საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი თითო ოქრო-ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

25 აპრილი 2021

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავის ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა.

საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა 63, 72, 82 და130 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

ქართველ „კლასიკოსთაგან" პირველ წარმატებას ლერი აბულაძემ (63 კგ) მიაღწია. მომავალი პრიზიორი მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან შეუდგა. დაამარცხა თურქი და გერმანელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნახევარფინალში წააგო მომავალ ჩემპიონ, რუსეთის წარმომადგენელ ჟამბოლატ ლოკიაევთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა. აბულაძემ მედლის მოპოვების ბოლო შანსი გამოიყენა - გადამწყვეტ შეხვედრაში რუმინელი მიჰაი რადუ მიჰუტი 9-1 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზეც ავიდა.

უფრო შორს წავიდა მძიმეწონოსანი   მომავალი მედალოსანი იოლად გაუმკლავდა ჩეხ მოწინააღმდეგეს, მეოთხედფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე რევაზ გედეხაურს 3-1 მოუგო. ნახევარფინალში ასევე იოლად აჯობა ლიტველ ფალავანსაც, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, თურქ რიზა კაიალპთან 1-3 წააგო და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქმე ოქროს მედლამდეც მივიდა. შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) ვარშავის ხალიჩაზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა, იქამდე კი ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა. მომავალი ჩემპიონი მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას. ჯერ შვედი, შემდეგ რუსი და უნგრელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ მალხაზ ამოიანს დაუპირისპირდა და 4-1 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა 82 კილოგრამ წონითი კატეგორიაც. აივენგო რიკაძემ „ბრინჯაოს ფინალში" სომეხი კარაპეტ ჩალიანის 3-2 დამარცხებით საქართველოს მონაგარი ოთხამდე გაზარდა.