ნიკოლოზ ბასილაშვილმა BMW-ის ღია პირველობა მოიგო

02 მაისი 2021

საქართველოს პირველმა ჩოგანმა  ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონის მეორე და კარიერის მეხუთე ტურნირი მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მიუნხენის თიხნარ კორტებზე BMW-ის ღია პირველობა მოიგო, ამასთან ისე, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ერთი სეტიც არ წაუგია.

ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო (6:2; 6:3) დაამარცხა, მეორეში კი კოლუმბიელ დანიელ ელაჰ გალანს (6:4; 6:2) მოუგო. მომავალი გამარჯვებული მეოთხედფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსს 6:4; 6:4 გაუმკლავდა, ნახევარფინალში კი ნორვეგიელი კასპერ რუსი იოლად დაამარცხა - 6:1; 6:2.

ბასილაშვილს ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან მოუწია შეხვედრა, რომელიც ასევე ორ სეტს გაგრძელდა და ქართველის გამარჯვებით 6:4; 7:6(7:5) დასრულდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა და თითქმის გარანტირებული აქვს ტოკიო-2020-ის საგზური.