უსაფრთხოების წესები ტოკიო-2020-ის მონაწილეებისთვის

29 აპრილი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი (IPC) მხარს უჭერენ ტოკიოს თამაშების მონაწილეთა ვაქცინაციას, ამავე დროს აღნიშნავენ, რომ კორონავირუსზე აცრა COVID-19-ის უსაფრთხოების წესების დაცვისგან  არავის ათავისუფლებს.

IOC და IPC ეროვნულ ოლიმპიურ და პარალიმპურ კომიტეტებთან მუშაობენ, რათა იაპონიაში გამგზავრებამდე ტოკიოს თამაშებში მონაწილე ათლეტებს, ოფიციალურ პირებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს თავიანთი ქვეყნების იმუნიზაციის ეროვნული პრინციპების შესაბამისად აცრაში დაეხმარონ," - ნათქვამია უსაფრთხოების წესების ახალ ოფიციალურ კრებულში.

აქვე აღნიშნულია, რომ თამაშებში მონაწილეობისთვის ვაქცინაცია აუცილებელი არ არის, აცრა კი საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვისგან არავის ათავისუფლებს. კრებულში ვრცლად არის აღწერილი ქცევის წესების თითოეული დეტალი. მაგალითდ, რეკომენდებულია, რომ სპორტსმენებმა პირბადე მუდმივად ატარონ, გარდა ვარჯიშისას, კვებისას, ძილის და ინტერვიუს მიცემის დროს. დაჯილდოების ცერემონიისას სპორტსმენებს და ცერემონიის სხვა მონაწილეებს ასევე უნდა ეკეთოთ პირბადე. სასადილო ზონის სტუმრებმა საკვების მიღების დრო უნდა შეამცირონ, მენიუს შერჩევა კი სმარტფონის საგანგებო აპლიკაციით წინასწარ იქნება შესაძლებელი. სასადილოში დასაჯდომი ადგილები შემცირდება: ექვსადგილიანი მაგიდის ნაცვლად იქნება ოთხადგილიანი. გაიზრდება გასატანი საჭმლის მენიუს არჩევანი. მათ, ვინც კონკრეტულ დღეს არ ასპარეზობს, კვებისთვის შედარებით ნაკლებ გადატვირთულ დროს შესთავაზებენ.  მაქსიმალურად იზღუდება ვიზიტები ოლიმპიურ სოფელში იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სოფლის გარეთ იცხოვრებს.