშაჟზე გადაერთო.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა სანდრო ამინაშვილს (86 კგ). ის მერვედფინალში იოლად გაუმკლავდა იტალიელ მეტოქეს - 11:0, შემდეგ პოლონელ მოწინააღმდეგეს მოუგო 5:1, ნახევარფინალში კი ბელარუსის წარმომადგენელს 3:2 აჯობა. ამინაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს არტურ ნაიფოროვს შეხვდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა მესამე წარმატებას, მოლოდინისამებრ, მძიმე წონაში მიაღწია, მოულოდნელი კი მედლის სინჯია. ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში მის მთავარ მეტოქესთან, ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტაჰა აკგულთან წაგების შემდეგ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა. ჯერ პოლონელ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდა 9:0, შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ იანის ხრამიანკუს მოუგო- 12:9.

ერთი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ).