COVID-19-ზე ტოკიო-2020-ის მონაწილეთა ტესტირების სიხშირე განისაზღვრა

29 აპრილი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარალიმპური კომიტეტის (IPC), ტოკიოს ადმინისტრაციის, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის და ქვეყნის მთავრობის ერთობლივი განცხადების თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ყველა მონაწილემ იაპონიაში გამგზავრებამდე კორონავირუსზე ორი ტესტი უნდა ჩაიტაროს, ჩაფრენისას კი პირველი სამი დღის განმავლობაში ყოველდღიური ტესტირება გაიაროს.

„ყველა მონაწილე ვალდებულია იაპონიაში გამგზავრებამდე COVID-19-ზე ტესტირება გაიაროს. ათლეტებმა და იმ პირებმა, ვინც მათთან ახლო კონტაქტში არიან, უსიმპტომო შემთხვევების არსებობის მინიმუმამდე დასაყვანად, ტესტირება ყოველდღიურად უნდა გაიარონ. ყველა სხვა დანარჩენი მონაწილე ჩასვლისთანავე ტესტირებებს გაივლის ყოველდღიურად, პირველი სამი დღის განმავლობაში," - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე ცნობილია, რომ თამაშების მონაწილეებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და საგანგებოდ მათთვის შერჩეული ადგილების გარდა, საკვების სხვაგან მიღება.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაბამისი წესების დაცვა ათლეტების, თამაშების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების, მაყურებელების, ასევე ასპარეზობის მიმღები  ტოკიოს და იაპონიის სხვა ქალაქების მაცხოვრებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველა მხარე კვლავაც თამაშების ჩატარების ერთგული ვართ, რომელიც უსაფრთხო იქნება ყველა მონაწილისთვის და იაპონიის მოქალაქეებისთვის," - ხაზგასმულია განცხადებაში.