საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანის გრან სლემი მეორე ადგილით დაასრულა

07 მაისი 2021

ყაზანის გრან სლემის მესამე და დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ბრინჯაოს მედლით გაიზარდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა ლუკა მაისურაძემ. მომავალი მედალოსანი ასპარეზობას პირველი წრიდან შეუდგა. დაამარცხა სენეგალელი, შვედი, გერმანელი, ისრაელელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნახევარფინალში „ოქროს ქულით" დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ სანშირო მურაოსთან და ბრინჯაოს მედალზე გადაერთო. ევროპული თამაშების, ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანმა მაისურაძემ მედლის მოპოვების შანსი ფრანგ აქსელ კლერგესთან გამოიყენა - ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.

გრან სლემის პირველ დღეს ოქროს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), მეორე დღეს კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ).

საქართველოს ნაკრებმა კაცთა გუნდურ ჩათვლაში ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.