ვუოკატის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი 2022 წლის მარტამდე გადავადდა

22 აპრილი 2021

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) ფინეთის სპორტულ ცენტრ ვოუკატში გასამართი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF) 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტისთვის გადაავადა. EOC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზია COVID-19-ისპანდემია. EOC-მა, ფინეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და ადგილობრივ ორგანიზატორებთან თანამშრომლობით,  ეს ნაბიჯი გადადგა ფესტივალის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მასპინძელთა განმარტებით, ქვეყნის ჩრდილოეთით თოვლის სასურველ სისქეს სწორედ მარტში იღებენ, რაც თავის მხრივ, სათხილამურო ტრასებზე ხელოვნური თოვლის წარმოებაზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მარტამდე გადავადების მიუხედავად, ვაჟთა ჰოკეიში ასპარეზობები დეკემბერში გაიმართება, რათა ევროპის საუკეთესო მოთამაშეებს მასში გამოსვლის საშუალება მიეცეთ. EOC-ის გადაწყვეტილებით, გოგონები ჰოკეიში მედლებს გაითამაშებენ 2021 წლის მარტში. პროგრამაში გოგონათა ჰოკეის ჩართვით, ვუოკატის ფესტივალი გენდერულად ყველაზე გაწონასწორებული ფესტივალი იქნება.

ვუოკატიში 48 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 14-დან 18 წლამდე ასაკის 1800 -მდე ოლიმპიელს ელოდებიან. მედლები 9 სახეობაში გათამაშდება - სამთო თხილამურობა, ბიატლონი, ჰოკეი, სნოუბორდი, ბარის თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა, შორტ-ტრეკი, ფიგურული ციგურაობა და ჩრდილოური ორჭიდი.