ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრან სლემი მოიგო

05 მაისი 2021

ყაზანის გრან სლემს, სადაც მნიშვნელოვანი ოლიმპიური სარეიტინგო ქულები თამაშდება, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ათკაციანი გუნდით ეწვია, მათ შორის ერთი -ქალთა ნაკრების წარმომადგენელია.

ტურნირის პირველ დღეს გათამაშებული ქალთა და კაცთა მედლების ხუთი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა უმსუბუქესი - 60 კილოგრამი  წონითი კატეგორია  - ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპული თამაშების ოქროს მედალოსანმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჩხვიმიანმა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაო ხანი გაუცდა,  პირველივე ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მომავალი ჩემპიონი ასპარეზში პირველი წრიდან ჩაება: დაამარცხა კამერუნელი, პორტუგალიელი, ჩეხი მოწინააღმდეგეები, ნახევარფინალში ოქროს ქულით მოუგო რუსეთის წარმომადგენელ რამაზან აბდულაევს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ასევე რუსეთის სახელით მოასპარეზე, მისთვის უხერხული მეტოქე რობერტ მშვიდობაძე „ოქროს ქულაზე " შებოჭა და გამარჯვება მოიპოვა.